როცა ე.წ. საგარეო პროვოკაციაზე ვსაუბრობთ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჭარა თურქეთს ესაზღვრება. თურქეთსა და რუსეთს, ბოლო დროს, კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ აქსიომაა, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ, რასაც საქართველოს და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, აჭარის ისტორიაც მოწმობს, თუმცა ამ ეტაპზე ღრმა წიაღსვლებისგან „ნიუპოსტი“ თავს შეიკავებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სპეცამსახურებს აჭარის რეგიონის მიმართ ცხოველი ინტერესი აქვთ, რაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ იგივე 11 მარტის მიტინგზე მეტ-ნაკლებად პროვოკაციული მოწოდებები გაისმა. მართალია, ამას მასობრივი სახე არ ჰქონია, მაგრამ მიტინგის ზოგიერთ მონაწილე სკანდირებდა, რომ აჭარა აჭარლებისაა, რომ აჭარაში არ შეიძლება, პოლიციის უფროსი არააჭარელი იყოს და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ჩვენ ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს - 90-იანი წლების დასაწყიში საქართველოში ზუსტად ამ პათოსით გაჟღენთილი ლოზუნგები იყო აქტუალური. მერე, დრომ გამოაჩნა, რომ ეს სპეცსამსახურების შემოდგებული თემა იყო, რასაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა მოჰყვა.
ამ სცენარის ამოქმედება აჭარაში, სპეცსამსახურებისთვის ყველა დროს შეუძლებელი აღმოჩნდა და ასეა დღესაც. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს საკითხი ისეთვე სენსიტიური, როგორიც მაგალითად, ეკლესიაში დაწყებული დიდი არეულობა.
ზოგადად, ეკლესიის ამბებისა და ბათუმის მოვლენების შორის კავშირის დანახვაც შესაძლებელია, მაგრამ საუბარი შეიძლება, გაგვიგრძელდეს, ამიტომ, საგარეო პროვოკაციის შემდეგ ყურადღებას „ნიუპოსტი“ ადგილობრივ, ანუ სახელისუფლებო კლანებს შორის დაწყებულ კონფლიქტზე გაამახვილებს.
თემატიკა, რომელიც აქციაზე ტრიალებდა, სახელმწიფოებრივად სახიფათოა - ამბობს ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბათუმის მოვლენების შეფასებისას ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ექსპერტის თქმით, ხშირ შემთხვევაში კლანურ თამაშებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყოლებენ.
,,თავიდან ეს იყო სტიქიური, ამაში დარწმუნებული ვარ, არ მგონია, რომ თავიდან ეს ყოფილიყო პროვოცირებული, მაგრამ შემდეგ ვიღაც შეეცადა, რომ ამ სტიქიური სოციალური მოვლენისთვის მიეცა რაღაც მიმართულება. ეს ალბათ გამოძიების საკითხია, საკმაოდ მძიმე თემაა, ეს უკავშრდება ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენთან ამ კლანურ თამაშებს ხშირად აყოლებენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის თემატიკა, რაც ტრიალებდა ამ მიტინგზე სახელმწიფოებრივად არის სახიფათო. შეთქმულების კონკრეტულ ვერსიაში ვერ შევალ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი და მეტი ინფორმაციაა საჭირო დასკვნების გასაკეთებლად“ - ამბობს ექსპერტი ,,ნიუპოსტთან“.
უკვე ითქვა, რომ ბათუმის 11 მარტის მოვლენები შესაძლოა, პოლიციასა და სუს-ს შორის დაწყებული შიდა დაპირისპირების შედეგი იყოს. მართალია, ხელისუფლების წარმოამდგენლები ამ ვერსიას უარყოფენ, მაგრამ ისინიც კი, ვინც პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, ამბობენ, რომ ერთი მძღოლის დასჯის გამო ქუჩაში უცებ ასობით და ათასობით ადამიანი ვერ გავა, ასეთი მასშტაბის აქციას ორგანიზება სჭირდება, თუმცა ისიც ნათელია, რომ იგივე მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც პოლიციის წინააღმდეგ აქციები ჯერ კიდევ 11 მარტამდე დაიწყო, ხალხის მობილიზებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა, თუ მას, პირდაპირ თუ ირიბად, ზურგს ვინმე არ უმაგრებდა. სხვათა შორის, ეს ღოღობერიძე, რომელიც არაპირდაპირ აქციის ორგანიზატორად გამოცხადდა, სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გონივრულ ეჭვს, რომ ბათუმის მოვლენებს ვიღაც უჩინარის ხელი მართავდა, თუმცა ეს „უჩინარი“ მაინცდამაინც უჩინარი არ უნდა იყოს.
