გაზეთ "რეზონანსის" 2013 წლის 18 მაისის ნომერში გამოქვეყნდა სააგენტო "ინტრეპრესნიუსის" მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ.
მოვიყვან ვრცელ ციტატას ამ ინტერვიუდან: "კონფლიქტების დარეგულირების კუთხით, ჩემი აზრით, "კოსოვოს მოდელი", შესაძლოა, დღესაც აქტუალური იყოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს ამ მოდელის რამდენიმე ასპექტი: 1. კოსოვოში განხორციელდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია ნატო-ს ეგიდით, რომელშიც მრავალმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა; 2. კოსოვოში დაბრუნდა ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი; 3. კოსოვო თითქმის 10 წლის განმავლობაში იმართებოდა საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ გაერო-ს მანდატით; 4. წლების განმავლობაში საერთშორისო ორგანიზაციები აწარმოებდნენ ამ რეგიონში სხვადასხვა სახის მონიტორინგს; 5. გარდა ამისა, ომის შედეგების დასაძლევად და ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად უამრავი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რამაც ცნობილი შედეგები გამოიღო. არავითარი ამის მსგავსი არც აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში არ მომხდარა. სწორედ ამიტომაც მოგახსენეთ, რომ თუკი ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში გადაიდგმებოდა ანალოგიური ნაბიჯები, ამ მხრივ "კოსოვოს მოდელი", ალბათ, სრულიად მისაღები იქნებოდა. რატომაც არა, ამის შემდეგ ჩატარდეს რეფერენდუმი და უკვე ხალხმა გადაწყვიტოს, როგორ სახელმწიფოში სურს ცხოვრება."
იმთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ ზურაბ აბაშიძეს პატივს ვცემ, როგორც გამოცდილ პროფესიონალს დიპლომატიის სფეროში. ამასთან, მესმის, რომ ინტერვიუ ჩაწერილია პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას, და, ამდენად, სპეციალურ წარმომადგენელს მოუწია პრემიერ-მინისტრის განცხადების განმარტება-კორექტირება. ამიტომ ამ წერილის მიზანია არა ზურაბ აბაშიძის პოზიციის კრიტიკა, არამედ იმ ძალიან სერიოზულ საფრთხეებზე მითითება, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში "კოსოვოს მოდელზე" საუბარს, მით უმეტეს, გაუაზრებელს, შეიძლება მოჰყვეს. წინამდებარე სტატია მხოლოდ დასაწყისია წერილების იმ სერიისა, რომლის გამოქვეყნებას ამ თემაზე ვაპირებ.
ჯერ ვთქვათ, რა ფუნდამენტური განსხვავებაა კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის: კოსოვოში, რომელშიც სრულად ვრცელდებოდა სერბეთის სუვერენიტეტი, 1999 წლის მარტში, გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზების გარეშე, განხორციელდა საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ნატო-ს ეგიდით (რასაც მართებულად აღნიშნავს ბატონი ზურაბ აბაშიძე), რომლის მიზანი იყო კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდის შეჩერება. ეთნიკური წმენდის განხორციელებაში კი ბრალი დაედო სერბეთის ცენტრალურ ხელისუფლებას (ოფიციალურ ბელგრადს). შესაბამისად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლ კოსოვოელ ალბანელებს საერთაშორისო ჩარევამ გზა გაუხსნა თვითგამორკვევისაკენ, რის შესაძლებლობას ცნობს ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მარტივად რომ ვთქვათ, მორალი და სამართლიანობა ამ შემთხვევაში კოსოვოელი ალბანელების მხარეს იყო, ხოლო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შესაძლებლობის დაშვება მიჩნეულ იქნა, როგორც ეთნიკური წმენდის შეჩერებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის საშუალება.
სრულიად საპირისპირო რამ მოხდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ეთნიკური წმენდა განახორციელა რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმებმა სოხუმსა და ცხინვალში და არა იმ ცენტრალურმა ხელისუფლებამ (ოფიციალურმა თბილისმა), რომლის სუვერენიტეტი დღემდე ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მორალი და სამართლიანობა ამ შემთხვევაში ეთნიკური წმენდის მსხვერპლ ეთნიკური ქართველების (თუმცა იქ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც მოყვნენ ამ წმენდაში) და ცენტრალური ხელისუფლების - ოფიციალური თბილისის მხარესაა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" იმიტომ, რომ ეს დააკანონებდა ეთნიკურ წმენდას, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის საშუალებას. ბატონი ზურაბ აბაშიძე მართალია იმაში, რომ იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების გარეშე საუბარი ყოველგვარ თვითგამორკვევაზე სამართლებრივი ნონსენსია.
ვიდრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" არაღიარების ჩვენეული პოლიტიკისთვის "კოსოვოს მოდელზე" საუბრით გამოწვეულ საფრთხეებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია, თვალი გადავავლოთ მოვლენათა ჯაჭვს, რომელმაც მდგომარეობა 2008 წლის 17 თებერვლამდე - კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე - მიიყვანა.
