ზოგადად, როცა სამართლიანობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ, რომ იმ უსამართლობას, რომლის აღდგენის საბაბითაც უზენაესმა სასამართლომ 2 მარტის გადაწყვეტილება გამოიტანა, თავის დროზე მცველად და დუღაბად „წამებული“ ქიბარ ხალვაში ედგა, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქიბარ ხალვაში ქართულ პოლიტიკაში იმ ადამიანმა შემოიყვანა, ვის სახელსაც ჩვენს რეალობაში ძალადობისა და იგივე ტელედაპატიმრებების დამკვიდრება უკავშირდება. დიახ, „წამებული“ ხალვაში შეიძლება დღეს აღარ, მაგრამ თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო და მაშინ იგივე „რუსთავი 2“-ის მფლობელიც მარტო ამ ნიშნით გახდა. ამას გარდა, „რუსთავი 2“-ს ხელისუფლება რუპირად და საკუთარი იდეოლოგიის განსამტკიცებლად ყველაზე მძალვრად სწორედ მაშინ იყენებდა, როცა ხალვაშის მფლობელობაში იყო. ისიც ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირზე ე.წ. „სპორტსმენების აქციის“ დარბევის დროს ამ ტელეკომპანიას „ოცნებისგან“ წამებულად გამოცხადებული ხალვაში განაგებდა და ეს სანახაობას მოწყურებულ მშიერ ხალხს თუ არა, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ. ჰოდა, დღეს რომელ სამართლიანობის აღგენაზეა ლაპარაკი ან რა ლოგიკით ცდილობს ხალვაში, რომ თავი მსხვეროპლად წამრმოაჩინოს? სინდისი მაშინ არ აწუხებდა, როცა სხვის საკუთრებას უკანონოდ დაეპატრონა? თუ ხალვაში გამოვა და თავს იმით იმართლებს, რომ მაშინ იძულებული იყო, „ნაციონალების“ დავალებები შესრულებინა, დღეს რა გარანტია არსებობს, რომ ანალოგიური წარმატებით „ოცნების“ დავალებებსაც არ შეასრულებს? - ეს ლეგიტიმური კითხვებია, თან ისიც გასათვალსიწიენებლია, რომ ადამიანი რომელიც სხვის დაკრულზე ცეკვას და ბრძანებების შესრულებას მიჩვეულია, ხასიათს ვერ შეიცვლის.
დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მონებად იბადებიან!
რაც შეეხება „ოცნებისა“ და „ოცნებაწაღებულთა“ თავის მოკატუნებას, რომ ყველაფერი ორ კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია, დავუშვათ, ასეა, მაგრამ ქიბარ ხალვაშის და, ფატი ხალვაშ 2012 წლიდან დღემდე „ოცნების“ გუნდის წევრია, ანუ რა გამოდის - „ოცნებას“ ხალვაშის და „ჩაუდეს“ და ამის შესახებ არაფერი იცის? დავუშვათ, სახელისუფლო გუნდი ბრმა და ყრუა და ვერ ხვდება, რომ სწორედ ეს დეტალი, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სძენს „რუსთავი 2“-ის საქმეს პოლიტიკურ ელფერს, ან შეიძლება, ხვდება, მაგრამ „მეოცნებეებისთვის“ და, დედა და ძმა ოჯახის წევრები არ არიან, მაგრამ საინტერესოა, ამას როგორ აუხსნიან ცივილურ მსოფლიოს და გავლენიან საერთაშორისო ორგანზიაციებს, რომელთა, მინიმუმ, კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული არათუ ამ ქვეყნის მომავალი, არამედ, თავად „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა?
ახლა, ისე არავინ გაიგოს, რომ დასავლეთი გამოვა და საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ „ნიუპოსტი“ შეეცდება, ყურადღება იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე გაამახვილოს, რაც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას მოჰყვება.
მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ კაციობრიობას, თავისი არსებობის მანძილზე, დემოკრატიაზე უკეთესი მართვის ფორმა ჯერ არ მოუგონია და ისტორიაც მოწმობს, რომ ყველა დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი, ადრე თუ გვიან, ემხობა. შორს რომ არ წავიდეთ, ასე დაემართა საბჭოთა კავშირს, რომელიც ცდილობდა, რომ „დასწეოდა და გაესწრო“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენში დღესაც არის თითო-ოროლა „მორალისტი“, რომელიც კითხულობს, ადრე ბრძანებებს მოსკოვიდან ვიღებდით, ახლა კი ვაშინგტონიდან ვიღებთო, მაგრამ ასეთი განცხადება, სულ მცირე, პოლიტიკური სიბეცეა, რადგან ძალიანაც რომ მოვინდომოთ, საქართველო აშშ-ის კოლონია ვერ გახდება (ძნელი დასაჯერებელია, ამის სურვილი თავად თეთრ სახლსაც ჰქონდეს), მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია და შესაბამისად, საქართველოს ევროატლანტიკური გეზი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საფრთხის ქვეშ დგას. ამ კონტექტსში, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის დაკანონებიდან მეორე დღეს გამოიტანა. „რუსთავი 2“, რასაკვირველია დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების მთავარი ბასტიონი არ არის, მაგრამ ეს ფუნქცია მას თავად ხელისუფლებამ მიანიჭია - ყველას გვახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ქვეყნის სათავეში მოვიდოდნენ, „ოცნების“ სახეები და ლიდერები აკეთებდნენ ღია მინიშნებებს, რომ ეს ტელევიზია უნდა დაიხუროს. შესაბამისად, „რუსთავი 2“ თავისუფალი აზრის სიმბოლოდ იქცა და ახლა სწორედ მასზე გადის წითელი ხაზი, რომელიც ნაწილობრივ გადაკვეთილია და რომლის მთლიანად გადაკვეთის შემთხვევაშიც, ქვეყანა დიდი არეულობაში აღმოჩნდება.
