საფრანგეთის პრეზიდენტობაზე წარდგენილი პირებიდან მეტ-ნაკლები შანსი 6 კანდიდატს აქვს ესენი არიან:
მემარჯვენეების კანდიდატები:
რესპუბლიკელები - ფრანსუა ფიიონი (62 წლის) 2007-2012 წლებში საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ის მხარს არ უჭერს NATO-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, არ ეთანხმება ევროკავშირს მიერ რუსეთისადმი სანქციების დაკისრებას. სარგებლობს ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობით. ფიიონის საყვარელი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერია.

პარტია Debout la France- ნიკოლას დუპონ-ენანი (55 წლის) „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ ყოფილი წევრი.

ეროვნული ფრონტი - მარინ ლე პენი (48 წლის) ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება პრეზიდენტობის იმ ორი კანდიდატიდან, რომელიც მაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა. ლე პენი მხარს უჭერს საფრანგეთში ემიგრანტების შესვლის შეზღუდვას, საფრანგეთის ნატოდან, ევროკავშირიდან და ევროზონიდან გასვლას. მარი ლე პენი განსაკუთრებით სიმპათიებითაა გამსჭვალული ვლადიმერ პუტინის მიმართ და არც ყირიმის ნახევარკუნძულს მიიჩნევს რუსეთის მიერ ანექსირებულად.

მემარცხენეები
სოციალისტური პარტია- ბენუა ამონი (49 წლის) განათლების ყოფილი მინისტრი ფრანსუა ოლანდის მთავრობაში. მან პარტიის პრაიმერიზში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი დაამარცხა.

მემარცხენე პარტია- ჟან-ლუკ მელანკონი (65 წლის) 2000-2002 წლებში ის პროფესიული განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. 2009 წლიდან ევროპარლამენტის წევრია. მელანკონი კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს.

დამოუკიდებელი კანდიდატები:
ემანუელ მაკრონი (39 წლის) ცენტრისტი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დააფუძნა სოციალურ-ლიბერალური მოძრაობა «En marche!». მაკრონი მემარცხენე კაბინეტის რეფორმატორი მინისტრი იყო, ის ე.წ „პატარა მთავრობის“ მომხრეა. ამასთანავე მინიმალურად დარეგულირებულ თავისუფალ ბაზარს უჭერს მხარს, თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკური ზრდის პროდუქტის მემარცხენე განაწილების მომხრეა. მას მინისტრობის დროს გატარებული წარმატებული რეფორმების გამო მიმდევრები როგორც მემარცხენეებში, ასევე მემარჯვენეებში ჰყავს. 2007 წელს მაკრონი თავის სკოლის მასწავლებელზე დაქორწინდა, რომელზეც შეყვარებული იყო ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან.

საფრანგეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად მხარდაჭერის ყველაზე მაღალი პროცენტი მარინ ლე პენს, ფრანსუა ფიონსა და ემანუელ მაკრონს აქვთ. იმის მიუხედავად რომ მაკრონი შედეგებით მესამეა, მეორე ტურის შემთხვევაში ამომრჩევლები სწორედ მის სასარგებლოდ აპირებენ ხმის მიცემას.

მასალის გამოყენების პირობები






