ქრისტეშობას დასავლური სამყარო და ზოგიერთი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს, ნაწილი - 7 იანვარს.
მაცხოვრის შობით აღსრულდა უფლის დანაპირები, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა გააჟღერა: ”აჰა, მიუდგეს ქალწული და შვას ძე და სახელი მისი ემმანუელ,” რაც თარგმანებით ნიშნავს: ”ჩვენთან არს ღმერთი.”
რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.
იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა, უმეტესად სპარსეთში, ებრაელთაგან იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ, რომ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მართალია წინასწარმეტყველება მესიის ვარსკვლავის შესახებ სულიერი გაგებით იუწყებოდა, მაგრამ ღმერთმა, მისი გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ცნობა მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით მისცა.
როცა ქრიტეს შობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი, ყოველი თავისი ქვეყნიდან, გაემართნენ პალესტინისკენ.
იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ისევ ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა, ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწყვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მათთვის მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გამოიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.
მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ მონათხრობში კიდევ ის არის შესანიშნავი, რომ პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.
განკაცებული უფლის შობა პირველად მწყემსებს ასე ახარეს ანგელოზებმა:
- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!
ქრისტეშობას გილოცავთ!
„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ“ (ლუკა 2, 8-20).
მასალის გამოყენების პირობები