წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულად მიუზიკლი La La Land -ი დასახელდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება Moonlight-მა მოიპოვა.
წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციის წარმდგენმა უორენ ბიტმა, შეცდომის აღმოჩენისთანავე განაცხადა, რომ მას ის კონვერტი მისცეს, სადაც ეწერა „ემა სტოუნი -ლა ლა ლენდი“, ამიტომაც შეყოვნდა გამარჯვებულების გამოცხადებისას და კონვერტი მის კოლეგას ფეი დანაუეის გაუწოდა.
ორგანიზატორებმა დღეს მსახიობის სიტყვები დაადასტურეს და განაცხადეს, რომ წარმდგენებს შეცდომით სხვა კონვერტები მიაწოდეს.
მედიაში უკვე ბევრი სტატია და თეორია დაიწერა იმის შესახებ, მართლა შეეშალათ თუ არა კონვერტი წლის საუკეთესი ფილმის გამოცხადებისას.
როგორც აღმოჩნდა, დაჯილდოების მაყურებლებსა და სოციალური ქსელის მომხარებლებს განსხვავებული ვარაუდი აქვთ, ან ძალიან უნდათ, რომ მათი ვარაუდი სიმართლე იყოს. ერთ-ერთი თეორიით, ოსკარის ფინალურ ნაწილში მომხდარი ქაოსი ლეონარდო დიკაპრიოს შურისძიებაა, რომელიც წლების განმავლობაში მისთვის ჯილდოს „აცილების“ გამო დაატრიალა.
საქმე იმაშია, რომ ქალის საუკეთსო როლის შესრულებისთვის ოსკარი ემა სტოუნს ლეონარდო დიკაპრიომ გადასცა.
მისი გულშემატკივრების მოსაზრებით კი, ლეომ ის კონვერტი, რომელზეც ემა სტოუნის სახელი და გვარი ეწერა, კულისებში გაიტანა და ყველაფერი აურია.
რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი სახალისო ვერსიაა და სერიოზულობასთან საერთო არაფერი აქვს.
PriceWaterhouseCoopers-მა, რომელიც კონვერტების განაწილებაზეა პასუხისმგებელი, დღეს ბოდიში მოუხადა La La Land-ს, Moonlight-ს, წარმდგენ მსახიობებსა და დაჯილდოების ტელემაყურებელს. აკადემიამ განაცხადა, რომ ნამდვილად მოხდა კონვერტების არევა, თუმცა როგორ, ამას გამოძიება დაადგენს.
ცნობილია, რომ კონვერტი, რომელშიც კონკრეტულ კატეგორიაში გამარჯვებულის ვინაობაა მოთავსებული, სპეციალურად დაცული ქეისებით მიაქვთ ადგილზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ კონვერტების არევის შანსი არ არსებობდა. თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი ხდება, რადგან ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ უორენ ბიტს, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარმდგენი იყო, ნამდვილად არასწორი კონვერტი უჭირავს.
ოსკარების შემდეგ ემა სტოუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, მას საკუთარი გამარჯვებისკონვერტი ხელში ეჭირა. ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ ოსკარის ცერემონიაზე თითოეული ნომინაციისთვის სპეციალურად ორი კონვერტი მზადდება, ერთ-ერთს კი ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი სამახსოვროდ იტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






