ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "იბერმითმა" ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ადეიშვილი აცხადებს, რომ ორი თვეა, როგორც მაღაზიები, ასევე სასაკლაოც დახურეს. ამჟამად წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება სამ კომპანიასთან მიმდინარეობს. ადეიშვილის განმარტებით, კომპანიის დახურვის მიზეზი ბაზარზე არსებული აღურიცხავი პროდუქციაა, რომელსაც კონკურენცია ვერ გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ ცალკეული პირები წინა ხელისუფლების პირობებში ხორცის ბიზნესის ლობირებასა და საქონლის კონტროლში "ქართული ლუდის კომპანიის" ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს ადანაშაულებდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებს სთხოვა, დაინტერესებულიყვნენ და მართლაც გაერკვიათ, რეალურად ვინ იდგა ხორცის ბიზნესის უკან, ბრალდებებმა იკლო, მოგვიანებით კი ხორცპროდუქტების კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.
"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, იმის შესახებ რომ ხორცის ბიზნესთან ცეზარ ჩოჩელს არანაირი შეხება არ ჰქონია. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის ცეზარ ჩოჩელის სახელთან დაკავშირება ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. სამწუხაროდ, არც აღნიშნული კომპანიის მფლობელებს გაუკეთებიათ რაიმე სახის განმარტება, იმის შესახებ თუ ვინ იყო სასაკლაოებისა და მაღაზიათა ქსელის რეალური მესაკუთრე.
ვფიქრობ, ნელ–ნელა საზოგადოება გაიგებს სიმართლეს და გაბათილდება ყველა ის ჭორი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც ცეზარ ჩოჩელის სახელთანაა დაკავშირებული", - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბარში "ქართული ლუდის კომპანიის" პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