ასეა თუ ისე, 11 მარტის ბათუმის არეულობით ვიღაც ორი კი არა, შეიძლება, სამი კურდღლის დაჭერასაც შეეცადა:
პირველი - აჭარაში თუნდაც მცირედი არეულობა, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთმა შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს და მინიმუმ, ისეთი ვითარება შექმნას, როგორიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს იყო. მოგეხსენებათ, მაშინ აჭარას დანარჩენ საქართველოსთან ჩოლოქის ე.წ. სადემარკაციო ხაზი ყოფდა და ის ადამიანები, ვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტი ჰქონდათ, თავს სწორედ აჭარას აფარებდნენ, გეგონება, ავტონომიური რესპუბლიკა ცალკე სახემწიფო იყო, მაგრამ რეალობა ასეთი გახლდათ: აჭარაში საქართველოს იურისდიქციას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ჰოდა, ვინმე შეიძლება, დღესაც ამ სტატუს-ქვოს აღდგენას ცდილობს და არეულობაც ამ მიზნით აწყობდა.
მეორე - ყველაფერი ხელისუფლების შტოებს შორის, კერძოდ, შს სამინისტრსა და სუს-ს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას ემსახურებოდა. ზოგადად, არეულობა ძალების დასაბალანსებლად კარგი გამოსავალია. საამისოდ კი, ეგზალტირებული ხალხის გამოყენებაც, აპრობირებული მეთოდია.
და მესამე - თავიდანვე გაკეთდა მინიშნებები, რომ 11 მარტის მოვლენებს ორგანიზება ყოფილმა ხელისუფლებამ გაუკეთა. მართალია, თანამდებობის უმაღლეს პირებს „ნაციონალები“ ღიად არ უხსენებიათ, მაგრამ მათ განცხადებებში იგრძნობოდა ასეთი პათოსი, ანუ „ოცნება“ „ნაციონალებისგან“ ისევ მტრის ხატს ქმნის, რომ ამით თავი კომფორტულად იგრძნოს, თორემ თუ არ ეყოლება „ოცნებას“ ე.წ. „გამღიზიანებელი“, მისი ისედაც დაცემული რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. ახლა კი სალაპარაკო მიეცა, რომ აი, „ნაციონალები“ ქვეყანაში არეულობას ცდილობდნენ და ასე შემდეგ.
ამას გარდა, იგივე ყოფილ ხელისუფლებას გაუჩნდა სალაპარაკო, რომ „ოცნება“ უნიათოა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის დაშოშმინება ისე ვერ შეძლო, რომ ვითარება არ გართლებულიყო და ასე შემდეგ...
რაც შეეხება სხვადასხვა ვერსიებს, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გააჩნია, გააჩნია რა მიმართულებას მიიღებდა ეს მოვლენები.
,,ვიწრო უწყებრივი დაპირიპირება, შეიძლება პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა შიდა, სახელისუფლებოს. შესაძლოა პოლიტიკური ოპოზიციაც ცდილობდა, რომ კაპიტალიზაცია მოეხდინა ამ ყველაფრის, თუმცა, ძალიან უცნაური იყო და დიდი სიბრიყვე იქნებოდა ამ სიტუაციაში. უცხოურ სპეცსამსახურებსაც ვერ გამოვრიცხავ, მათ რაღაც მოდელირება მოახდინეს, ტესტირება მოახდინეს, რა სიტუაციაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიციური გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან შეიძლება ჰქონდეს შეხება, ეს უნდა იყოს ერთობლივი გამოძიება პოლიციისა და სპეცსამსახურების“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა ,,ნიუპოსტთან“.
ყველზე ცუდი კი ის არის, რომ პოლიტიკური ელიტა საკუთარი ინტერესების მისაღწევად ხალხის გამოყენებას ცდილობს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ქმედებებით ილახება სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი. ასეთ, დროს კი, როგორც წესი, პასუხისმგებლობა ნაწილდება თითოეულ მოქალაქეზე და მაგრამ, არსებობს მთავარი და ესაა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მისი ადექვატური დამოკიდებულება ნებისმიერი ფაქტის მიმართ, რაც შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყო სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან.
მასალის გამოყენების პირობები






