ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა, იგივე კლასიკური ჭიდაობა — სპორტული ორთაბრძოლის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სახეობაა, რომლის ილეთები ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს ეყრდნობა და გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას და მისთანებს. თანამედროვე ფორმით ეს სახეობა საფრანგეთში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ კლასიკური ჭიდაობა 1896 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი, 1904 წლიდან _ მსოფლიოს, ხოლო 1898 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) 1912 წელს დაარსდა და მასში 120 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის, საქართველო.
საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანას ამ სახეობაში მრავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, ყველა ქართველისთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ წელს, მარტში, ეს გრანდიოზული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში, სპორტის სასახლეში ჩატარდა და ცხადია, მასში საქართველოს ფალავანთა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა _ ჩვენი სპორტსმენები გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, თუმცა, ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი და სოსო ჯაბიძე, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ.

გურამ ფერსელიძე, რომელიც 120 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილს დაუპირისპირდა და ორ პერიოდში გაიმარჯვა. ნახევარფინალში ფერსელიძე ევროპისა და მსოფლიოს თურქ ჩემპიონთან და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზორთან _ რიზა კაიალპთან დამარცხდა და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო.
ბრინჯაოს მედალოსანს _ გურამ ფერსელიძეს ჩემპიონატის შესახებ გავესაუბრეთ.
_ გურამ, როგორც ჩანს, 2013 წელი თქვენთვის ძალიან აქტიური, დატვირთული და ნაყოფიერია, მცირე ტრავმების მიუხედავად, საკმაოდ კარგ ფორმაში ხართ და სწორედ ამ ერთი წლის განმავლობაში მოიგეთ თურქეთისა და სხვა საერთაშორისო ტურნირებიც და ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოხვედით, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია და ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანეთ. როგორია თქვენი ემოციები?
_ პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარება, უამრავი საინტერესო სტუმარი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ცნობილი სპორტსმენი გვესტუმრა, გავიცანით ისინი, დავმეგობრდით და ერთმანეთს გამოცდილება, ჩვენი ხედვები გავუზიარეთ. პირადად ჩემთვის, ამ შეჯიბრებებზე გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, თანაც ორმაგად საპასუხისმგებლო, რადგან ჩემს ქვეყანაში ჩატარდა და ქართველი გულშემატკივრის იმედები არ უნდა გაგვეცრუებინა. რამდენიმე შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, ესტონელ ნაბი ჰეიკს მოვუგე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი და მოქმედი ოლიმპიური ვიცე ჩემპიონია და მე იგი ქულების უპირატესობით დავამარცხე, ნაბის ძლევის შემდეგ კი ხორვატ მარკო კოსევიჩს ვაჯობე და მეოთხედფინალში გავედი, სადაც სლოვაკი დევიდ ლენგლიც დავამარცხე.

თურქ სპორტსმენთან მე ტრავმის გამო დავმარცხდი, ფეხი ვიტკინე, ჩვენმა მთავარმა ექიმმა შეხვედრა ამიკრძალა, მაგრამ ტრავმა მაინც ვძლიე, გამაყუჩებლების დახმარებით მაინც ვიასპარეზე და ბელორუს სპორტსმენს_ იოსებ ჩუგოშვილს მოვუგე, რომელიც ქართველია, მაგრამ მათი სახელით ასპარეზობდა, იქ დაბადებულ–გაზრდილია.
საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წარმატებაა. დიდებში ეს უმაღლესი რანგის ჩემპიონატია, უძლიერესი სპორტსმენების თავმოყრა ხდება. მასში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა. ალბათ გახსოვთ, მე გასულ წლებშიც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა და ჩემთვის ყოველი შეხვედრა და მეტოქე დასამახსოვრებელი იყო, ეს ყველაფერი დიდ გამოცდილებას მძენს.
_ ქართველი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა სხვა პასუხისმგებლობაა?
_ რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ასეა, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა, მათ წინაშე ღირსეულად უნდა წარვმდგარიყავი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა ახლდა თან და უფრო მობილიზებულიც ვიყავი. ისინი მეტად გვამხნევებენ და ამ დროს, ძალა, სტიმული გემატება. დიდი მადლობა ამისათვის ყველას. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში გახლდით და მინდოდა, მედლისთვის, ჩემპიონობისთვის მებრძოლა, მაგრამ ჩემს წონით კატეგორიაში თურქი, რომელთანაც დავმარცხდი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი, საკმაოდ კარგი სპორტმენია და მასთან შეჯიბრება ძალიან რთული გამოდგა. თანაც, იცით, რომ ტრავმა მქონდა _ ფეხი ვიტკინე და სამწუხაროდ, ამ შეხვედრის დათმობამ მომიწია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ასპარეზობის შესაძლებლობა მომეცა, მესამე ადგილზე გავედი _ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ, ეს მორიგი გამარჯვება იყო. ვამაყობ იმით, რომ ჩემმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლა.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ წინ დიდი გეგმები მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჩემს გულშემატკივარს არაერთი გამარჯვებით გავუხარებ გულს, ჩემს მრავალრიცხვოვან კოლექციას კი კიდევ არაერთ თასს, მედალსა და სიგელს შევმატებ.
თათა დგებუაძე
მასალის გამოყენების პირობები






