ოსკარების 89-ე დაჯილდოებაზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. ცერემონია უკვე აღიარეს ოსკარების ისტორიის ყველაზე დიდ ფიასკოდ და სკანდალურ დაჯილდოებად.
სკანდალი წლის საუკეთესო ფილმის დასახელებას მოჰყვა. აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულად მიუზიკლი La La Land -ი დასახელდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გამარჯვება Moonlight-მა მოიპოვა.
წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციის წარმდგენმა უორენ ბიტმა, შეცდომის აღმოჩენისთანავე განაცხადა, რომ მას ის კონვერტი მისცეს, სადაც ეწერა „ემა სტოუნი -ლა ლა ლენდი“, ამიტომაც შეყოვნდა გამარჯვებულების გამოცხადებისას და კონვერტი მის კოლეგას ფეი დანაუეის გაუწოდა.
მეორე დღეს, ორგანიზატორებმა მსახიობის სიტყვები დაადასტურეს და განაცხადეს, რომ წარმდგენებს შეცდომით სხვა კონვერტები მიაწოდეს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის ორი ადამიანი, რომლებიც კონვერტების განაწილებაზე იყო პასუხისმგებელი, ოსკარებზე აღარასოდეს დაბრუნდება.
კომპანია PriceWaterhouseCoopers-ის თანამშრომლები ბრაიან კულინანი და მარტა რუიზი აღნიშნულ სამსახურს ვეღარასოდეს შეასრულებენ. სწორედ, აღნიშნული კომპანიაა პასუხისმგებელი ხმების დათვლასა და ცერემონიაზე კონვერტების განაწილებაზე.
კინოაკადებიის პრეზიდენტის შერილ ბუნ აიზეკის ისიც განაცხადა, რომ PriceWaterhouseCoopers-თან თანამშრომლობის საკითხიც შესაძლოა, გადაიხედოს.
ცნობილია, რომ კონვერტი, რომელშიც კონკრეტულ კატეგორიაში გამარჯვებულის ვინაობაა მოთავსებული, სპეციალურად დაცული ქეისებით მიაქვთ ადგილზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ კონვერტების არევის შანსი არ არსებობდა. თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი ხდება, რადგან ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ უორენ ბიტს, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარმდგენი იყო, ნამდვილად არასწორი კონვერტი უჭირავს.
ოსკარების შემდეგ ემა სტოუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, მას საკუთარი გამარჯვების კონვერტი ხელში ეჭირა. ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ ოსკარის ცერემონიაზე თითოეული ნომინაციისთვის სპეციალურად ორი კონვერტი მზადდება, ერთ-ერთს კი ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი სამახსოვროდ იტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






