"რამდენიმე დღის წინ, გურამ გირგვლიანმა გაზეთ "ასავალ-დასავალს" განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის ძიების დროს სტრასბურგში ჩავიდნენ, სადაც ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ გირგვლიანების ოჯახის ადვოკატზე დავით ჯანდიერზე.
გურამ გირგვლიანი პირად საუბარში აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მას თავად დავით ჯანდიერმა მოახსენა. თამარ ჩერგოლეიშვილი ჯანდიერთან არათუ ზეწოლის, არამედ რაიმე სახის ურთიერთობის ფაქტსაც უარყოფს. "ტაბულა" კომენტარისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა მართლა ესაუბრა თუ არა გურამ გირგვლიანს მასზე ზეწოლის შესახებ, რაში გამოიხატა ზეწოლა და თუ არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც ამ ზეწოლას დაადასტურებდნენ.
ჩვენი შეკითხვა ჯანდიერმა ბოლომდე არ მოისმინა, პასუხის გაცემა არ ისურვა და თქვა, რომ ამ საქმიდან "გადადგა" და არც არაფერს დაადასტურებს და არც უარყოფს, და ტელეფონი გაგვითიშა."
მასალის გამოყენების პირობები