ამას, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, 90-იანი წლებიც ნათელყოფს: იგივე 1991-92 წლების სისხლიანი მოვლენები სწორედ ჟურნალისტების საპროტესტო აქციებით დაიწყო - იმის გამო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელევიზიის („პირველი არხი“) გაკონტროლება მოინდომა, მეოთხე ხელისუფლება ქუჩაში გამოვიდა, რაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ასევე, უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურება კარგად გამოიყენეს და ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო.
„რუსთავი 2“-ის ეზოში კარვები უკვე გაშლილია, ანუ მეოთხე ხელისუფლების პროტესტი ახლაც სახეზეა, თან საგულისხმოა, რომ ამ პროტესტს პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობაც უერთდება. მღელვარება გარდაუვალია და არავინ იცის, ამ ყველაფერს იგივე კრემლი როგორ გამოიყენებს, თან ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტორსაც: როგორც 90-იან წლების დასაწყისში, ახლაც რუსული გავლენები საქართველოში ძლიერია - „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რკინიგზის ე.წ. აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო ამუშავება და ასე შემდეგ. ესე იგი, ერთი პატარა პროვოკაციაა საჭირო, რომ ქუჩაში გამოსულ ხალხს ნერვებმა უმტყუნოს და საბედისწერო შეცდომა კიდევ ერთხელ დაუშვას. პროვოკაციისთის კი ნებისმიერი რამ გამოდგება, მაგალითად, ის, რომ იგივე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება შეიძლება, შეაჩეროს. ასევე, არსებობს შანსი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, როგორც არადემოკრატიულობისკენ მიდრეკილ ქვეყანას, გარკვეული სანქციები დაგვიწესონ და ტრანშები თუ გრანტები შეგვიჩერონ, რაც ჩვენს ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ცნობილია, რომ „ორთქლის გამოშვება“ აგრესიისგან დაცლის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ როცა აღარ იარსებებს ისეთი მძლავრი კრიტიკურლი მედია, როგორიც „რუსთავი 2“-ია, ხალხი ორთქლს ვერსად გამოუშვებს („კავკასია“, „იბერია“ და „ტვ პირველი“, თავიანთი მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ. „იმედსა და „მაესტროს“ კი, როგორც ჩანს, მთლიანად ხელისუფელბა აკონტროლებს. ამასთან, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის შემდეგ შტურმი ინტერნეტ და ბეჭდუმედიაზეც დაიწყება). ჰოდა, განსხვავებული აზრის გამოსახატად ყველაზე დიდი ტრიბუნა ქუჩა იქნება. ქუჩის პროცესების მართვა კი არცთუ ადვილია და შესაბამისად, პროვოკაციებისგანაც არ ვართ დაზღვეულნი...
უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება გახდება თუ არა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების საბაბი? - მსჯელობა ამ საკითხზეც ღირს. უკვე ცნობილია, რომ 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა, რაც თავისთავად კარგი პრეცენდენტია, მაგრამ ქართული პოლიტიკის ისტორიაში ის ფაქტებიც უხვად მოიპოვება, როცა გადამწყვეტ მომენტში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა უკან იხევს ხოლმე და, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან დაახლოებას ცდილობს. ახლა კი ისეთი პოლიტიკური ერთიანობა არის საჭირო, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა! ამ ერთიანობამ ის უნდა მოახერხოს, რომ რუსული პროპაგანდა, რომელიც ბოლო დროს გაზრდილია და რომელიც არც ფინანსების ნაკლებობას განიცდის, გადაფაროს!
პოლიტიკური ძალების ერთიანობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სამოქალაქო სექტორის ერთიანობა და აქტიურობაა. ისე, 2 მარტის გადაწყვეტილებამ გამოაჩნა, რომ განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანებს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება შეუძლიათ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარია, ეს ერთიანობა სპონტანური არ იყოს და პერმანენტული სახე ჰქონდეს, რადგან ცნობილია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც ნებისმიერი ხელისუფლება ანგარიშს ძნელად, მაგრამ მაინც ერთიანობას უწვეს ხოლმე.
მოკლედ, სიტუაცია მარტივი არ არის და ამიტომ, მარტივი არც გამოსავლის პოვნა იქნება, მაგრამ ისიც დადასტურებულია, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ამიტომ, დღეს მოქმედების დროა, დრო, როცა რომელიმე კონკრეტული მედიასაშაულების ბედი კი არა, ზოგადად, ქვეყნის ბედი და მომავალი წყდება - თუ ქართული სამართლიანობის აღდგენის სიმბოლოდ ხალვაშს ვაღიარებთ, ეს იქნება ორი ნაბიჯი უკან, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ხალვაშიც ჩვეულებრივი მოძალადეა, მაშინ გაჩნდება შანსი, რომ საქართველოს „კავკასიის ჩრდილო კორეა“ არ დაერქვას და ერთ წრეზე სიარულსაც, ბოლოს და ბოლოს, მოვრჩეთ. ასე რომ, ამ ქვეყნის ძლიერებისგან, რომელთაც ხალხზე ზრუნვა ხეების წინ და უკან ტარება ჰგონიათ, ხელთათმანი ნასროლია. ახლა სამოქალაქო საზოგადოების გადასაწყვეტია, 21-ე საუკუნეში ფეოდალიზმს შეეგუება თუ საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს!
მასალის გამოყენების პირობები






