თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ჰოლანდია "ბანანის რესპუბლიკასავით" იქცევა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, თურქი მინისტრების როტერდამში არშეშვების გამო, ჰოლანდიის მიმართ სანქციები დააწესონ, ევროპის სხვა ქვეყნები კი ისლამოფობიაში დაადანაშაულა.
ერდოღანის თქმით, ევროპამ ნიღაბი ჩამოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე აჩვენა მსოფლიოს მას შემდეგ, რაც გერმანიაში და ნიდერლანდებში თურქ მინისტრებს გამოსვლები აუკრძალა.
ოფიციალური ანკარის განცხადებები უკვე დაგმეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა.
შეგახსენებთ, ჰოლანდია მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას ეხება. ამავდროულად, ჰოლანდიის ხელისუფლებამ, თურქეთის სასაგრეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიტინგზე დასწრებას აპირებდა, როტერდამში არ შეუშვა და მისი თვითმფრინავი უკან გააბრუნა.
როტერდამიდან გაბრუნებული მევლუთ ჩავუშოღლუ სააგიტაციო მიტინგს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაესწრო და ჰოლანდიას „ფაშიზმის დედაქალაქი“ უწოდა.
ჩავუშოღლუს ნოტერდამში არშეშვების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტურ ქმედებებში“ გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა.
„შეგიძლიათ არ შეუშათ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში. თუმცა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს“ - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ჰოლანდიის გარდა, მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






