როგორც გამოცემა Politico თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაცია წარმომადგენლებს სიენენის გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად არ გაუშვებს.
„ჩვენ წარმომადგენლებს ვაგზავნით იქ, სადაც ჩვენი აზრით, ღირს ჩვენი დღის წესრიგზე საუბარი“ - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ CNN ასეთი ადგილი არ არის“ - წერს Politico.
გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციის წარმოამდგენლები ჯერაც პასუხობენ CNN-ის ჟურნალისტების კითხვებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეს-მდივანი შონ სპაისერი და პრეზიდენტის მრჩეველი კელიენ კონუეი ბოლო CNN-ის გადაცემებში არ მონაწილეობდნენ.
სპაისერმა, გუშინ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უარყო ინფორმაცია თეთრი სახლის მიერ CNN-ის ბოიკოტირების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ბრიფინგებზე, მუდმივად პასუხობს სიენენის ჟურნალისტის კითხვებს.
“არ ვაპირებ დავსხდე და ვითანამშრომლო ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, რეალობა სწორად აღიქვან“ - დასძინა სპაისერმა.
დონალდ ტრამპისა და ტელეკომპანიის ურთიერთობის დაძაბვა, CNN-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, 6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინჰზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მაიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპრომატებს შორის არის სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
პრეზიდენტის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე, კი ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას კითხვის დასმის უფლება არ მისცა და ტელეკომპანიას “ცრუ ინფორმაციების ორგანიზაცია“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






