26 თებერვალს ოსკარების 89-ე დაჯილდოება გაიმართება, სადაც საუკეთესო მსახიობები და კინონამუშევრები დასახელდება.
ვინ და როგორ ირჩევს ოსკარების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს?
ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS), რომელიც ოსკარების გადაცემის ცერემონიალს მართავს, გასულ წელთან შედარებით წევრების რაოდენობა 683-ით გაზარდა. წლევანდელ ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ზუსტად 6687 წევრი აძლევს ხმას.
გასული წლის სადაო დაჯილდოების შემდეგ, კინოაკადემიამ პრობლემის აღმოფხვრის პირველ გზად ხმისმიმცემ წევრთა რაოდენობის სხვადასხვა ეთნიკური, რასობრივი და სხვა ნიშნით შერჩეული კანდიდატების დამატება აირჩია. შეგახსენებთ, შარშან ოსკარზე წარდგენილ 20 მსახიობს შორის არცერთი ფერადკანიანი არ იყო, რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოოიწვია.
კინოაკადემიის წევრები 17 სხვადასხვა განყოფილებაში არიან გადანაწილებულნი, მათი ზუსტი რაოდენობა ამ მომენტისთვის 7686 გახლავთ (ამათში შედიან ე.წ. პენსიაზე გასული, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე არჩეული მუდმივი წევრებიც), თუმცა ხმის მიცემის უფლება მათგან 6687-ს აქვს.
კინოაკადემიის სხვადასხვა განყოფილებების მიხედვით განაწილებული წევრების რიცხვი ასეთია:
1. მსახიობები - 1158
2. პროდიუსერები - 504
3. მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ანიმაცია - 479
4. რეჟისორები - 473 (მათ შორისაა ერთი ქართველი რეჟისორიც, ზაზა ურუშაძე)
5. აღმასრულებელი პროდიუსერები - 468
6. ხმის ეფექტებისა და ხმის მონტაჟის სპეციალისტები - 456
7. სცენარისტები - 406
8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - 389
9. ვიზუალური სპეცეფექტების სპეციალისტები - 383
10. მუსიკოსები - 279
11. მხატვარ-დიზაინერები და დეკორატორები - 295
12. დოკუმენტალისტები - 277
13. მონტაჟიორები - 274
14. ოპერატორები - 240
15. გრიმიორ-ვიზაჟისტები - 157
16. კოსტიუმის დიზაინერები - 117
17. ქასთინგის რეჟისორები - 99
როგორც ხვდებით, სხვადასხვა გილდიაში მყოფი წევრები მხოლოდ თავიანთ განყოფილებების ნომინაციებში აძლევენ კანდიდატებს ხმას.
რაც შეეხება კინოაკადემიის წევრთა ვინაობას, მიუხედავად იმისა, რომ წევრთა ზუსტი რაოდენობა ცნობილია და ყოველთვის ასე იყო, მათი კონკრეტული ვინაობა ყოველთვის გასაიდუმლოებული რჩებოდა.
კინოაკადემიის წევრები ჯერ სანომინაციე კანდიდატებს აძლევენ ფარულად ხმას, ნომინანტების გამოცხადების შემდეგ კი უშუალოდ ნომინანტებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცედურა იწყება, რომელიც დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე სრულდება ხოლმე.
ოსკარების ნომინანტებისთვის ხმის მიცემა, გუშინ, თბილისის დროით ხუთ საათზე შეწყდა.
ოსკარების რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში გაიმართება.
წელს, ოსკარების დაჯილოდებას ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ წელს ოსკარზე რეკორდული ნომინაცია დემიენ შაზელის მიუზიკლს ლა ლა ლენდს ერგო, მერილ სტრიპი კი ასევე რეკორდული, მეოცე ნომინაციაზე არის წარდგენილი.
ოსკარის ნომინაციების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