სერბეთში ნატო-ს სამხედრო კამპანიას მოჰყვა კოსოვოდან სერბეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და იქ ნატო-ს სამხედრო კონტიგენტის, KFOღ-ის ჩაყენება. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244 მხოლოდ ამის შემდეგ, 1999 წლის ივნისში იქნა მიღებული. ამ დოკუმენტზე მითითება მუდმივად მოგვიწევს, აქ კი მის რამდენიმე ძირითად პარამეტრს აღვნიშნავ: რეზოლუციამ დააკანონა კოსოვოში KFOღ-ის არსებობა და დააფუძნა გაეროს დროებითი ადმინისტრაცია UNMIK, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა დაეფუძნებინა და ზედამხედველობა გაეწია კოსოვოს თვითმმართველობის დემოკრატიულად შექმნილი გარდამავალი ინსტიტუტებისათვის. ბელგრადსა და პრიშტინას შორის კონფლიქტის საბოლოო მოგვარება, რეზოლუციის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო 1999 წლის თებერვალში საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში ექვსი სახელმწიფოსგან (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუსეთის ფედერაცია) შემდგარი საკონტაქტო ჯგუფის მიერ მხარეებისათვის შეთავაზებული შეთანხმების (ხელი მოაწერა პრიშტინამ, უარი თქვა ბელგრადმა) პირობების მიხედვით.
რამბუიეს შეთანხმების პირობები ითვალისწინებდა 1999 წლიდან სამი წლის შემდეგ საერთაშორისო შეხვედრის ორგანიზებას, რომელზეც უნდა განსაზღვრულიყო კოსოვოს საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მექანიზმი იმის საფუძველზე, როგორი იქნებოდა ხალხის ნება, როგორი იქნებოდა შესაბამისი ხელისუფლებების პოზიცია და რამდენად კეთილსინდისიერად მიუდგებოდა კონფლიქტის თითოეული მხარე რამბუიეს შეთანხმების პირობების შესრულებას. ამავე ჩამონათვალში მითითებულია ჰელსინკის საბოლოო აქტი, რაც ჩვენი მომდევნო ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტში საუბარია თვითგამორკვევის უფლებაზე.
1244 რეზოლუცია ითვლება კოსოვოზე სერბეთის სუვერენიტეტის შეზღუდვისა და კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობის გაჩენის საწყის წერტილად [მთელი ამ წლების განმავლობაში კოსოვოს საკითხში რუსეთის ფედერაციის ქცევაზე ცალკე წერილია დასაწერი. აქ უბრალოდ ვიტყვი, რომ 1244 რეზოლუციის მიღებამდე ნატო-ს სამხედრო კამპანიის დაწყებით დასავლეთმა ფაქტის წინაშე დააყენა მოსკოვი.]. ამ რეზოლუციით კოსოვოზე სუვერენიტეტი "გადაიბარა" UNMIK-მა, ხოლო ამ უკანასკნელმა ნელ-ნელა დაიწყო თავად კოსოვოს ადგილობრივ მმართველობაზე ამის გადაცემა. მაგალითად, 2001 წელს UNMIK-მა განსაზღვრა კონსტიტუციური ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი გახდა კოსოვოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პრეზიდენტის დანიშვნა და გარდამავალი მთავრობის ფორმირება. ამ ჩარჩოთი ხაზი გაივლო, რა კომპეტენციები რჩებოდა UNMIK-ის ხელთ და რა გადადიოდა გარდამავალი მთავრობის ხელში. ასევე, 2004 წლის ნოემბერში UNMIK-მა გარდამავალ მთავრობას დამატებით სამი სამინისტრო "გადაულოცა".
ოფიციალური თბილისი შეიძლება შევიდეს მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (უსაფრთხოების სერიოზული კომპონენტით) დაშვების თაობაზე, მაგრამ ნებისმიერი მანდატი, რომელიც ისეთსავე ბზარს გააჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტში, როგორც ეს სერბეთის შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-მა რეზოლუციამ გააჩინა, გარდაუვლად იქნება გამოყენებული რუსეთის მიერ საქართველოს შეუქცევადი დეზინტეგრაციისათვის. თუ გავიხსენებთ მოსკოვის განცხადებას 2008 წლის ომის პირველ დღეებში, იგი აგებული იყო იმავე ლოგიკაზე, რაც დასავლეთმა გამოიყენა 1999 წლის მარტში ნატო-ს სამხედრო კამპანიის დასაწყებად.
კერძოდ, მოსკოვი აცხადებდა, რომ მისი ინტერვენცია მიზნად ისახავდა: 1. შეეჩერებინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აგრესია ცხინვალის რეგიონის ეთნიკურად ოსური მოსახლეობის წინააღმდეგ და აღეკვეთა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხინვალის რეგიონში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, გენოციდი და ომის დანაშაულებები; 2. დაეცვა საომარ მოქმედებათა არეალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, და 3. დაეცვა 1992 წლის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი.
