"ერთი წლის წინათ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ სასამართლოს წინაშე ვიდგებოდი, როგორც ბრალდებული და თავის მართლება მომიწევდა არჩადენილი დანაშაულის გამო. ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე საუბარია, როცა საზოგადოება ორადაა გახლეჩილი შენთან მიმართებაში.
ერთი მხარე მზადაა, ჩაგქოლოს, გაგანადგუროს... სხვები გამშვიდებენ, განუგეშებენ და სჯერათ, რომ სიმართლე იზეიმებს. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არავისგან არაფრით გამოვირჩევი, უბრალოდ, ცხოვრებამ წლების წინ არჩევანის წინაშე დამაყენა - მეცხოვრა კაცის სახელით ან დავმსგავსებოდი მათ, ვინც ადამიანად ყოფნა შემაძულა. იმ სისტემაში მომიწია ჯვრის ზიდვა, სადაც ყველა მანკიერება ბოლომდეა გაშიშვლებული. მრავლისმნახველს მაინც მაოგნებდა სასტიკი კადრები, რომლის მოწმეც ვხდებოდი.
ახლა მეკითხებიან რატომ არ გავერიდე იმ ჯოჯოხეთს,რატომ არ დავანებე სამსახურს თავი.
ასეთ შემთხვევაში ჩემი ოჯახი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდა, თუმცა, ეს მეორე-მესამეხარისხოვანი იყო. დავრჩი, რადგან ვერ შევძელი, საცოდავი პატიმრები, რომლებიც სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, ურჩხულისათვის ხახაში შემეტოვებინა. ვიცოდი, რა სისტემასაც ვეჭიდებოდი შიშველი ხელებით.
გამარჯვების მხოლოდ მიზერული შანსი არსებობდა, მაგრამ მწამდა ღმერთი არ მიმატოვებდა. ადამიანები როგორმე უნდა გადამერჩინა.
ახლა იმასაც მეკითხებიან, ცოლ-შვილი როგორ გაიმეტეო? ოჯახი მიყვარს, მაგრამ ფაქტია, ცოლ-შვილი გავწირე. სინდისმა არჩევანის წინაშე დამაყენა. ჩემს წინ კვდებოდა ქართველი ადამიანი. უნდა მომენახა გზა, რომელიც მიძინებულ, შიშსდამონებულ ერს გამოაფხიზლებდა. დანარჩენი ისედაც იცით.
ხშირად მიფიქრია მიმენებებინა თავი სამსახურისთვის, რასაც ღმერთი მომცემდა, იმით გამეტანა თავი, ოღონდ ის შემაძრწუნებელი ხმები და კაცის ტირილი არ მომესმინა. დიახ, ყველაზე საშინელი კაცის ტირილია, რომელსაც ხელებშეკრულს დასცინიან, აფურთხებენ და ღირსებას ულახავენ.
იქ, სადაც პატიმრებს გალიაში დამწყვდეული მხეცებივით ექცევიან, აწამებენ და აშიმშილებენ, ერთი ღერი სიგარეტის მიწოდებაც კი სასწაულის ტოლფასი იყო. ხშირად ადამის მოდგმა შემძულებია იმ უსაზღვრო სისასტიკის გამო, რომელსაც საპყრობილეში ჰქონდა ადგილი.
პატიებას ვითხოვ მათი სულების წინაშე, ვინც ცოცხალმა ვერ გამოაღწია ჯურღმულიდან, ვისაც ვერ მივეშველე. მე ხომ ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი ადამიანთა უბედურების შემყურე. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ისინი უნდა გადამერჩინა! თუ არა და, მთელი საქართველო საპყრობილეს დაემსგავსებოდა. ამიტომ დავაყენე ოჯახზე წინ სამშობლო!
არ მინდოდა ჩემი შვილები ისეთ საზოგადოებაში გაზრდილიყვნენ, სადაც მხოლოდ არსებობისთვის ბრძოლა იქნებოდა სიცოცხლე, სადაც ბეზღებისა და გაუტანლობის მეჯლისი იქნებოდა. ოჯახი რომ მიყვარდა, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომელიც ერთი შეხედვით, სიგიჟეს ჰგავდა.
სადაური გმირი მე ვარ! ის გავაკეთე რასაც ჩემს ადგილზე ნებისმიერი მამულიშვილი მოიმოქმედებდა. ჯერ სამშობლო და მერე დანარჩენი! ასე მოგვდგამს წინაპართაგან!
