შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვახტანგ ლაშქარაძის ინფორმაციით, ბრაზილიიდან შემოსულ ყველა ხორცპროდუქტზე სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება და ეს პროდუქტები ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის.
"ჩვენ სპეციალური კონტროლი შემოვიღეთ. ბრაზილიიდან მიღებული ხორცი საზღვარზე შემოწმდება 100%-ით. ყველა მიღებული ხორცპროდუქტი გაივლის ლაბორატორიულ კვლევას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს რეჟიმი შენარჩუნდება", - განაცხადა "ეკონომეტრთან" საუბრისას ვახტანგ ლაშქარაძემ.
მისივე თქმით, აქამდე ასეთი ტიპის საქონლის შემოტანისათვის სავალდებულო იყო ვეტერინარული ჯანმრთელობის სერტიფიკატი. ხოლო, საზღვარზე პროდუქტის მხოლოდ 20% მოწმდებოდა.
"რაც შეეხება ბრაზილიას, ასეთი სახის პროდუქტის შემოტანა ხდება მხოლოდ იმ საწარმოებიდან, რომელსაც აქვთ აუცილებელი პირობა და აღიარბულნი არიან ევროკომისიის მიერ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას 20% არის ჩვენს მეირ ლაბორატორიულად შემოწმებული საზღვარზე, 50 შემოწმებიდან 2 შემთხვევაში დაფიქსირდა ე.წ. სალმონელას არსებობა ხორცში. ეს საკმაოდ ცოტა პროცენტია. ეს დიდი ალბათობით მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურება მოხდა ტრანსპორტირებიდან გამომდინარე", - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






