უმძიმესი ბრალდებით დაკავებულია 31 წლის დეკანოზი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს „ნატრიუმის ციანიდი“ აღმოაჩნდა, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოსაწამლად იყო გამიზნული.
დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს, თუმცა გარკვეული პოზიცია 14 თებერვალს სახალხო დამცველთან დააფიქსირა. უჩა ნანუაშვილის თქმით, გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
ფაქტია, რომ ბრძოლა ცოცხალი პატრიარქის ტახტისთვის აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა ვინ გეგმავდა პატრიარქის მოწამვლას, ან ვის ინტერესებს ემსახურება ატეხილი სკანდალი, ამაზე საუბარს ყველა მხარე გაურბის.
პროკურატურა და "ქართული ოცნების" ლიდერები ინფორმაციის გავრცელებისთანავე აპელირებენ, რომ "ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილია ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი ვერაგული თავდასხმა", პრემიერი არ მორიდებია მინიშნებას, რომ ეს თავადასხმა ილია მეორეს მიმართ იგეგმებოდა, უფრო მეტიც კვირიკაშვილმა განცხადა რომ პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მან ბერლინში პირადი დაცვის წევრები გაგზავნა, - "პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა.
მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს..."
ასევე იხილეთ: „გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა“ - თეა წულუკიანი.
ვიცე პრემიერიმა კახი კალაძემ იმავე დღეს განაცხადა რომ "ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე".
თუმცა როგორც გაირკვა, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი გააცნეს, ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არ ყოფილა.
რატომ შეიცვალა კურსი სახელისუფლებო და სამართალდამცავთა წარმომადგენლებს შორის, რატომ არავინ საუბრობს დღეს, რომ დაკავებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა და რატომ გადაიტანეს ისრები სკანდალურ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობაზე? - "ნიუპოსტმა" ამ კითხვებით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნათია სუხიაშვილს ესაუბრა.
- რა ბრალდებით არის დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე?
"ჩვენს ვებ გვერდზე დევს პრესრელიზი, სადაც კონკრეტულად წერია რა მუხლით არის დაკავებული ეს პირი. წაიკითხეთ განცხადება. განცხადებაში გვიწერია: გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას.
- პროკურატურაში ითქვა, რომ დაკავებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა...
- ეს არის ინფორმაცია, რომელიც მიაწოდა მოქალაქემ და გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას. ამის გარდა ვერაფერს ვერ გეტყვით იმის გარდა, რაც განცხადებაში წერია. ირაკლი შოთაძეს ბრიფინგზე არ უთქვამს, რომ ეს ადამიანი იყო პატრიარქი. ეს კითხვა მთავარ პროკურორს ჟურნალისტებმაც კითხეს ეს არის პატრიარქიო? (მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ავტ.) რაზეც უპასუხა რომ არ არის, მე ჩემს განცხადებაში არ მითქვამს, რომ ეს არის პატრიარქი. ჩვენს განცხადებას, თუ გულდასმით წაიკითხავთ იქ ნახავთ რაზეა საუბარი.
- თუ იგეგმება შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა? (გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ედება დეკანოზს ბრალი )
- თუ ჩემს ინტერვიუს წერთ, მე რესპონდენტად არ გამოგადგებით. მიგითითეთ განცხადებაზე, მეტის თქმა არ შემიძლია. მთავარი პროკურატურის ბრიფინგის ჩანაწერიც არსებობს ინტერნეტში, სადაც ეკითხებიან არის თუ არა ეს პირი პატრიარქი, რასაც შოთაძე არ ადასტურებს, ამბობს, რომ არასად არ უხსენებია.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს.
ილია II-სთან ბერლინის საავადმყოფოში დაცვა გაძლიერებულია.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






