საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, რუსთავი 2 -ის დასაცავად აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კიდევ უფრო გაღარიბებული ქვეყნის, გაუფასურებული ლარისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება იმ სივრცის ჩახშობას ცდილობს, სადაც ხალხის ხმა ისმის.
გუშინ "მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის" წევრებმა რუსთავი 2-თან და სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნა შესთავაზა.
,,გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა", - განაცხადა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ, რომელსაც 8 პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა.
კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ „რუსთავი 2“-ს დასაცავი აქციები ინტერპარტიულ ფორმატში ჩატარდება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალ სიტყვას ომი გამოუცხადა.
აქციაში მონაწილეები დღეს ერთხმად აღნიშნავდნან, რომ „ბიძინა ივანიშვილს ვუგზავნეს სიგნალი რომ ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის სახლში წაღებისგან”.
„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობის აუცილებლობას და ამ კონტექსტში წინა ხეკლისუფლების დროს გარდავლილი სანდრო გირგვლიანის საქმე გაიხსენა.
”წლების წინ ამ ქვეყანაში მოხდა დიდი უბედურება სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით. როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომ არა მაშინდელი ოპოზიციური არხი, ტელეკომპანია ”იმედის” სახით, სანდრო გირგვლიანის ოჯახის და მეგობრების გარდა, ბევრი ადამიანი და ნახევარი ქვეყანა ამ ამბავს ვერ შეიტყობდა. ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ ეს ამცნო საზოგადოებას. დღეს კი ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინებოდა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ”რუსთავი 2” არის ხალხის ტელევიზია. ხელისუფლება მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს. ”რუსთავი 2” ეკუთვნის საზოგადოებას. როდესაც არის სიტყვის თავისუფლევის ჩახშობის მცდელობა, საზოგადოება იწყებს მოქმედებას მშვიდობიანი პროტესტით ამ მანკიერი პრაქტიკის მიმართ. დღევანდელი დღე არის გაფრთხილება ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილს ვუგზავნით სიგნალს, რომ ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის სახლში წაღებისგან”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილებს სიტყვით მიმარ თა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი „რუსთავი 2“ -ის დაცვაზე გადის.
“ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. რუსთავი 2-ის ჩახშობა ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან რთული ამოცანა. რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ვერ გავიგოთ რომ ქრთამს უხდის მოსამართლეებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება იყოს მათთვის სასარგებლოდ “ - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, კი "თუ ჩვენ არ დავიცავთ "რუსთავი 2-ს" ვიცხოვრებთ რუსეთის უკანა ეზოში".
“დღეს თუ ჩვენ არ დავიცავით ჩვენი უფლებები, დღეს თუ ჩვენ არ დავიცავით რუსთავი 2, დღეს თუ არ გავაკეთეთ ის, რომ ამ კაცს აღვუდექით წინ, ჩვენ ვიცხოვრებთ რუსეთის უკანა ეზოში მეგობრებო, ჩვენ ხელშია რუსთავი 2-ის დაცვაც, უზენაესი სასამართლოს დაცვაც და საქართველოს დაცვაც“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი თვლის, ქვეყნის არაფორმალური მმართველი საზოგადოებრივი აზრის ჩახშობას ცდილობს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "დასავლეთმა საქართველოს კარი მოუჯახუნოს".
ამ კონტექსტში ქარდავამ რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ განხოციელებული შტურმი ახსენა თქვა, რომ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის პრინციპული საფუძველი.
"ქართველმა ხალხმა არჩევანი ევროპული ფასეულებებისკენ გააკეთა, რადგან სწორედ ეს ფასეულობები დასავლური სტრუქტურები, არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გრძელვადიანი გარანტი. ისეთ ქვეყანას, რომელიც თავისუფალი სიტყვის პრობლემა არსებობს, სადაც არ არსებობს დემოკრატია, ევროპულ სტრუქტურებთან მიახლოების საშუალებასაც არავინ მისცემს. ევროპას სჭირდება დემოკრატიული და თავისუფალი მოქალაქეების საქართველო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და დევნის თავისუფალ სიტყვას, მაგრამ სწორედ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის პრინციპული საფუძველი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დასავლეთის კარი საბოლოოდ მიუჯახუნონ საქართველოს და რჩება ერთადერთი არჩევანი ჩრდილოეთი, მაგრამ ეს არის არა ხალხის, არამედ ხელისუფლების არჩევანი. დარწმუყნებული ვარ რომ ქართველი საზოგადოება ხელისუფლებას ამ არჩევანის საშუალებას არ მისცემს. ყველაზე დიდი აგრესია და ბრძოლა ხელისუფლებამ რუსთავი 2- ის წინააღმდეგ გამართა, რადგან სწორედ რუსთავი 2 დგას დემოკრატიული ფასდეულობების დაცვის სადარაჯოზე, ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ "არა რუსეთს" დავდგეთ რუსთავი 2- ის გვერდით და დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული ღირებულებები"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ, აქციები მიიღებს პერმანენტულ სახეს მანამდე, სანამ ქვეყანაშ სიტყვის თავისუფლება არ იქნება დაცული:
„მოხერხდა ის, რომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება რვა პოლიტიკური პარტიისაგან, რომლებიც იმოქმედებენ კოორდინაციაში და ყველაფერს გააკეთებენ, სანამ გამარჯვება მიღწეული არ იქნება“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად გამართულ აქციას შეუერთდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის მეუღლე.
რომელიც თავის გამოსვლაში ემოციური იყო. ტატიანა მესხის თქმით, რუსთავი 2 რომ არა, მისი ქმარი სასიკვდილოდ იყო გაწირული.
„რუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში. დიდი მადლობა რუსთავი 2-ს. არ ვიცი ამ ხალხს რატომ უდნა ჩვენი ტელევიზიის დაკეტვა. მე მჯერა, რომ ხალხი გამოვა გარეთ,“ - აღნიშნა ცერცვაძის მეუღლემ.
"რუსთავი 2"-ს მხარდაჭერას უცხადებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ისინი დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ეს არის არხი, რომელიც არის ყველაზე პროფესიონალური და ყველაზე რეიტინგული ჩვენს ტელესივრცეში, გულდასაწყვეტია და დასანანია, თუ ამის საშუალება არხს აღარ ექნება. ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს ალტერნატიული აზრი, გასაგებია, რომ რუსთავი 2 ოპოზიციურ არხად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ან ტელევიზიას არ ჰქონდეს თავისი აზრის უფლება “- განაცხადა ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა.
გიორგი უშიკიშვილიც თვლის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი სიტყვის თავისუფლებაა.
"დემოკრატიული სახელმწიფო შედგება სიტყვის თავისუფლებისგან, ამიტომ ამ მთავარი ფუნდამენტის შენარჩუნება ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- თქვა ხელოვანმა.
„რუსთავი 2“-ის დასაცავად გამართული აქციები ტელეკომპანიის 22-წლიან ისტორიას უხვად ახსოვს, რადგან დამოუკიდებელი ტელეარხი მუდამ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
სამოქალქო საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაღლას არ აპირებს, საკორდინაციო საბჭო ბრძოლის ახალი მეთოდების დასახვას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები






