მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი არ წყვეტს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის დადანაშაულებას ფარულ მოსმენებში, ბარაკ ობამა უბრალოდ ისვენებს, თანაც ძალიან მრავალფეროვნად.
როგორც CNN წერს, ის მზიან კალიფორნიაში გოლფის თამაშით ერთობა, ხოლო კარიბის კერძო კუნძულებზე მილიარდერ რიჩარდ ბრენსონთან ერთად სერფინგით ატარებს დროს. რამდენიმე დღით ნიუ იორკში დაბრუნებულმა ობამამ კი U2-ს სოლისტ ბონოსთან ერთად ისადილა.
გასულ კვირას, ის ამერიკელ ბიზნესმენ უორენ ბაფეტს ლანჩზე შეხვდა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაფრინდა, იქიდან კი ჰავაიზე. დღეს კი, ობამა სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის შუაგულში კუნძულ ტეტიაროაზე ისვენებს.
CNN-ის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ობამა აღნიშნულ კუნძულზე ერთი თვით დარჩენას აპირებს, რომელიც ტაიტის ჩრდილოეთით მდებარეობს და სადაც მხოლოდ ერთი მდიდრული სასტუმროა - „The Brando“, აღნიშნული სახელი სასტუმროს კუნძულის მფლობელის გამო ჰქვია. ეს კუნძული ერთ დროს მარლონ ბრანდოს ეკუთვნოდა.
ეკო-სასტუმროს ვებგვერდის თანახმად, მას ერთ, ორი და სამოთახიანი ვილები აქვს. ეს ადგილი ცნობილი ადამიანების, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიოს საყვარელი დასასვენებელია. სასტუმროში ერთი ღამის ფასი 2 ათასი დოლარიდან იწყება და ოთახსა და დაჯავშნის თარიღზეა დამოკიდებულია.
როგორც ობამას ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი ახლა ამერიკის რიგითი მოქალაქეა, ამიტომაც მისი გადაადგილების მარშრუტებიც პირადი საიდუმლოებაა.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ობამები ვაშინგტონში, 5.3 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობენ და იქ 2019 წლამდე დარჩებიან, ვიდრე უმცროსი ქალიშვილი საშა სკოლას არ დაამთავრებს.
ამავდროულად, ობამები მემუარებს წერენ. Penguin Random House-მა ობამების წიგნის გამოცემის უფლება 60 მილიონ დოლარად იყიდა.
მასალის გამოყენების პირობები






