აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გია ცერცვაძის პროცესის დაწყების წინ აღნიშნა, რომ რუსეთმა კიდევ ორ ქართველ სამხედროზე აღძღა საქმე - ქურასბედიანსა და ბერიანიძეზე.
ფაქტია, რუსეთი მანიპულირებს საერთაშორისო სამართლით და სამხედროებს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, საერთაშორისო ძებნას აცხადებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს ქართველი მებრძოლებს ბრალი დასდოს სხვადასხვა თავდასხმაში, მათ დღემდე არ წარუდგენიათ არცერთი რეალური ფაქტი, რომელიც დოკუმენტრად დაადასტურებს მათ დანაშაულს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს არც ფაქტების გაყალბება გაუჭირდება.
,,ნიუპოსტი“ უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს ირაკლი ქურასბედიანს ესაუბრა.
რაც შეეხება მის მიმართ რუსეთის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ინტერპოლის ძებნილთა სიაში შეყვანას, ქურასბედიანი ამბობს, რომ დეტალები მისთვის უცნობია. ,,ჯერ-ჯერობით გარდა იმისა, რა ინფორმაციას ვრცელდება, დამატებით არაფერი ვიცი. ცნობილია ჩემთვისაც რომ ამაზე მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება“.
გია ცერცვაძის დაკავების ფაქტს, ქართველი მებრძოლი რუსეთის მიერ ფსიქოლოგიურ ოპერაციას უწოდებს და იქ ქართველი ძალოვნების ხელსაც არ გამორიცხავს.
,,რუსეთმა ფსიქოლოგიური ოპერაცია ჩაატარა.
მოკლედ ფაქტია, რუსეთმა კარგად იცის, რომ უკრაინისნაირი ქვეყანა არ გადასცემს მათ ქართველ სამხედროებს. ეს იყო ტიპიური ფსიქოლოგიური ოპერაცია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამას ქართველი ძალოვნების გარეშე არ ჩაუვლია.
ასეთ დროს, ახალგაზრდა სამხედროები, ოფიცრები, რომლებიც სამხედრო კარიერაზე ფიქრობენ, იმათ რა განწყობა დაეუფლებათ? ზოგადად ასეთი ფაქტები აჩენს ეჭვის მარცვალს, იმას, რომ ჩვენ არ ვჭირდებით სახელმწიფოს და სწორედ ეს არის რუსული ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. რუსები ამას სავარაუდოდ გააგრძელებენ“ - აცხადებს ქურასბედიანი და მიიჩნევს, რომ გია ცერცვაძის გათავისუფლება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.
,,გია ცერცვაძის გათავისუფლება მისთვის და მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის გამარჯვებაა, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს დამარცხებაა.
ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამას არა მხოლოდ იდეოლოგიური მუშაობის გააქტიურება არამედ, სპეცსამსახურების შესაბამისი მოქმედებაც სჭირდება, მაგრამ აქვე გეკითხებით - რომელი აგენტი გამოავლინა ბოლო დროს ჩვენმა კონტრდაზვერვამ? არავინ!
რაც შეეხება გია ცერცვაძეს, საზღვარზე გასვლის დროს, მხოლოდ ბაზაში ყოფნა არ არის საკმარისი, აუცილებლად კონკრეტული პასუხისმგებელი პირისგან უნდა მიეღოთ დასტური, რომ გია არ გაეშვათ. გამოვრიცხავ იმას, რომ დასტურის გარეშე ის გაეტარებინათ. გარდა ამისა, არამცთუ უნდა გაეფრთხილებინათ, კანონის მიხედვით უნდა მომხდარიყო ქართული მხარის მიერ მისი დაკავება“ - განაცხადა ,,ნიუპოსტთან“ ირაკლი ქურასბედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