[მოსკოვის ამ პოზიციის უსაფუძვლობას კარგად განმარტავს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პირველი პრეზიდენტი და მოგვიანებით დარფურის საკითხზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ანტონიო კასეზე სტატიაში "მგელი, რომელმაც შეჭამა საქართველო". ამავე საკითხზე იხილეთ პროფესორ ლევან ალექსიძის განმარტებები ჭეეკენდ-ის 19 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ინეტრვიუში "ტალიავინის მოხსენება ჩვენთვის საშიში არ არის" - ჰტტპ://24საატი.გე/ინდეხ.პჰპ/ცატეგორყ/ნეწს/ინტერვიეწ/2013-04-21/37394.ჰტმლ ]
მოსკოვის მაშინდელი განცხადებისა და საქართველოს მიმართ მის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგი, კრემლის იმედით, უნდა ყოფილიყო გაეროს უშიშროების საბჭოს იმგვარი რეზოლუცია, რაც 1999 წელს იქნა მიღებული კოსოვოს კონფლიქტთან მიმართებაში. საბედნიეროდ, კრემლის იმედები არ გამართლდა.
აქვე მკითხველის ყურადღება მინდა მივაქციო კიდევ ერთ დეტალს. კერძოდ, 1244 რეზოლუციით შექმნილმა UNMIK-მა და მის მიერ განსაზღვრულმა კონსტიტუციურმა ჩარჩომ ლეგიტიმაცია მიანიჭა კოსოვოში ჩატარებულ ყველა მომდევნო არჩევნებს და იქ შექმნილ მმართველობის სტრუქტურებს. ქართული დიპლომატიის ერთი ფუნდამენტურად აუცილებელი ხაზი მუდმივად უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი "არჩევნების" საერთაშორისო საზოგადოების არალეგიტიმურად შეფასება როგორც თავად ჩატარების, ისე მისი შედეგების თვალსაზრისით [სტრასბურგში ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, აფხაზეთსა და ცხივნალის რეგიონში ჩატარებული ნებისმიერი ასეთი ფარსის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ან კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების მიღება].
ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების რამენაირი ლეგიტიმაცია მიგვიყვანს ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებებში მათი, როგორც მხარეებად დაფიქსირების მოთხოვნასთან (ამას ისინი დღესაც ითხოვენ, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ კონფლიქტს ჰყავს ორი მხარე - რუსეთის ფედერაცია და საქართველო). თუ მათ ეს მოთხოვნა გაუვათ რუსეთის განუხრელი ზეწოლისა და საერთშორისო საზოგადოებისაგან საქართველოს მზარდი იზოლაციის პირობებში, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, დღეს ვართ, მაშინ საქართველოს დეზინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მოიმატებს.
კოსოვოელი ალბანელების მუდმივი მოთხოვნის კვალობაზე, რომ განსაზღვრულიყო კოსოვოს საბოლოო სტატუსი, 2006 წლის იანვარში საკონტაქტო ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეიმუშავეს ერთობლივი პოზიცია და აღნიშნეს, რომ კოსოვოს სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული "1999 წლის მოვლენები და ეთნიკური წმენდა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციით შექმნილი საერთაშორისო ადმინისტრირების გახანგრძლივებული პერიოდი". იმავე წლის ზაფხულში, ამ პოზიციის განმარტებისას, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტი აჰტისაარმა განაცხადა, რომ ბელგრადი ვერ გაექცევა პრეზიდენტ მილოშევიჩის მემკვიდრეობას, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კოსოვოს სტატუსის განსაზღვრისას.
თუმცა, ამ წერილში მითითებული საკითხების შესახებ დამატებით მომდევნო წერილში ვისაუბრებ, ამჯერად ერთი განმარტებით დავასრულებ. "პრეზიდენტ მილოშევიჩის მემკვიდრეობაში" იგულისხმება სწორედ 1999 წლის მოვლენები და ეთნიკური წმენდა, რის გამოც მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალის სკამზე აღმოჩნდა. ნებისმიერი განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის ჰააგაში გასამართლების თაობაზე, რომელიც სრული აბსურდია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და საერთაშორისო საზოგადოების თვალში, 2008 წლის ომის დღეებში გაცხადებულ მოსკოვის არგუმენტაციას ამყარებს და ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას, 1244-ს მსგავსი რეზოლუცია დააყენოს გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან მათ საიხლოვეს მომხდარი ნებისმიერი მომდევნო სახედრო პროვოკაციის შემთხვევაში.
მოხდება თუ არა ამგვარი პროვოკაცია, არავინ უწყის, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედება ბოლო დღეების განმავლობაში დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მათ შორის არც საერთშორისო-სამართლებრივ ჭრილში.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






