ზოგადად, მარიხუანას, იგივე პლანის, იგივე კანაფის დეკრიმინალიზაციაზე „პოლიტიკური პრივატიზაცია“ ექსნაციონალ „გირჩებს“ აქვთ გამოცხადებული - მთელმა საქართველომ ნახა, 2016 წლის 31დეკემბერს, სააკაშვილის ყოფილმა მეგობარმა და აწ უკვე „გირჩელმა“ ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა „სასტავმა“ „დინგი-დუნგიის“ დასანახად, ანუ პირდაპირ ეთერში პლანი როგორ დათესეს.
მარიხუანის არამცთუ მოხმარება, არამედ, მოშენებაც, ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, მომხდართან დაკაბვშირებით სამართლამდაცავებმა გამოძიება დაიწყეს.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, 31 დეკემბრის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. „დამნაშავეები“ არსად გაქცეულან, თან მათი სახეები ყველა ტელევიზიის ვიდეოკამერამ დააფიქსირა და თუ „პლანის“ „დაანონსებულ დათესვას“ პიარელემენტები არ ახლდა, საინეტრესოა, პოლიცია ამდენი ხანი რას იძიებს?
ჰოდა, ვიდრე გამოძიება ბოლოში გავა, ისეთი პირი უჩანს, რომ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის ინიციატივა „გირჩს“ შესაძლოა, თავად მმართველმა გუნდა „აახიოს“.
სხვათა შორის, „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი, მათ შორის, მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებლებსაც ჩვეულებრივ კრიმინალებად მიიჩნევენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მძაფრები შეფასება თავის დროზე შს ყოფილმა მინისტრმა და „ოცნების“ ე.წ. ახალმა სახემ, კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა.
„პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ის ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი - ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს,“ - ესაა ამონარიდი ნარჩემაშვილის განცხადებიდან, რომელიც მან 2016 წლის 11 ნოემბერს გააკეთა, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ წყარი ეუბნება, „ოცნებაში“ ბევრია ისეთი, რომელიც „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.
„ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც „პლანი“ ერთხელ მაინც არ ჰქოდნეს მოწეული. ამ მხრივ წმინდანები, მგონი, არც „ოცნების“ წევრები უნდა იყვნენ, მაგრამ იციან, რომ „შეფს“, ანუ ბიძინა ივანიშვილს მსუბუქი ნარკოტიკი კი არადა, სიგარეტიც არ „ევასება“. ჰოდა, ხმამაღლა ვერავინ ბედავს იმის თქმას, რომ „გირჩის“ ინიციატივა მისთვის მისაღებია და ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, როგორც მე გავიგე, უმრავლესობის არაოფიციალური სხდომა გაიმართა, სადაც ზუსტად ამ საკითხზე იმსჯელეს. ერთმა დეპუტატმა, რომელიც თავის დროზე ქუჩასთან მწყრალად არ ყოფილა, წამოაყენა წინადადება, რომ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანონ. ეს იდეა, როგორც მე მითხრეს, პრინციპში, ყველას მოეწონა, მაგრამ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს,“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას რესპოდენტი, რომელიც თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
ზოგადად, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება, პოლიტიკური კუთხით თუ მივუდგებით, წმინდა პიარის საკითხია, ანუ ხუთიდან სამ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც „დაუგემოვნებია“ კანაფი. პლანის მომხმარებლები, არაოფიციალურ მონაცმებით, რეგიონებში უფრო არიან. ყველაფერ აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმდენს მოახერხებს, რომ „პლანის მოწევა“ დასჯადი აღარ იყოს, საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
ბარიერის საკითხი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მოგეხსენებათ, წელს, შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ მსუბუქი ნარკოტიკების თემა ერთგვარ საარჩევნო პიარად გამოიყენონ და ამომრჩეველი მოხერხებულად „დააბოლონ“.
ამ ლოგიკის მიხედვით, წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ იგივე „გირჩის“ მოწოდებას ყური დაუგდოს.
ამასთან, ხელისუფლებისთვის არც ის უნდა იყოს მომგებიანი, რომ პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესვის გამო „გირჩის“ ლიდერები პასუხისგებაში მისცეს - ამით ამომრჩეველთა სოლიდურ რაოდენობას დაკარგავს. ამ ფონზე რეფერენდუმი, ალბათ, მართლაც კარგი გამოსავალი იქნება, თუმცა როგორც „ნიუპოსტის“ წყარო ამბობს, ჯერჯერობით გაურკვეველია, „ოცნება“ თავისი ერთ-ერთი წევრის იდეას გაითვალსიწნებს დ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხს რეფერენდუმზე გამოიტანს თუ არა.
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






