წერილი, სადაც წლების წინ თელავის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბი და მკვლელობაა აღწერილი, რამდენიმე ცნობილმა ჟურნალისტმა გაიზიარა, თავდაპირველად კი იგი რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის გვერდზე გამოქვეყნდა.
"ნიუპოსტი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"გაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტური გამოძიებისათვის.
არსებულ ინფორმაციის მიწოდებას აზრი არა აქვს პროკურატურისათვის - თუ რატომ, ამას თავად მიხვდებით.
ლაპარაკია ორმაგ მკველობაზე, რომელშიც გარეულია ახლანდელი შშს-ს მინისტრის ღარიბაშვილის ოჯახის წევრები.
არსებულ ინფორმაციას ვაწვდით ყველა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთის რედაქციას, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მოკლედ ყველას, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში.
ვინაიდან ხდება წლების განმავლობაში მიჩქმალული მრავალი კრიმინალური ფაქტის ხელახალი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ამიტომ ამ მხრივ ფრიად აქტუალურია ეს ეპიზოდიც, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰყავს უამრავი მოწმე და თვითმხილველი, თუმცა წლების განმავლობაში ხდებოდა მისი მიზანმიმართული მიჩუმათება...
ეს ფაქტი მოხდა რამოდენიმე წლის წინ თელავში, მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის თამაზაშვილის ( შშს-ს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) ამ პოსტზე მოღვაწეობის პეროდში:
თამაზაშვილის ქალიშვილის ნუნუკა თამაზაშვილის ( მინისტრ ღარიბაშვილის მეუღლე ) კლასი შეიკრიბა სკოლის დამთავრების ბანკეტზე თელავის ერთ-ერთ დიდ რესტორანში. თამაზაშვილის ბრძანებით, რესტორანი დაიკეტა სხვა კლიენტებისათვის, რათა უცხო ხალხს ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეეშალათ დროსტარებაში.
მცირე დროის შემდეგ რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილი (ამჟამად საყართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი კოალიციიდან "ქართული ოცნება" ), რომელმაც სცადა რესტორანში შესვლა, თუმცა დაცვამ არ გაატარა. ამავე დროს რესტორანთან მოვიდა სხვა მოქალაქეთა პატარა ჯგუფი იმავე მიზნით, დაცვამ არც ისინი შეუშვა. ამ მიზეზით ატყდა ჩოჩქოლი, რაც გადაიზარდა ჩხუბში ლექსო თამაზაშვილსა და ახლად მოსულ მოქალაქეთა ჯგუფს შორის.
ამ სიტუაციას შეესწრო კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის სიმონიშვილის პირადი მძღოლი, რომელმაც ინცინდენტში მონაწილეებს შორის ამოიცნო თამაზაშვილის ვაჟი ლექსო და გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩხუბის მონაწილეები დაეშორიშორებინა და შუაში ჩამდგარიყო.
ასეც მოიქცა და უცნობები გაიყვანა მოშორებით. ამასობაში ლექსო თამაზაშვილმა ჯიბიდან ამოიღო ეგრეთწოდებული "ლიმონკა" და მათი მიმართულებით ისროლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სიმონიშვილის პირადი მძღოლი, დაშავდნენ ადამიანები. აფეთქების ხმაზე შეიყარა ხალხი. ამ სიტუაციის თვითმხილველია უამრავი ადამიანი, თამაზაშვილის ქალიშვილი, მისი კლასელები... იმისთვის, რომ ლექსო თამაზაშვილის დაკავება არ მომხდარიყო, დაიწყო ფაქტების დამახინჯება, მიჩუმათება, მიჩქმალვა.
თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი, იეზიდი ეროვნების კახეთის მაცხოვრებელი, სრულიად მარტოხელა ადამიანი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი, პატრონი და გამკითხავი. პოლიციამ "დაკითხა" დაკავებული და თან ისე "დაკითხა", რომ დაკავებული, უბრალოდ, ხელში შემოაკვდათ.
გარდაცვლილი დაკავებული, როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი ეჭვმიტანილი, ვითომ გადაჰყავდათ თელავის წინასწარი დაკავების საკნიდან ყვარლის პოლიციის შენობაში და ვითომ მათ გზაზე გადაუდგნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები და "მკვლელი" ჩაქოლეს. სინამდვილეში ის "ეჭვმიტანილი" უკვე მოკლული იყო პოლიციელების მიერ "დაკითხვისას". იმისათვის, რომ მოკლული მძღოლის ნათესაობა ჩუმად ყოფილიყო, თამაზაშვილმა არამხოლოდ დააშინა, არამედ გარკვეული კომპენსაციაც გადაუხადა - აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები სრულიად აიღო საკუთარ თავზე.
თამაზაშვილი ახლახან გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად ციხიდან. რამდენიმე წლის წინ იყო გასამართლებული ავტომატის უკანონო ტარებისათვის. მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს სიმამრის რეაბილიტაციას, თითქოს და მის სიმამრს იარაღი უკანონოდ ჩაუდეს და უნდა აღადგინოს სამართლიანობა.
ხომ არ დაიწყებდა სამართლიანობის აღდგენას ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გასამართლებით? მისი ორი ახლო ნათესავი 2 ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე და მისი მეუღლე მინიმუმ 1 მკვლელობის მოწმეა. რითაა ეს კრიმინალური ეპიზოდი ნაკლები რობაქიძის თუ გირგვლიანის საქმეზე?", - ნათქვამია წერილში.
წერილით დაინტერესება უკვე გამოხატა რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტმა, რომლებიც თავიანთ გვერდებზე წერენ, რომ ამ თემით აუცილებლად დაინტერესდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






