ეს ადგილი რა თქმა უნდა არ შედის ტურისტული ღირსშესანიშნაობების რიგებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც მიდის იაპონიაში ამ ტყის სანახავად. ტყე აოკიგაჰარა ფუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაჭიმული, იქ მისული ტურისტები ვერც კი ხვდებიან, რომ იაპონიის ყველაზე ბოროტ წერტილში იმყოფებიან.
ტყე აოკიგაჰარა ვულკანის ძირშია გადაჭიმული და სილამაზის საპირისპირო რამ არის. იმ სიმშვიდეს რასაც ბუნების სილამაზე ადამიანს აძლევს, აქ ნამდვილად ვერ მოიპოვებთ.
აოკიგაჰარას მეორე სახელწოდება „ხეების ზღვა“ გახლავთ. ეს სახელწოდება კი სრულებით მართლდება იმ მიზეზის გამო, რომ ფუჯის მთიდან ან ვერტმფრენიდან მისი აღქმა, როგორც ტყის მასივის, შეუძლებელია, მას მოლურჯო ფერი დაჰკრავს მაღალი სიმაღლიდან და აღიქმება, როგორც მოლივლივე ზღვა.
864 წელს ვულკან ფუჯის ამოფრქვევა მოხდა. ლავის ძლიერმა ტალღამ, რომელიც მთის ჩრდილო-დასავლეთის კალთიდან ჩამოედინებოდა, წარმოშვა ლავის უდიდესი ველი, რომელიც 40 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გადაიჭიმა და მასზე უცნაურმა ტყემ დაიწყო ზრდა. ხეების ფესვები, რომლებიც გაქვავებული ლავის სიღრმეში ვერ აღწევენ, მიწის ზედაპირზე ამოდიან, ნაშალი ქვები და კლდის მასივები, საკმაოდ შემზარავ სანახაობას ქმნიან. ტყის ტერიტორიაზე მრავალი გამოქვაბულია. ბევრი მათგანი, მიწის ქვეშ, გადაშლილია რამდენიმე ასეულ მეტრზეც კი, ზოგიერთში კი ყინული ზაფხულშიც არ დნება იმდენად დაბალი ტემპერატურაა.
აოკიგაჰარას რაიონი ტოკიოს მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი საყვარლი კურორტია და აქ უქმეებს ხშირად ატარებენ. ტყის გარკვეულ ნაწილებში არის საფეხმავლო ბილიკები, აქ პიკნიკებსაც აწყობენ, ბავშვები დარბიან, თამაშობენ, ტურისტებს ტყის ბინადრების ხილვაც შეუძლიათ.

თუმცა, ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ სუფთა ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობით. სიტყვა აოკიგაჰარას იაპონელი ბავშვები ჩურჩულით წარმოთქვამენ. ტურისტებს გამყოლები აუცილებლად აფრთხილებენ, რომ უნდა იყვნენ ფრთხილად და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიონ დაგეგმილ მარშრუტს. ამ ხეების ზღვაში დაკარგვა ძალიან მარტივია, ამ შემთხვევაში კი დიდი სიმამაცის გამოჩენაა საჭირო: მოშორდები საფეხმავლო ბილიკს და მორჩა, აუცილებლად დაიკარგები დიდიხნით ან სამუდამოდაც კი. კომპასიც კი ვერ დაგეხმარებათ თავის დაღწევაში: მაგნიტური ანომალია კომპასის ისრებს უმოქმედოს ხდის და ისინი დაუსრულებლად ბრუნვას იწყებენ.
თუმცა, ყველაზე შემაძრწუნებელია ის ლეგენდები, რომლებსაც ამ ადგილებში ამავე ტყეზე ყვებიან. ლეგენდების თანახმად, ამ ტყეში ცხოვრობენ მოჩვენებები. მას „საშიში“ ჯერკიდევ შუა საუკუნეებში უწოდეს, როდესაც შიმშილის წლებში, სასოწარკვეთამდე მისულ ღარიბებს დაუძლურებული ახლობლები ამ მიდამოებში მოჰყავდათ და აქვე ტოვებდნენ სიკვდილის პირისპირ. ისინი ვერ ახერხებდნენ ტყისგან თავის დაღწევას და ამასთანავე, არავინ იყო მომსწრე და არავის ესმოდა სიკვდილთან მებრძოლი ადამიანების ტკივილები. იაპონელები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ადამიანების სულები ბინადრობენ ტყეში და „ნადირობენ“ გზააბნეულ ტურისტებზე, რითიც შურისძიებას ცდილობენ.

