საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს.
ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას "კაპიტულაციას" უწოდებენ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას "სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის" გასამართლებით ემუქრება. ერთადერთი ვისაც კახი კალაძის დაგაწყვეტილება მოსწონს სამთავრობო გუნდია. "ქართული ოცნება" კალაძის გადაწყვეტილებას ისე მიესალმება, რომ დეტალები არ იციან.
რუსული ენერგოგიგანტის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაზპრომის წინადადებას არ დათანხმდებოდა, ბუნებრივ აირს სომხეთში ირანის გავლით გაატარებდა.
ენერგეტიკის სამინისტრო ტრანზიტის გატარების ფასს მკაცრად ასაიდუმლოებს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა.
აქამდე მოქმედი კონტრაქტით, საქართველო გატარებული გაზის მოცულობის 10 % - ს იღებდა. როგორც მარიამ ვალიშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, ახალი შეთანხმებით, გათვალისწინებული თანხა 10 პროცენტის საფასურზე ნაკლებია.
მარიამ ვალიაშვილის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელიც 15 წლის განმავლობაში მოქმედებდა, 31 დეკემბერს დასრულდა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 2016 წლის მოლაპარაკებების დროს, რუსულმა მხარემ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, იმის შესახებ, რომ აღარ აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას ძველი პირობებით. ვალიშვილის თქმით, თუკი რაიმე ბერკეტი არსებობდა, რომ წინა წლის პირობები შენარჩუნებული, საქართველომ ყველა მათგანი გამოიყენა.
"დათანხმება მოხდა იმ პირობებზე რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ ადეკვატურად იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტულად არსებობს. რუსეთის პოზიცია იმთავითვე ვიცოდით, მრავალი წელია მას მონეტიზაციაზე გადასვლა უნდოდა. მათგან იყო მითითება, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ მონეტიზაციით ხდება ანალოგიური სერვისების მიწოდება და მართლაც ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა რუსული მხარისგან, რომ 2017 წელს კატეგორიულად მოითხოვდნენ ფულად ანაზღაურებას და არ გააფორმებდნენ ახალ კონტრაქტს ძველი პირობებით. შესაბამისად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა მაქსიმალური ფინანსური მომგებიანობის მიღების კუთხით. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება რომელიც იქნა მიღებული, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაძლევს გარანტიას, რომ ქვეყანაში სატრანზიტო შემოსავლები არ დაიკარგება და იქნება შენარჩუნებული, რაც შეიძლება სომხეთის ტრანზიტთან გამომდინარე ქვეყანამ მიიღოს”- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ მარიამ ვალიშვილმა.
მისი თქმით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებს მიხედვით, 2 წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შეეძლება რუსეთისგან ბუნებრივი აირი შეიძინოს.
„ზამთარში სულ დგებოდა იმის საჭიროება, რომ პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, რუსული გაზი შემოგვეტანა. აქაც შემცირებული, ფიქსირებულ ფასად შეგვეძლება ბუნებრივი აირის ყიდვა. ვფიქრობ, რომ ამ ორი კომპონენტის და მოკლევადიანი კონტარქტის გათვალისწინებით, ეს იყო ყველაზე ოპტიმალური შედეგი, რომელიც მთავრობამ გადაწყვეტილების სახით მოიწონა“- განმარტა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
ვალიშვილის თქმით, საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. თუმვა როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, კონტრაქტის პირობები კომერციული საიდუმლოებაა ამიტომ მას საზოგადოება ვერ იხილავს.
„ტრანზიტის მოლაპარაკებები ყოველთვის კომერციული საიდუმლოებაა ყველა ქვეყანა ცდილობს ეს მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ფორმატში. გარწმუნებთ, რომ ეს შეთანხმება არის ერთ-ერთი საუკეთესო საფასური რაც კი ამ სერვისში გადაიხდება. არ ვთვლი იმ გამონაკლისებს, რომლითაც საქართველოს წლების განმავლობაში 10 % ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ახალი ხელშეკრულებით ეს არის ერთი-ერთში 10 %, მაგრამ 2017 წელს ეს არის თითქმის ათი პროცენტი, 18-ში შედარებით ნაკლებია“- თქვა ვალიშვილმა.
კითხვაზე - ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ: "შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ, არ გვაქვს ვალდებულება", შეგიძლიათ, რომ ზუსტად გვითხრათ რა ვალდებულებები გვაქვს აღებული "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულებით და რა სანქციებია ჩადებული დოკუმენტში?
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: „ჩვენი ვალდებულება ნამდვილად არის, ის რომ თუ ქვეყანას დასჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირი რუსეთისგან შეგვეძლება ათასი კუბური მეტრის 185 ამერიკულ დოლარად შეძენა, ეს გაზი არ არის, ასე ვთქვათ, კომერციული სექტორისთვის გამიზნული, ეს არის დეფიციტის დასაბალსნებლად.
ჩვენ შეგვეძლო არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება და ისე მიგვეღო ეს აირი, თუმცა ამ შემთხვევაში არ გვეცოდინებოდა არც საფასურის შესახებ, არც ფინანსური შედეგი და არც ის შემოსავლების საკითხი, რომელიც ტრანზიტის მომსახურების ნაწილში დღეს უკვე თავისი შედეგიანობით, განსაზღვრულად გვაქვს. ბუნდოვანებას, შესაძლო ნეგატიური შედეგებს ვამჯობინეთ განსაზღვრული 2 წლიანი სახელშეკრულებლო ფორმატით, როცა ვიცით რომ ვიღებთ გარანტირებულად ამ შემოსავალს და ვიცით რას ვიხდით იმ გაზში რაც რუსეთიდან მოგვეპოვება“- აღნიშნა კალაძის მოადგილემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს.
შეთანხმება ორწლიანია და პირველ წელს ქვეყანა ნედლეულთან ერთად თანხასაც მიღებს, სომხეთში ტრანზიტული გაზის გატარების სანაცვლოდ. მეორე წელს კი, მხოლოდ ფულად ანაზღაურებას.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების ირგვლივ კითხვები აქვთ არასამთავრობოებს. (23 არასამთავრობო ორგანიზაცია) თუ რატომ შეიცვალა პირველად, 15 წლის განმვალობაში ხელშეკრულების მთავარი პირობა. “გაზპრომთან” გასაფორმებელი კონტრაქტის გასაჯაროებას ითხოვს.
ამასთან 18 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “გაზპრომთან” განახლებული ხელშეკრულების პირობების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






