ინტერნეტში ჩრდილოკორეელი გოგონას საჯარო გამოსვლა აქტუალობას არ კარგავს. 23 წლის გოგონა "One Young World"-ის ფორუმზე სიტყვით 2014 წელს გამოვიდა და ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების წლები გაიხსენა.
მისი ისტორია იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად აუდიტორიაც ატირდა.
"ეს აუცილებლად უნდა შევძლო, რადგან ეს მხოლოდ ჩემი ისტორია არ არის. მე იმ ადამიანების სახელითაც ვსაუბრობ, რომლებსაც უნდათ, თავიანთი სათქმელი მთელ მსოფლიოს გაუზიარონ.
ჩრდილოეთ კორეა დაუჯერებელი ქვეყანაა. იქ მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხია.არ არის ინტერნეტი. ადამიანებს არ აქვთ სიმღერის, აზრის გამოხატვის, ჩაცმის და ფიქრის უფლებაც .
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც არალეგალური საერთაშორისო სატელეფონო ზარის გამო ადამიანებს სიკვდილით სჯის. ჩრდილოეთკორეელები დღეს ტერორის ქვეშ არიან.
ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების წლებში ერთი ისტორიაც კი არ მინახავს ან წამიკითხავს მამაკაცისა და ქალის სიყვარულის შესახებ, არც წიგნში, არც პრესაში,ა რც ფილმში. ჩრდილოეთ კორეაში არ იციან რომეო და ჯულიეტა. ყველა ისტორია არის დიქტატორის პროპაგანდისკენ მიმართული.
მე, 1993 წელს დავიბადე და დაბადებისთანავე ტყვეობაში აღმოვჩნდი. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ "თავისუფლებისა" და "ადამიანის უფლებების" შესახებ რაიმეს გავიგებდი. დღეს ჩრდილოეთკორეელები სასოწარკვეთით დაეძებენ თავისუფლებას და ამის გამო იხოცებიან კიდეც.
როდესაც ცხრა წლის ვიყავი, ვნახე, როგორ დასაჯეს საჯაროდ სიკვდილით ჩემი მეგობრის დედა. მისი დანაშაული? - ჰოლივუდური ფილმის ყურება.
რეჟიმის სიდიადის ეჭვქვეშ დაყენება შესაძლოა, ოჯახის სამი თაობის ციხეში ამოლპობით ან სიკვდილით დასჯით დასრულდეს.
როდესაც 4 წლის ვიყავი, დედაჩემმა გამაფრთხილა, რომ არც კი მეჩურჩულა, რადგან შეიძლება ჩემი ხმა ჩიტებსა და ვირთხებს გაეგოთ. ხაზგასმით ვამბობ: მეგონა, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ჩემი ფიქრების წაკითხვაც კი შეეძლო.
მამაჩემი ჩინეთში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეიდან გავიქეცით. მაშინ 14 წლის ვიყავი. იძულებული ვიყავი, დილის სამ საათზე ჩუმად დამეკრძალა. ტირილიც კი არ შემეძლო, რადგან მეშინოდა, რომ ისევ ჩრდილოეთ კორეაში დამაბრუნებდნენ.
ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემდეგ, ვნახე, როგორ გააუპატიურეს დედაჩემი. მოძალადე ჩინელი ბროკერი იყო. ის ჩემ გამო მსხვერპლი გაიღო. მაშინ 13 წლის ვიყავი . თავიდან ჩემი გაუპატიურება უნდოდა. ჩრდილოეთ კორეაში ასეთი გამონათქვამი გვაქვს: ქალები სუსტები არიან, მაგრამ დედები - ძლიერები. დედაჩემმა მოძალადეს უფლება მისცა, გაეუპატიურებინა, რომ მე გადავრჩენილიყავი.
დაახლოებით 300 000 ჩრდილოეთკორეელი ლტოლვილი ჩინეთში დაუცველად ცხოვრობს. ქალებისა და თინეიჯერი გოგონების 70% ყოველდღიურად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ მათ 200$-ზე ნაკლებად ყიდიან.
ჩვენ გობის უდაბნოს გავლით მივდიოდით. გზას კომპასით ვიკვლევდით. როდესაც კომპასი გაგვიტყდა, ვარსკვლავებს მივყვებოდით თავისუფლებისკენ. ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენ გვერდით.
მონღოლეთი ჩვენი თავისუფლების პირველი მომენტი იყო. სიკვდილი ან ღირსება.თან გვქონდა დანები და მზად ვიყავით, ნებისმიერ დროს მოგვეკლა თავი, თუ ჩრდილოეთ კორეაში დაგვაბრუნებდნენ.
ჩვენ ადამიანებივით ცხოვრება გვინდოდა.
ხალხი ხშირად მეკითხება : როგორ უნდა დავეხმაროთ ჩრდილოეთკორეელებს? - ბევრი გზა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამს გამოვყოფ.
1) მეტი გაიგეთ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანების უფლებებზე არსებული კრიზისის შესახებ და გააგებინეთ სხვებსაც;
2) დაეხმარეთ და მხარი დაუჭირეთ იმ ჩრდილოეთკორეელ ლტოლვილებს, რომლებიც თავისუფლების მოპოვებას ცდილობენ
3) მოსთხოვეთ ჩინეთს, შეწყვიტოს ლტოლვილების უკან გაბრუნება. ჩვენ უნდა შევიტანოთ სინათლე მსოფლიოს ყველაზე ბნელ ადგილას.
ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა, რათა ჩინეთში გამოქცეული ლტოლვილები უკან არ დააბრუნონ. ამაში საკუთარი წვლილის შეტანა "One Young World"-ის ჩინელ დელეგატებსაც შეუძლიათ.
ჩრდილოეთ კორეა ენით აღუწერელი ქვეყანაა. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შევიწროებასა და ჩაგვრას მისი დაბადების ადგილის გამო.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რეჟიმზე ფოკუსირება და უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მივიწყებულები არიან.
როდესაც სიკვდილის შიშით შეპყრობილები გობის უდაბნოს გადმოვდიოდით, ვფიქრობდი, რომ მსოფლიოში არავის ვადარდებდით. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენ გვერდით. თუმცა თქვენ.
მაგრამ თქვენ ისმენთ ჩემ ისტორიას. თქვენ გადარდებდთ ეს ამბავი. დიდი მადლობა."
მასალის გამოყენების პირობები






