საქართველოს ხელისუფლება კრემლის შანტაჟის მთავარ იარაღთან - „გაზპრომთან“ დათმობაზე წავიდა.
საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას დათანხმდა. გასაიდუმლოებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს, 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება.
ენერგეტიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ „გაზპრომისგან“ ფასდაკლებაც მიიღო. (იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, გასპრომი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის).
თუმცა, წინა კვირას ხელისუფლებამ ისიც აღიარა, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება რუსული ულტიმატუმის შედეგია. მთავრობის განმარტებით, მოთხოვნის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში „გაზპრომი“ სომხეთს გაზს ალტერნატიული გზით მიაწვდიდა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას, აბსურდს უწოდებენ ექსპერტები, რადგანაც ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის მიმდინარე წლიური გამტარუნარიანობა 1 მლრდ კუბ.მ-მდეა, ხოლო სომხეთის მოხმარება 2 მლრდ-ს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის მიმდინარე წლიური გამტარუნარიანობა 1 მლრდ კუბ.მ-მდეა, ხოლო სომხეთის მოხმარება 2 მლრდ-ს აჭარბებს. ამასთან, სომხეთს ირანთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც სომხეთი ირანიდან მიღებული გაზით ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს, მის ნაწილს კი ირანს აწვდის. ამდენად, ირანიდან გაზსადენის სრული რესურსის სომხეთის მომარაგებაზე გადართვა მარტივი არ არის. მისი გამტარუნარიანობის გაზრდა ტექნიკურად 2-2.5 მლრდ კუბ.მ-მდეა შესაძლებელი, თუმცა, არა მოკლევადიან პერიოდში.
შესაბამისად, სომხეთის გაზით ირანიდან მომარაგება რუსეთის მხრიდან მორიგი შანტაჟი იყო, რასაც კალაძე უპრობლემოდ დათანხმდა.
რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც სომხეთისთვის გაზის მიწოდების ერთადერთი საშუალება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში, მნიშვნელოვან ბერკეტად, ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისთვის გაუგებარია. სპეციალისტების განმარტებით, ამ პირობებში საქართველოს ჰქონდა შანსი, კონტრაქტის პირობების სასურველი ფორმულირებისთვის მიეღწია.
რატომ გადადგა მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყნისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამგებიანი ნაბიჯი? – არაპროფესიონალიზმის პრობლემასთან გვაქვს საქმე თუ დიდ გარიგებასთან?
დოკუმენტის შინაარსი უცნობია ქვეყნის პირველი პირისთვისაც, იმ ვითარებაში, როცა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულების დეტალები პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოს პირველი პირებისა და პარლამენტის განხილვის თემა უნდა იყოს.
შესაბამისად, “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ კითხვები აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც.
მარგველაშვილი მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, განახორციელოს კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკების და საფრთხეების დაზღვევა.
პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის თქმით, „ჩვენ მივიღეთ იმაზე გაუარესებული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდა საქართველოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ცალსახად უალტერნატივოა იმასთან მიმართებაში, რომ სომხეთმა მიიღოს გაზი საქართველოს გავლით,“ - განაცხადა მაია მელიქიძემ.
აქვე მელიქიძე ეხმაურება იმ საკითხს, სადაც საუბარი იყო, რომ ირანიდანაც იყო შესაძლებელი გაზის ტრანზიტი სომხეთისკენ, თუმცა მელიქიძე ამბობს, რომ ეს ტექნიკურად ცოტა რთული და ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გაუმჭვირვალედ, არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი და რაც მნიშვნელოვანია, ექსპერტები არ იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი,“ - აცხადებს მელიქიძე.
პრეზიდენტის პოზიციას გუშინდელ ბრიფინგზე კახი კალაძის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც პირველი პირის მოწოდებას, „არაკვალიფიციური და უარგუმენტო“ უწოდა.
ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულების დეტალებს გაეცნოს.
კალაძის ენაზე საუბრობს მმართველი პარტიაც. „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილს “გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხში კომპეტენციას უწუნებს. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების დეტალებზე მარგველაშვილმა მწვავე განცხადება ადმინისტრაციაში ისე გააკეთა, რომ კომუნიკაცია ენერგეტიკის მინისტრთან არ ჰქონია.
უმრავლესობისთვის მიუღებელია პრეზიდენტის მოსაზრება, პარალმენტისთვის საზედამხედველო ფუნქციის შეხსენებასთან დაკავშირებითაც.
„გაზპრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კვლავაც აღნიშნა, რომ დოკუმენტი არ გასაჯაროვდება, რადგან ის ,,კომერციული საიდუმლოებაა“.
საერთაშორისო ვალდებულებას ახსენებენ მთავრობას პოლიტიკოსები და კალაძის პოზიციას კანონთან დაპირისპირებას უწოდებენ.
ეროვნულ-დემოკრატი გურამ ჩახვაძე ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ სატრანზიტო ტარიფების გამჭვირვალობის პრინციპი შეტანილი იქნა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის პროტოკოლის პროექტში.
