,,საშინელ სამსჯავროზე რა პასუხი უნდა გასცეთ უფალს, ამ ტაბურეტებით, ქვებით, ჭინჭრებით, კომბლებით ხელდამშვენებული რომ წარდგებით ქართველი მართლმადიდებლები? ანდა შებილწული ბაგეები როგორღა უნდა განხვნათ, როცა იკითხავენ, აი, ეს არის თქვენი მონაგარი? ესაა თქვენი დაუჯდომელი? ესაა თქვენი წმინდა რელიკვიები? აი, ეს? ამით სძლიეთ? შენი სახელით ვიგინებოდით, უფალო, ვიფურთხებოდით, ვისუსხებოდით, ვირტყმევინებოდით და ვაღერებდით ტაბურეტებსო, ამას ეტყვით? იესო, დურგალი იყო და სკამებს იმიტომ თლიდა, ზედ რომ ჩამომჯდარიყავი, მამაო, შენ კი ჯვარი არ იკმარე და ახლა ჯორკოც წამების იარაღად გიქცევია.
რა პასუხი უნდა გასცეთ ღმერთს, როცა იმ უმწეო ადამიანების ტანჯვას გიჩვენებენ, ავტობუსში, ქრისტეს სახელით მუშტების, ქვების, ფურთხისა და გინების ორომტრიალში ნამდვილი ჯოჯოხეთი რომ გამოატარეთ, ანდა როგორ უნდა იმართლოთ თავი იმ ჩოხაახალუხიანი, ამაყად მოძუნძულე ყმებისა გამო, სიძულვილით გონებაწართმეულნი "მამაო ჩვენოს" რომ ქოშინებდნენ და "პიდარასტებს" დასაკლავად დასდევდნენ? განა ისინი თქვენი ქადაგებების ყველაზე უფრო ამაზრზენი და საცოდავი მსხვერპლნი არ არიან? ჭეშმარიტად თქვენზე, ქართველ სამღვდელოებაზე უთქვამს მეფსალმუნეს, კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო და ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ!", - ციტირებს მინდიაშვილს თამარ ჩეროლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






