ხელისუფლების გასული ,,საოცნებო წელი“ და 2017-ის პოლიტიკური კალენდარი საერთაშორისო გამოწვევებით
პოზიცია - 13:42, 28 Dec, 2016     3279
"ნიუპოსტი" გასული წლის შეჯამებას აგრძელებს. როგორი იყო 2016 წელი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. როგორია შეცვლილი პოლიტიკური რეალობა, რა იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავრი გამოწვევა და რა პერსპექტივები არსებობს 2017 წლისთვის, რაც მთავარია რამდენად აქვს მმართველ გუნდს ქვეყანაში დაგროვილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის რესურსი? რუბრიკა "პოზიციას"-ს სტუმარი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეა.


ექსპერტისაგან მოვისმენთ როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2016 წელს რა შედეგები, პრობლემები, გამოწვევები დგას ქვეყანის წინაშე, გაქრა თუ არა
საქართველო საერთაშორისო რადარებიდან? რა რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად? და რა სახის საფრთხეები გველის 2017 წელს.


- როგორი იყო 2016 წელი "ქართული ოცნებისთვის" და ქვეყნისთვის?

- "ქართული ოცნებისთვის" იდეალური წელიწადი იყო, ამაზე უკეთესს ვერ იოცნებებდა მმართველი პოლიტიკური ძალა. მთავარი მოვლენა იყო არჩევნები, შედეგი კი ყველაზე კომფორტული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე "ქართული ოცნებისთვისაა". უმრავლესობამ 2016 წელს მიაღწია იმ მიზანს, რასაც მას ამომრჩეველი 2012 წელს სთხოვდა - "ნაციონალური მოძრაობის" სრულ ნეიტრალიზაციას. ის პროცესები, რაც დღეს ენმ-ში მიმდინარეობს, დიდი ალბათობით პარტიის გაყოფით დამთავრდება, რადგან ამ ფორმატში პარტიის შენარჩუნების აზრს ვერ ვხედავ, არის წინააღმდეგობების გადალახვის ზღვარი რომლის გადალახვაც შეუძლებელია. ფორმალურად რომ შენარჩუნდეს ერთიანობა, შინაგანი მდგომარეობა იმდენად გამოფიტავს, რომ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობის ადამიანური რესურსი არ ექნებათ.

- რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ, მინდა იმ პოლიტიკური რეალობის შესახებაც გკითხოთ, რომელშიც ქვეყანა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცხოვრობს. მათ შორის საპარლამენტო ცხოვრებას რომ გადავხედოთ, პარლამენტს შეემატა ირმა ინაშვილის პარტია. როგორ ფიქრობთ, რეალურად ვისი ოპონენტია ,,პატრიოტთა ალიანსი"?

- პატრიოტთა ალიანსი ორივე პოლიტიკური ძალისთვისთვის ყველაზე კომფორტული ოპონენტია, რადგან სრულიად სხვა სივრცეში ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის ამომრჩეველი ყველაზე მზარდია რაოდენობრივი თვალსაზრისით ანუ ეს კონსერვარულ-სოციალისტური იდეების ნაზავი, თავად პატრიოტთა ალიანსს არ აქვს ის რესურსი, რომ მთლიანად მის გარშემო შემოიკრიბოს. ამ ეტაპზე ეს ამომრჩეველიც იმედგაცრუებულია.

კონსერვატიულ-სოციალური იდეებით გაჯერებული ზოგადად ძალიან აქტიურია იქნება ეს ევროპასა თუ ამერიკაში. საქართველოშიც მზარდი იქნება ამ ტიპის ამომრჩეველი, მაგრამ როგორც გითხარით ინაშვილის პარტიას აქვს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ის ამ ტიპის ამომრჩეველს ვერ შემოიკრებს, შესაბამისად ამ ტიპის ამომრჩეველი ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ალტერნატიული ძალა ამ ფლანგზე არ ჩანს. ერთადერთი ვინც პოლიტიკური პარტიის ფორმატი შეინარჩუნა არის რეალურად ნინო ბურჯანაძის მოძრაობაა. პერსონას რაც შეეხება დავით უსუფაშვილია, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ შემოიკრიბოს ახალი, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები.

