რუსთავი 2-მა გუშინ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრა. როგორც ირკვევა "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის ოჯახმა ბიუჯეტიდან მილიონი ლარი მიიღო. „მილიონად გაყიდული ნატა ნაზღაიძის“ სკანდალმა კი საზოგადოების, მედიის ნაწილისა და პოლიტიკოსების პროტესტი გამოიწვია.
შედეგმაც არ დააყოვნა - დღეს, გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდზე ,,Українська революція“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ფარული სატელეფონო საუბარი გავრცელდა.
ვებგვერდზე, რომელიც ცოტახნის წინ არის შექმნილი, რამდენიმე სტატიაა განთავსებული და თითქმის ყველა მათგანი მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას ,,ეძღვნება“. ეს ის მასალებია, რომელთა ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კორუფციულ გარიგებას რომ დავუბრუნდეთ, საუბარია სტიქიით დაზარალებული ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომელიც ძმას ეკუთვნოდა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ, დედაქალაქის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა წინა კვირას გადაუფორმა. 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.
კორუფციის შესახებ ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ მერიამ ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა.
ფაქტმა, რომ მერია უვარგის მიწის ნაკვეთში მილიონს იხდის, ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.
ირმა ბუთხუზი „ნიუპოსტს“ უყვება, რომ ის სოციალურად დაუცველია და არასრულწლოვანს ზრდის.
ქალბატონი 2015 წლიდან დღემდე ითხოვს, რომ სტიქიის ზონიდან გაიყვანონ და მისცენ თავისი ფართის შესაბამისი ალტერნატიული ფართი ან თანხა.
ბუთხუზი ამბობს, რომ ამ დროის მანძილზე მოაგროვა ყველანაირი საბუთი, რაც საჭირო იყო პროცედურების დასაწყებად. აქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და ხარჯთაღრიცხვა, თუმცა მისი თქმით, მერია მის კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
„ვალები დავიდე, 15 000 დოლარზე ავედი, იპოთეკაში მაქვს ჩადებული... ერთი და იგივეს მიმეორებენ: მერიაშია გადაგზავნილი საქმეო, ველოდები როდის გავა კომისიაზე, დავიტანჯე! ვალების გამო სახლი რომ დავკარგო ალბათ თავს მოვიკლავ. 2 შვილის მარტოხელა დედა ვარ! სოციალურად დაუცველი გახლავართ, ხელისუფლებას კი უბრალო ხალხი არ აინტერესებს“- აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.
„ნიუპოსტს“ აზა ჯავოევამაც მომართა. ქალბატონი აზა, წყნეთის ხევი #10 - ში ცხოვრობდა 13 ივნისის სტიქიამ კი მთლიანად დაუნგრია საცხოვრებელი ფართი.
ჯავოევას თქმით, ის თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში დროებით ქირით გადაიყვანეს, თუმცა რადგან კუთვნილი ფართი, რომელშიც 37 წელი ცხოვრობდა დაკანონებული არ აქვს მერიამ აცნობა, რომ ქირას აღარ გადაუხდის, შესაბამისად მოქალაქისთვის უცნობია, სად გაათევს ღამეს.
ნათელა მნაცაკანიანიც სტიქიით დაზარალებულთა რიცხვშია. მერიამ 2015 წელს ისიც ქირით საცხოვრებლად თამარაშვილის ქუჩაზე გადაიყვანა. დღეს კი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ლეგალიზების არარსებობის გამო, არ აძლევენ ალტერნატიულ ფართს .
როგორც ნათელა მნაცაკანიანი გვიყვება, ნარმანიას უწყება მასაც არ ურიცხავს ქირის გადახდას.
ქალბატონს მძიმე ისტორიას, კიდევ უფრო დრამატულს ხდის მისი შვილის ავადმყოფობა. ახლგაზრდა კაცი სიმსივნით იტანჯება. მამაკაცს თავის მხრივ ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი.
“ის რაც ტელეეთერით ვნახე არის უსამართლობა, ჩვენ გაუსაძლის პირობებში, ღია ცის ქვეშ დარჩენა გვემუქრება, ვიღაცას კი მილიონ ლარს ურიცხავენ. თან ჩემს დედამთილს სიმსივნით დაავადებული შვიული ჰყავს. ქირას არ უხდიან ა არსებობს საშიშროება გარეთ დარჩნენ. აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და ყველა ქციაში მივიღებთ მონაწილეობას“ - უთხრა „ნიუპოსტს“ მნაცაკანიანის რძალმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა დღეს გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პროექტში, რომლის შედეგადაც ნაზღაიძეს უნდა გადასცემოდა მილიონი, საუბარი არ არის იმ დოკუმეტზე, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს „საქართველოს ბანკისგან“ გამოსყიდვის უფლება ჩამორთმეული აქვს ზვიად ნაზღაიძეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ ეს დოკუმენტი შეგნებულად დამალა, რადგან ის ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემით დაინტერესებული იყო.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






