დღეს უკრაინის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძე პატიმრობში დატოვა. მომავალი სხდომა 3 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა დღესვე, ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ დაადასტურა, რომ ცერცვაძესთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაცია დღესვე გადაიგზავნებოდა სააპელაციო სასამართლოში და უწყება მას პატიმრობიდან გაათავისუფლებდა.
,,ცერცვაძე თავისუფალია“ - წერს გენპროკურორი ლუცენკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს. ცერცვაძემ, რომელზეც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოს საზღვარი გასული წლის 23 დეკემბერს დატოვა, თუმცა ქართველ მესაზღვრეებს ის არ დაუკავებიათ და არც ის უცნობებიათ მისთვის, რომ ინტერპოლის წითელ ცირკულარში იყო შეყვანილი.
ცერცვაძის დაკავების შესახებ მისმა მეუღლემ, ტატიანა მესხმა საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 იანვარს აცნობა, თუმცა როგორც ის აცხადებს, რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, მანამ, სანამ აღნიშნულ საკითხზე მედიის მხრიდან არ მოხდა დაინტერესება.
ცერცვაძის დაკავებამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები გააჩინა ქართველ პოლიტიკოსებში. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლებას, კანონის მიხედვით, ცერცვაძე საზღვარზე უნდა დაეკავებინა და მისთვის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფნის შესახებ ეცნობებინათ. ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებში გაჩნდა ეჭვი, რომ ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებს ქართული მხრინდა ჰქონდა მიწოდებული.
მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პირობა დადო, რომ ქართველი მებრძოლი, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, გათავისუფლებული იქნებოდა და უკრაინა მას რუსეთს არ გადასცემდა.
მასალის გამოყენების პირობები






