უსუფაშვილის ხმაურიან განცხადებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას კონტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადადგომის გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკური ბრძოლის უკიდურეს ზომად იქნეს მიჩნეული:
„ამდაგვარ პოლიტიკურ იარაღზე ჯერკიდევ 2013 წელს ვსაუბროდი, როდესაც ბატონი დავითი იყო მმართველ პოლიტიკურ გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ პრეზიდენტის არჩევამდე, როდესაც ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო, კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, შესაძლოა არ ამოქმედებულიყო, თუ მიხეილ სააკაშვილი გადადგებოდა, ანუ გადადგომა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისა და მიზნის მიღწევის იარაღი, მაშინ ვისაუბრე ამის შესახებ და ვივარაუდე, რომ შესაძლოა არაერთხელ გამხდარიყო ამდაგვარი რამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გამოყენებადი.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს, ბატონ დავითსაც ვეთანხმები, რომ პოლიტიკური ბრძოლა ლეგიტიმურ ჩარჩოებში შესაძლებელია, მას მრავალი მიმართულება შესაძლოა ჰქონდეს და ერთ-ერთია მათ შორის გადადგომა, როდესაც სახელმწიფოებრივი მიზანია გადამწყვეტი. ამას განვიხილავ როგორც უკიდურეს ზომად, თუნდაც პრეზიდენტს, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, იგი არჩეულია პირდაპირი წესით, ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებდა იმისათვის, რომ გადაერჩინა სახელმწიფოებრივად მისი აზრით სწორი იდეა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს არჩევითი პირდაპირი წესით.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, იგი, როგორც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მართვის მქონე სუბიექტი და როგორც მოქალაქე, აღჭურვილია უფლებამოსილებით იმუშაოს კონკრეტული კანონპროექტით და 200 ათასი ხელმოწერით აქციოს იგი კანონპროექტად, რატომღაც ამ ხნის განმავლობაში, რაც არჩეულია პრეზიდენტად ბატონი გიორგი მარგველაშვილი, ამ შესაძლებლობის გამოყენებას, მასზე მსჯელობასაც კი ყველა გაურბის. საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია ეს. მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, დაველოდებით და მერე ჩავერთვებითო, ამან არასწორი კონტექსტი მისცა ამ ყველაფერს და მის ოპონენტებს მისცა საშუალება, ეთქვათ, რომ განაწყენებულია პრეზიდენტიო.
ამის ნაცვლად უნდა ეთქვა, რომ თავიანთ პოზიციას ჩამოაყალიბებენ, მისცემენ კანონპროექტის ფორმას, მიაღწევენ მიზანს ან მიმართავენ ხალხს და ასე ეცდებიან კონსტიტუციის გაუმჯობესებას. ამის შემდგომ თუ მიზანი არ იქნებოდა რეალიზებული, სახელმწიფოებრივად მოტივირებული, რა თქმა უნდა უკიდურეს ზომად, ვთვლი, რომ გადადგომაა იმისთვის, რომ პროცესი გაიწელოს, გადავადდეს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