ბელგიაში წასულს მეუღლე თვეობით ხმას არ მცემდა. ბოლომდე ვერ მპატიობდა იმას, რომ შვილებიც გავიმეტე. ახლა საუბარი ადვილია, მაგრამ ურჩხულს რომ ვერ მოვრეოდით, მაშინ რა გველოდა? ჯანდაბას ჩემი თავი... მაგრამ ჩემი შვილები? ნუთუ რეჟიმს ჩემი დასჯა მათზე შურისძიებით გაუჭირდებოდა?! ღამეები დამთენებია ამაზე ფიქრით. ზოგჯერ თუ სალი კლდესავით ვიყავი, ხშირად ადამინური სისუსტეებიც ამიტანდა და მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი ბავშვებს.
და, აი, დღეს მე ქართველი საზოგადოების წინაშე ვდგავარ - ლადო ბედუკაძე.
იმის ნაცვლად, რომ ციხის ჯალათები დაიჭირონ, მე მასამართლებენ! ამის მიუხედავად, მაინც მჯერა მართლმსაჯულების!
ძირს გართხმულა ურჩხული, რომელსაც ჩვენი ფიზიკურად და მორალურად განადგურება სურდა. თამამად ვამბობ: ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს, კაცურად გეუბნებით - იმავეს გავაკეთებდი! ისე ცხოვრებას ვერ შევძლებდი, ჩემი უმოქმედობის გამო სადმე შემრცხვებოდა.
ბოროტება უნდა დაისაჯოს! ცოცხების პარტია ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს!
არც ისე დიდი დრო გავიდა მას აქეთ, რაც საქართველო დავტოვე. მივდიოდი და არ ვიცოდი, თუ ოდესმე მეღირსებოდა დაბრუნება. ჩემი შვილების განცვიფრებული თვალები მიმაცილებდნენ. ამის გახსენებაზე ბევრჯერ მალულად, საკუთარ თვალთაგან ამომიწმენდია ცრემლი უცხო ქვეყანაში. იყო მომენტი... მარტოდმარტო ვიყავი, ღვთის ამარა.
ჯალათს მეძახდნენ. ტალახს მესროდნენ. რწმენა არ მაძლევდა დანებების უფლებას. ღმეთმა თანამდგომად მომივლინა ისეთი ადამიანები, რომელთაც ეჭვიც არ შეპარვიათ ჩემს სიმართლეში. ისინი არ მაძლევდნენ უფლებას, ბედს დავნებებოდი! თუნდაც დღეს ბორკილები დამადონ და საკანში გამამწესონ, ურჩხული დამარცხდა! ბედნიერი ვარ ამის გამო და დაუმსახურებელ სასჯელსაც უდრტვინველად მოვიხდი. მე კი მოვიხდი, მაგრამ ... ხალხო, პატიმრების მწამებლები თქვენს გვერდით ცხოვრობენ და მათ ყოველდღე ესალმებით! მე ჩემი გავაკეთე, შეიძლება ციხეშიც ჩავჯდე, მაგრამ ისინი დაუსჯელები არიან!
9 წლის განმავლობაში მთელი საქართველო ერთი დიდი საპყრობილე იყო და ჩემი პატიმრობით ვერავის გავაკვირვებ. სამაგიეროდ შემიძლია შვილებს ამაყად გავუსწორო თვალი, რადგან ჩემი წილი ერთი აგური ჩავდე სამშობლოს მაღალ კედელში.
მავანნი დღემდე გაიძახიან, რომ რისკზე ფულის სანაცვლოდ წავედი... მათ ვეკითხები: რამდენი უნდა მოეცათ, რომ საკუთარი შევილები გამემეტებინა?
სამშობლოა ერთადერთი, ვის წინაშეც სამსხვერპლოზე ყველაფრის მიტანა გვასწავლეს ჩვენმა წინაპრებმა. მჯერა, ჩემი შვილებიც იმავეს იზამენ, მამულს თუ დასჭირდება. ღვთის შემწეობით ადამიანად დარჩენა შევძელი იქ, სადაც ადამიანი ღირსების გამო სძულდათ. უფალი არც მაშინ დამტოვებს, თუ ჩემი ქვეყნის სიყავრულისთვის სასჯელს მომისჯიან!
ახლა ამაყი ვარ. ურჩხული, სახელად "ნაციონალური მოძრაობა" - განეიტრალებულია. ამ საშვილიშვილო საქმეში ჩემი პატარა წვლილიცაა.
მე ჩემი წილი კაცური, ადამიანური ვალი უანგაროდ მოვიხადე და მივხვდი - ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულია! მას ვერავინ წაგართმევს, ვერავინ მოერევა...
გმადლობთ, რომ მომისმინეთ!"
მასალის გამოყენების პირობები






