მოსამართლის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ ეზოში შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები ტაშით, სტვენითა და ოვაციებით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები "ეგრე!"; "სამართალმა პური ჭამა!".
მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გადაწყვეტილება ერთსაათიანი განმარტოების შემდეგ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებთან მიმართებაში ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბრალდება ორივე დაკავებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ორთვიანი წინსაწარი პატიმრობა მხოლოდ ვანო მერაბიშვილს მიუსაჯა, ზურაბ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით კი აღკვეთის სახით გირაო გამოიყენა: მას 20 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
მანამდე, სხდომის მიმდინარეობის დროს, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, იქნება თუ არა პატიმარი, პოლიტიკაში დარჩება. არც ვანო მერაბიშვილი, არც ზურაბ ჭიაბერაშვილი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზო სპეცრაზმის დამატებითი დანაყოფებით გაივსო. პოლიციელები კიბეებთან და შესასვლელთან განთავსდნენ და პერიმეტრს აკონტროლებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