21-ე საუკუნეში იაპონიაში შიმშილით არავინ იტანჯება, მაგრამ თავისი ბოროტი როლის შესრულებას აოკიგაჰარა კვლავ განაგრძობს. მისტიურობა და განსაკუთრებული სიწყნარე იზიდავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თვითმკვლელობა აქვთ გადაწყვეტილი. სუიციდის რაოდენობით აოკიგაჰარა ადგილს მხოლოდ სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდს უთმობს. 1970 წლიდან სამართალდამცავმა უწყებამ ოფიციალურად დაიწყო ამ ტყიდან სუიციდის მსხვერპლთა ცხედრების გამოტანა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 5 მილიონი იენი გამოიყოფა. წელიწადში ერთხელ, პოლიცია მოხალისეების ჯგუფთან ერთად, „ასუფთავებს“ ტყეს გარდაცვლილთა გვამებისგან. ცნობილია, რომ ასეთი რეიდების დროს 30-დან 80-მდე ადამიანის ცხედარს პოულობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველკვირეულად ერთი ადამიანი მაინც შედის "ხეების ზღვაში" თავის მოსაკლავად. ახლოს მდებარე სამ სოფელში არის შესაბამისი შენობები, სადაც ამოუცნობ გვამებს ანთავსებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს თვითმკვლელობების შეჩერებას. ადგილობრივები პოლიციის დმხმარე მოხალისეები არიან: ისინი ყოველდღიურად ცდილობენ ტყეში იმ ადამიანების პოვნას, რომლებიც სუიციდისთვის შედიან იქ. ტყეში რამდენიმე ბანერიც არის განთავსებული შემდეგი წარწერებით:

„თქვენი ცხოვრება შეუფასებელი საჩუქარია თქვენი მშობლებისგან. იფიქრეთ მათზე და თქვენს ოჯახზე. თქვენ არ ხართ ვალდებული დაიტანჯოთ მარტოობაში, დაგვირეკეთ - 22-0110“
აოკიგაჰარას ტყეზე ასევე ამბობენ, რომ ხეებს შორის მარტოსული ადამიანი ხშირად ხედავს თეთრ ჩრდილებს, რომლებიც ე.წ. იურეიებს მიეკუთვნებათ. ეს კი გახლავთ იმ ადამიანების სულები, რომლებიც სუიციდის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი იმ ადამიანებზე ნადირობენ, რომლებსაც სულიერი სიმშვიდის მოპოვება უჭირთ, აქვთ სადარდებელი და „თვითმკვლელთა ტყეს“ სტუმრობენ. მათი შიშების წინ წამოწევის უნარი აქვთ, სწორედ ამიტომ, დაკარგული ადამიანი შეიძლება აგონიაში ჩავარდეს, შესაძლოა არარსებული რეალობად მიიჩნიოს და ამ ფონზეც კი მოიკლას თავი.
„ხეების ტყეზე“ დაწერილა არა ერთი წიგნი და გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმიც. გამომდინარე იქედან, რომ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომლის სულიერი სამყაროც სრულებით მშვიდია, ამ ტყეს ალბათ არავინ არ უნდა სტუმრობდეს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერ ლეგენდაში არის მარცვალი სიმართლისა.






მასალის გამოყენების პირობები






