აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ნოუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო შენობებში ადამიანთა ჯგუფების უკანონოდ შეჭრის ფაქტებმა. მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ უკვე ათეულობით ობიექტი დაიკავეს. ისინი ასევე უკანონოდ მოითხოვენ ამ ობიექტებში ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას. თუმცა, კანონის დამრღვევთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვერ მოხდება. ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისში, ღოღობერიძის ქ. #3-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მისთვის გადაცემის თაობაზე, რათა იქ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისათვის საკუთრების უფლებით ფართების გადაცემა. თუმცა, აღნიშნულ ქონებაში ამჟამად უკანონოდ შეჭრილი პირები იმყოფებიან. სწორედ დევნილებისთვის ბინების გადაცემის მიზნით იგეგმება თვითნებურად დაკავებული ობიექტების გამოთავისუფლება. აქვე გვსურს, მივმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა ჩაერთონ ამ პროცესში და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაეხმარონ ამ ადამიანებს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ყველა პირს მოუწოდებს, საკუთარი ნებით დატოვონ თვითნებურად მითვისებული ფართები", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






