"როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, ორი დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ახალბედაშვილმა შეუფარდა ბატონ მერაბიშვილს აღმკვეთი ღონიძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიბე, დაპატიმრება.
მე განვაცხადე გუშინაც, დღესაც და გავიმეორებ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს.
ადამიანის დაკავებისთვის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ჩამონათვალი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს პირი დაკავებული. ასეთებია: როდესაც ემალება გამოძიებას, არ თანამშრომლობს, ამ შემთხვევაში ასეთი გარემოება არ მოიძიება ბატონი მერაბიშვილის მიმართებაში და ანალოგიურად ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართებაში.
ეს ბატონები ყოველთვის ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოს გამოძახების შემთხვევაში. იცით, რომ გამოძიება დაწყებულია გასული წლის დეკემბრის თვეში. შესაბამისად, ამ პერიოდში მათ ოთხჯერ მისცეს ჩვენება საგამოძიებო ორგანოებს, ყველა დაძახებაზე გამოცხადდნენ. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მათ უარი განეცხადებინოთ მისვლაზე და უფრო მეტიც, არ გამხდარა არასდროს საჭიროება იმისა, რომ საჭირო ყოფილიყო მათი იძულებითი მიყვანა საგამოძიებო ორგანოში.
ზუსტად ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ ვითხოვდით როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა პროცესი, არ შეფარდებოდა არცერთი აღმკვეთი ღონისძიება როგორც მერაბიშვილს, ასევე ჭიაბერაშვილს.
ბრალდება დაკავებისას საფუძვლად უთითებს, რომ თითქოს მერაბიშვილს აქვს საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა და საზოგადოებრივ აზრზე. ცოტა გაუგებარია, რა შუაშია ეს მოტივაცია იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაპატიმრებული. მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბშვილს ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ამჟამად იგი წარმოადგენს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს და აბსოლუტურად შესაძლებელი და გასაგებია, რომ მას ექნება გარკვეული გავლენა საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანი იყოს დაკავებული.
ასევე, ჩვენ ვნახეთ ბრალდების მიერ აპელირება იმაზე, რომ ბატონი მერაბიშვილის მეუღლე იმყოფებოდა საზღვარგარეთ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აღმკვეთი ღონისძიება მიმდინარეობდა და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მერაბიშვილიც მიემალებოდა გამოძიებას.
განვმარტავ, რომ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ამაზე აპელირებდა ბრალდება, ბატონი მერაბიშვილის მეუღლე იჯდა თვითმფრინავში და მოფრინავდა საქართველში.
აქვე საინტერესოა ერთი გარემოება, როდესაც ბრალდება მიუთეითებს იმაზე, რომ ბატონი მერაბშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გარკვეული თანხა და ეს შეიძლება ყოფილიყო საფუძველი იმისა, რომ თუ მას ჰქონდა გარკვეული თანხა, ის აუცილებლად მიიმალებოდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანალოგიურ დათქმას ვერსად ვერ ამოიკითხავთ სისხლის სამართლის კოდექსში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ეს გახლავთ არაუფლებამოსილი პირის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ რაში გამოიხატა ეს გარემოება, გეტყვით, რომ კანონი პროკურატურის შესახებ პირდაპირ მიუთითებს თუ რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი წესებით ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას: პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის"
მოგეხსენებათ, რომ ბატონი მერაბიშვილი და ბატონი ჭიაბერაშვილი იყვნენ მთავრობის წევრები და მათ მიმართ კანონმდებლობა აწესებს მაღალ სტანდარტს. არსებობს ასეთი რამ კანონმდებლობაში, რომ მაღალი თანამდებობის პირს აქვს სხვა სტანდარტი. შესაბამისად ეს სტანდარტი განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მათ მიმართ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






