ოჯახს, რომელშიც 2 მცირეწლოვანი, აქედან ერთი სამი წლისაც არ არის, მეორე კი მხოლოდ ორი თვისაა, 76 ათასი სარეიტინგო ქულა მიანიჭეს და ყოველთვიურად ფულადი შემწეობის სახით თითო ბავშვბე მხოლოდ 10 ლარი დაუნიშნეს.
„მითხარით, 10 ლარი ასეთ პატარა ბავშვს თვეში კი არა, ერთ კვირას თუ ეყოფა? ამ დილით პური რომ არ მქონდა, ბავშვს მჭადი ვაჭამე. გუშინ ერთი ცალი კარტოფილი მოვუხარშე, მეტი არ მქონდა და მთელი დღე ფაქტიურად მშიერი იყო. არაფერი არ გვაქვს. შიმშილის ზღვარზე ვართ. ავადმყოფი დედამთილი მყავს, ლოგინად ჩავარდნილი და მშიერია სანახევროდ. კოვზნახევარი შაქარი მქონდა დარჩენილი, ჩაი რომ დაელია, ისინიც ნახევრად ტკბილი. ჩვენ უშაქროდ დავლიეთ. ბავშვს ყური სტკიოდა და წამალი არ მქონდა, ვერ ვყიდულობ. მთელი ღამე ტიროდა. თან სახლში საშინელი სიცივეა. ღამით გათბობა არ გვაქვს. შეშას ვერ ვყიდულობთ, სად გვაქვს მაგის 500 ლარი? არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. ცოტა თხილი გვაქვს და ის მთელი წელი ხომ არ გვეყოფა? ზაფხულობით ჩემი მეუღლე დადის თურქეთში, მუშაობს და რამდენიმე თვე ვიზოგავთ იმ ფულს. ნისიადაც ვერ გამოგვაქვს მაღაზიიდან პროდუქტი, უმუშევარს და უხელფასოს რამდენი ხნით მოგცემენ? იციან, რომ მალე ვერ დაუბრუნებ და არც გვაძლევენ“- ყვება ოჯახის რძალი, მარიამ სალუქვაძე.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, მათი ერთადერთი შემოსავალი, ყოველთვიურად უფროსი დიასახლისის პენსია იყო. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, სესხი გამოიტანეს ორი წლით. წამლებისა და მისთვის საჭირო სპეციალური საკვებისთვის:
„დედაჩემი უმძიმესი ავადმყოფია. საწოლიდან ვერ დგება. წამლები ისეთი ძვირია, რომ გვეყიდა იძულებულები გავხდით 2 წლის პენსია წინასწარ გამოგვეტანა. ბავშვებსაც ხომ უნდოდათ ელემენტარული საკვები? დახმარება რატომ მოგვიხსნეს მართლა ვერ ვხვდები. ჩვენ თუ კარგად ვცხოვრობთ, მაშინ ვის უჭირს? თურქეთში დავდივარ ზაფხულობით, მაგრამ არა მგონია ამის გამო მოეხსნათ. სხვებიც დადიან იქ ჩემთან ერთად, ვისთვისაც არ შეუჩერებიათ ფულადი შემწეობა. ურთულესია, უყურო ყოველდღე ოჯახის წევრებს, მშიერს, უწამლოდ, სამსახური არის სადმე, რომ ვიმუშაო? არ ვთაკილობ არაფერს. მაგრამ, ვინ გამუშავებს, სად ვიმუშაო? მარტო თურქეთის იმედად რამდენ ხანს უნდა ვიყო“?- ამბობს ბადრი ცეცხლაძე.
ცეცხლაძეებს ორსართულიანი ძველი ხის სახლი აქვთ. პირველი სართული საცხოვრებლდ არ გამოდგება, ამიტომ ძირითადად მეორე სართულზე ცხოვრობენ. სახლში ვერც ნორმალურ ავეჯს ნახავთ და ვერც რაიმე სახის ტექნიკას. მხოლოდ პატარა ტელევიზორი აქვთ.
არა აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ისეთი, სადაც შეიძლება ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდეს.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, გარდა იმისა, რომ ბავშვებს არც ნორმალური კვება აქვთ და არც სითბო, იმ საჭირო მედიკამენტების ყიდვასაც ვერ ახერხებენ, რაც პატარებს სჭირდებათ.
„მუცლის ტკივილი აწუხებს უმცროს ბავშვს ხშირად, წამალი ვერ ვუყიდეთ. პამპერსის ნაცვლად, ნაჭრებს ვუფენ. ძალიან ცუდად არის ჩემი დედამთილიც. გამგეობიდან ერთხელ გადარიცხეს აფთიაქში წამლის ფული. არ ვიცი როგორ ვარსებობთ, როგორ ვუძლებთ“-გვითხრა მარიამმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.
ცეცხლაძეების უმძიმეს ყოფაზე მათი მეზობლებიც ყვებიან. მათი თქმით ცეცხლაძეები ფაქტიურად შიმშილობენ:„ხახვი და მჭადი, რამდენჯერ ამის მეტი არაფერი ჰქონიათ, რომ ეჭამათ. პატარა ბავშვები ჰყავთ სახლში. იმათ რამდენი რამ სჭირდებათ. ჩვენ რაც შეგვიძლია და რითიც შეგვიძლია, კი ვეხმარებით მაგრამ, ახლა არის ის დრო, ჩვენც რომ ყველაფერი გვქონდეს? ისედაც მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ყველას პრობლემები გვაქვს. უბრალოდ ვერ შეხედავ გულგრილად, მშიერ ბავშვებს. ასეთებს უხსნიან სოციალურ დახმარებას, საერთოდ ამ ქვეყანაში ვინმეს ხალხის ბედი აინტერესებს?
უმძიმესი ავადმყოფი ჰყავთ სახლში, არც შემოსავალი, არც სამსახური, აღარც პენსია და სოციალური, რა ქნას ამ ხალხმა რითი იარსებონ“?- აცხადებენ მეზობლები.
ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ცეცხლაძეების ოჯახზე აცხადებენ, რომ აგენტის მიერ შესწავლილია მათი სოციალური მდგომარეობა, მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა, რომლის მიხედვითაც, მათ ფულადი დახმარება მხოლოდ ბავშვებზე ეძლევათ:
„ბადრი ცეცხლაძის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვზე იღებდა 10 ლარს. დემოგრაფიული ცვლილების გამო, ოჯახი გადამოწმდა და მეორე ბავშვზეც დაენიშნათ 10-ლარიანი დახმარება. ოჯახს სხვა დახმარებისთვის ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ მათ აქვთ ასეთი მძიმე პირობები და კვების პრობლემა, ჩვენ გვაქვს კრიზისული ტვირთები, ბავშვის საკვები, სხვადასხვა სფეროში დასაქმების პროგრამა და ა.შ. შეგვიძლია ადვოკატირება გავუწიოთ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ აუცილებლად მივალთ მათთან და დეტალურად ავუხსნით, თუ რა კუთხით შეგვიძლია დახმარება- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეა ლომჯარიამ.
თეა იოსელიანი - გურიამასალის გამოყენების პირობები






