კომენტარი აღნიშნულ თემაზე მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა:
"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დასრულდა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებული ეპიზოდის გამოძიება და შესაბამისად ეს უკანასკნელი ცნობილია ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. ინკრიმიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შევეცდებით საზოგადოებისათვის შეძლებისდაგვარად გასაგებად აღვწეროთ გამოძიების შედეგად დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე მეტი სიცხადისა და თვალსაჩინოებისათვის, ინფორმაციის პარალელურად წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელთა მეშვეობიტაც მაქსიმალური სიზუსტით აღდგენილი იქნება გამოსაკვლევ შემთხვევასთან დაკავშირებული ვიტარება.
გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, უდაოდ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არასაპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული, ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა. რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო, მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.
ამ დანაშულებრივი ამოცანის შესასრულებლად, პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ რუსთაველისა და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00:10 საათზე პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა, დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. წყალსატყორცნი საშუალებების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლის უფლება და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში - როგორც ქუჩებში, ასევე შენობებში. შეგნებულად გამოყენებული იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი. გარდაცვალების მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება. დასახიჩრდა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 300-მდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებულ იქნა რამდენიმე ათეული პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებების საპასუხოდ, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, არსებული რეალობის ვითარების გაუბრალოებისა და რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, მოჩვენებითად დაისაჯა შსს-ს15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. აღსანიშნავია, რომ 3 მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - ნათვქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






