საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატისა და „ეროვნული ფრონტის“ პარტიის ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.
ამის შესახებ ლე პენმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა.
„რეფერენდუმის შემდეგ, რომელმაც აჩვენა ხალხის ნება შეერთებოდნენ რუსეთს, მეც ვაღიარებ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა მხოლოდ ადმინისტრატიული საკითხი იყო საბჭოთა დროიდან, ნახევარკუნძული არასოდეს ყოფილა უკრაინული. გული მწყდება, რომ რეფერენდუმი, რომელიც ორგანიზებული იყო ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნების გამოსახატად, არ იქნა აღქმული საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს მიერ” - განაცხადა მარინ ლე პენმა.
მისივე თქმით, ის ყოველთვის უჭერდა მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
„თუმცა, ამ სიტუაციაში ევროკავშირს უარყოფითი გვალენა აქვს, რაც დაძაბულობის ესკალციასა და კონფლიქტის შენარჩუნებაში გამოიხატება. იმისათვის, რომ ეს გადავლახოთ, აუცილებელია ყველა მხარე მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდეს და რომელიმე მათგანის დემონიზაცია შეწყდეს“ - დასძინა ლე პენმა.
მისი თქმით, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად „საფრანგეთს აშშ-ისა და ნატო-სგან დამოუკიდებლობას“ მისცემს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ „არაეფექტურ და უსამართლო სანქციებს“ კი მოხსნის.
მარინ ლე პენის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით ადრეც დაუფიქსირებია. მიმდინარე თვის დასაწყისში მან განაცხადა, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ანექსია არაკანონიერი არ ყოფილა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის ოფიციალური პირების აღშფოთება მოჰყვა. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ მას შესაძლოა უკრაინაში შესვლა აეკრძალოს.
მასალის გამოყენების პირობები