,,როგორც დასავლეთის ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ჩართულნი არიან გაზის მილსადენებით ტრანსპორტირებაში, სატარნზიტო ტარიფები არის არის დაფარული.
თუ გაზის ტრანზიტის ტარიფები წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, ვთქვათ იგივე ევროპაში, მაშინ რა ინფორმაციას დაეყრდნო ერთის მხრივ გაზპრომი და მეორეს მხრივ ენერგეტიკის მინისტრი, როცა აცხადებენ, რომ საქართველოზე რუსული გაზის ტრანსპორტირების შეთანხმებული ფულადი ფორმა ანალოგიურია ევროპაში მიღებული ტარიფების განაკვეთების.
ენერგეტიკის მინისტრის მიერ საერთაშორისო კონსორციუმის, შაჰდენიზის გაზსადენით გაზის ტრანზიტის პირობების, გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გაიგივება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აზერბაიჯანული გაზის საქართველოზე ტრანზიტის პირობებს, მათ შორის ტარიფის სახით თუ რა ხვდება საქართველოს, შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტში. ასევე, მაგალითად, ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენის კონტრაქტი კი პარლამენტმა განიხილა და კანონის სახით დაამტკიცა“ - აცხადებს ჩახვაძე.
მისივე განმარტებით, საქართველო სომხეთის მილსადენი სახემწიფო საკუთრებაშია და მისი ექსპლოატაციიდან შემოსული თანხები, მათ შორის ტრანზიტის, სახელმწიფო ფინანსებია. ,,მათი განკარგვა ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის კონტროლს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო ფინანსები, რომელსაც გაზის ტრანზიტიდან შემოსული თანხებიც მიეკუთვნებიან ვერ და არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის დაფარული, სხვა შემთხვევაში, კომერციული საიდუმლოების დამცველმა სახელმწიფო მოხელეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს კანონთან დაპირისპირებაა“ - აცხადებს ჩახვაძე.
მისი თქმით, გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება თავისი არსით საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რადგან ქართული მხარედან ხელმომწერი, სახელმწიფოა, ენერგეტიკის მინისტრის სახით. ,,ამიტომ ყოვლად გაუგებარია, როგორც პოლიტიკურად ასევე სამართლებრივად საქმის კურსში არ იყოს და ხელშეკრულების პირობები არ იცოდეს, პარლამენტმა, უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ და პრეზიდენტმა, სახელმწიფოს მეთაურმა, და საგარეო ურთიერთობებში პირველმა პირმა“ - ამბობს გურამ ჩახვაძე ,,ნიუპოსტთან“.
,,ახალი ერთობა - საქართველოსთვის“ წევრი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ ეს არის საერთშორისო კონტრაქტი, რომელიც არანაირად არ ხვდება საიდუმლო დოკუმენტთა ნუსხაში. მისივე თქმით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების დადებამდე საექსპერტო წრეებთან და ქვეყნის პირველ პირთან კომუნიკაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
"ასეთ საკითხებში არათუ პრეზიდენტი, არამედ მოსახლეობა, საექსპერტო წრეები და პოლიტიკური ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართულნი, რადგან ეს საკითხი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ეს ცალკე აბსურდული მდგომარეობაა"- უთხრა "ნიუპოსტს" მამუკა ჟღენტმა.
,,ახალი ერთობა - საქართველოსთვის“ წევრი ეჭვობს, რომ "გაზპრომთან" შეთანხმებას კალაძემ ჯერ კიდევ შარშან მიაღწია, დღეს კი ამ შეთანხმებას ასრულებს.
"საქართველოში არსებობს კანონი საიდუმლო დოკუმენტების თაობაზე, რომელიც რეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს საერთაშორისო კონტრაქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმა არანაირად არ ხვდება საიდუმლო დოკუმენტთა ნუსხაში. შესაბამისად, თუ დოკუმენტის გასაჯაროება ბატონი მინისტრის გადასაწყვეტია, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი საიდუმლოების ნუსხაში არ შედის. მე რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი შარშანაც არსებობდა, უბრალოდ არჩევნების გამო შარშან არ გამოამჟღავნეს და დღეს გვითხრეს, რომ რაღაცა დოკუმენტს აწერენ ხელს. ახლა ხდება იმ დაპირების აღსრულება რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან გამართული მოლაპარაკების დროს აღუთქვა რუსულ მხარეს" - დასძინა დიპლომატმა.
მამუკა ჟღენტი თვლის, რომ რუსულ ენერგოგიგანტის პირობების მიიღება სახელმწიფო ღალატია.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. გასაიდუმლოებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის წარდგენის მოთხოვნით ორგანიზაციამ ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა.
„საქმე ეხება არა უბრალოდ ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას, არამედ ის დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან, მათ შორის, უსაფრთხოებასთან. ველოდებით ენერგეტიკის სამისნიტროსგან წერილობით პასუხს, რომ შემდეგ სამართლებრივად ვიმოქმედოთ. ეს არ არის კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოსა და გაზპრომს შორის გაფორმებული ხელშეკრულება“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






