25 მაისს, ვარშავაში მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი ერთგული მეგობარი, თანამოაზრე, ზვიად გამსახურდიას თანამებძოლი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რაინდული სულის, პრინციპული, მაღალი ზნეობის მქონე ღირსეული პიროვნება, ჩვენი დაუვიწყარი ვიქტორ დომუხოვსკი.
რას ვერ გაუძლო ვიქტორის გულმა?
ოთხმოცდაათიანი წლების ბრძოლების სიმძიმეს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის?
92 წლის სახელმწიფო გადატრიალებას?
პარლამენტის კიბეზე პუტჩისტების მიერ დახვრეტილი მეგობრის, აკაკი მარკოზიას ხილვას?
ზვიად გამსახურდიას მომხრე მომიტინგეთა დახვრეტას?
სისხლის გუბეებს?
სამეგრელოს ველურ დარბევებს?
ღალატს?
მზაკვრობას?
შევარდნაძის პირადი შურისძიებით შვიდწლიან პატიმრობას?
სამშობლოდან იგივე შევარდნაძის ბრძანებით იძულებით გახიზვნას?
ხანგრძლივ ემიგრაციას?
დედით ქართველი, მამით პოლონელი ვიქტორ დომუხოვსკი, ბევრ ქართველზე უფრო ქართველი იყო. სამშობლოს მოწყვეტილი საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!
რას ვერ გაუძლო ვიქტორის გულმა?
იქნებ შიშს, რომ მისი ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა მისი ცხოვრების საუკეთესო წლები ახლა კვლავ უფსკრულისკენ მიექანება?!
გემშვიდობებით, ჩვენო ძვირფასო ვიქტორ, ჩვენო დაუვიწყარო მეგობარო
მედეა თუშმალიშვილი /საფრანგეთი/
რენო სირაძე /ფინეთი/
2013 წლის 26 მაისი
მასალის გამოყენების პირობები






