ბოლო ინფორმაციით, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერი, 48 წლის კით პალმერია, რომელსაც დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს, როდესაც ოფიცერმა მას პარლამენტში შეღწევის უფლება არ მისცა.
დაჭრილი პოლიციელს პირველადი დახმარება ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ,50 წლის დეპუტატმა ტობიას ელვუდმა გაუწია, რომლის ძმაც, 2002 წელს, ბალიზე მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა.
დასავლური მედია ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ცდილობს დეპუტატი პოლიციელის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ. დაჭრილი პოლიციელი, ვესტმინისტერის ეზოში გარდაიცვალა.
ტობიას ელვუდი ყოფილი სამხედროა, რომელიც ქუვეითში მსახურობდა. 2002 წელს მისი ძმა, ბალიზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მაშინ 202 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ბრიტანელი იყო.
ტობიას ძმა მასწავლებელი იყო, რომელიც ბალიზე კონფერენციაზე ჩავიდა.
სოციალურ ქსელებში დეპუტატის საქციელს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მას უკვე უწოდეს "გმირი, რომელიც სიკვდილს ბოლო წამამდე ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, უკვე მეორედ დამარცხდა."





გარდაცვლილი ოფიცერი:

შეგახსენებთ, გუშინ, ლონდონში ორი თავდასხმა მოხდა. ვესტმინისტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსმხელი კი პოლიციელებმა მოკლეს.
"სკოტლანდ ეარდი" ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს, ვიდრე სხვა დეტალები არ გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