- თქვენ პერსონები ახსენეთ, ვის გარშემოც შეიძლება საზოგადოება შემოიკრიბოს, მომავალ პოლიტიკურ კალენდარში სად ხედავთ გიორგი მარგველაშვილის როლს, თქვენი აზრით, პრეზიდენტის პოლიტიკური ცხოვრება რა განვითარებას ჰპოვებს?

- მარგველაშვილი ამავე პოლიტიკურ სცენაზეა, რომლის გარშემო ცდილობენ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, თუმცა მარგველაშვილი თავად არაფერს გააკეთებს ამგვარი პოლიტიკური ძალის ფორმირებისთვის. თუ მას თავის დროზე გამზადებული პრეზიდენტობა მიართვეს და ასეთივე ფორმით მიართმევენ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ის უარს არ იტყვის.

- ვინ შეიძლება პოლიტიკური ძალა შეუფუთოს ქვეყნის პირველ პირს?

- ამის მსურველი ძალიან ბევრია, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მარგველაშვილის აქტიურობა გაიზრდება. თუმცა მარგველაშვილი ვერ არის ის ქარიზმატული და პოპულისტი ლიდერი, რომელიც საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას შეძლებდა, თუმცა თუ პრეზიდენტი პოპულისტი და ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერების შემოკრებას მოახერხებს, ის სერიოზული თავისტკივილი იქნება მოქმედი ხელისუფლებისთვის. თუმცა დღეს საქართველოში ქარიზმატული ლიდერების კატასტროფული დეფიციტია. არ ჩანან პოლიტიკოსები, რომლებიც დაარწმუნებენ ამომრჩეველს, რომ ხელისუფლების დამარცხების უნარი შესწევთ.

- ვინ და როდის შეიძლება მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა შექმნას?

- ორი ძირითადი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ახალმა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ პოლიტიკურმა ძალამ. პირველი: უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მას უკეთ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას. მეორე - გაცილებით მნიშვნელოვანი ქართულ რეალობაში არის ის, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მათ "ქართული ოცნების" დამარცხება შეუძლიათ ანუ უკეთეს შემთხვევაში ხელისუფლების გაყოფას შეძლებენ. ამ ეტაპზე ასეთი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანს, სანამ ისინი არ გამოჩნდებიან, ხელისუფლებას შეუძლია მშვიდად იყოს. ამ მდგომარეობას თან ერთვის სამოქალაქო სექტორის გარინდვაც. ამ გარინდების მიზეზი კი გარკვეულწილად ხელისუფლების თბილი უბეა. მესამე და ყველაზე მოულოდნელი ტენდენცია რომელიც სააშკარაოზე წლის მიწურულს გამოჩნდა ეს ეკლესიაში არსებული დაპირისპირებაა. ეს ყველაფერი კი ქმნის ისეთ ამინდს, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად მშვიდი. მას ხელისუფლების მიღმა არ ეგულება არც ერთი ინსტიტუცია, ან პოლიტიკური ჯგუფი რომლის მიმართაც სულ მცირე რიდი მაინც ექნებოდა.

- საინტერესო და მოულოდნელი წელიწადი იყო აშშ-სა და ევროპაში. როგორია თქვენი შეფასება და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე?

- საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო მაქსიმალურად მოზომილი, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში უნდა იყოს, იმიტომ რომ 2017 წელი იქნება სერიოზული გამოწვევების წელი. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, ერთ-ერთი საინტერესო აშშ-ს პრეზიდენტად ეგზოტიკური დონალდ ტრამპის არჩევა იყო. აშშ-ს ახალი პრეზიდენტის განცხადებები და დანიშვნები სრულიად ურთიერთგამომრიცხავია. მე მისი ადმინისტრაციის ორ ძირითად ფიგურას დავუთმობდი ყურადღებას ეს არის სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონის წარადგინა, რომელსაც 40 წლიანი კავშირები, მილიარდსიანი ინვესტიციები აქვს რუსეთთან. ტილერსონი ​რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, შესაბამისად თუ კი მის კანდიდატურას კონგრესმა მხარი დაუჭირა, მისი უპირველესი დავალება რუსეთისთვის სანქციების გაუქმება იქნება. ამას პუტინი მწვანე შუქად მიიღებს, რომ მას შეუძლია პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის სფერო გააფართოვოს, რაც ყველაზე საშიში შეიძლება იყოს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ბალტიის ქვეყნებისთვის - ეს არის ძალიან სახიფათო მოსალოდნელი რისკი. აღსანიშნავია ისიც რომ დეკემბრის დასაწყისში ტრამპის გუნდმა აშშ-ს თავდაცვის უწყებას გაუგზავნა ერთგვარი სახელმზღვანელო დოკუმენტი, საიდანაც რუსეთი ამოღებულია საფრთხეების სიიდან, მაგრამ ამავდოულად იგივე ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრად წარდგენილი იყო ჯეიმს მეტისი, რომელიც ალიან ხისტი ანტიირანული და ანტირუსული პოზიციით არის ცნობილი. ის აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად აშშ-ს ბოლო 200 წლიანი ისტორიის მანძილზე. ამის პარალელურად ტრამპს ეკუთვნის გამოთქმა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი ენა არსებობს და ეს არის ძალისმიერი ენა. საბოლოო ჯამში საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი მთავარ ამოცანად და მთავარი შეშფოთების ობიექტად რჩება.

რაც შეეხება ევროპას, აქ ელიან, რომ 2017 დეცენტრალიზების წელიწადი იქნება, ეს პროცესი 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გამოყოფის გადაწყვეტილებით დაიწყო. მომდევნო წელს ევროპაში 10 უმნიშვნელოვანესი არჩევნებია დაგეგმილი, და ათივე არჩევნებში ძალიან ძლიერი პოზიციები აქვთ კონსერვატიულ, ულტრაკონსერვატიულ და სოციალისტურ თემატიკაზე თუ ლოზუნგებზე ორიენტირებულ ძალებს. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და სავარაუდოდ იტალიაში დაგეგმილი არჩევნები, საფრანგეთში პრეზიდენტის პოსტზე ორივე ძირითადი კანდიდატი რუსეთის მიმართ სიმპათიებს არ მალავს. ლეპენი პირდაპირ ამბობს რომ საფრანგეთი უნდა გამოვიდეს როგორც ევროკავშირიდან ასევე ნატოდან და ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

რაც შეეხება იტალიას, აქ გამარჯვების შანსები აქვს ყოფილ სატელევიზიო იუმორისტს, ჩვენი ვანო ჯავახიშვილისა და ვასიკო ოდიშვილის კოლეგას, მან 7-8 წლის წინ შექმნა ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა და როგორც ამბობენ, სწორედ ამ მოძრაობას აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები. ეს პარტიაც ევროზონის დატოვების მომხრეა. თუმცა დამაიმედებელი არის ის მომენტი, რომ პირველ ადგილზე გასულები, საქართველოსგან განსხვავებით საკონსტიტუციო უმრავლესობას არ იღებენ და უწევთ კოალიციური მთავრობების ფორმირება და იმედია ეს კოალიციები არ დათანხმდებიან ევროკავშირისგან მოწყვეტას. თუმცა ცუდი ტენდენცია სახეზეა, იმ ფონზე კი როცა აშშ პასიურია, რუსეთი შეეცდება მაქსიმუმს მიაღწიოს მომავალ წელსაც.

- რაში გამოიხატება აშშ-ს პასიურობა?

- გაგახსენებთ ტრამპის კიდევ ერთ ცნობილ და შემაშფოთებელ განცხადებას. ზაფხულში, როდესაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, მართალია მან ერდოღანის ხელისუფლებას მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკას საკუთარი პრობლემები იმდენად ბევრი აქვს, რომ საკუთარი ქვეყნიდან ნაგვის გატანით უნდა დაკავდეს, ანუ ამით თქვა ის რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია მეზობელ ქვეყნებში ამერიკისთვის პრიორიტეტი არ არის. გამოჩნდა რომ ტრამპისთვის მთავარია შედეგი და ამას ის მიაღწევს დემოკრატიულ თუ ავტორიტარულ სახელმწიფოში მნიშვნელობა არ აქვს, რაც თავისთავად ძალიან ცუდი სიგნალია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ერთ ერთი ყველაზე დიდი რისკი რაც შეიძლება 2017 წელს მოხდეს ეს არის აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის სფეროების აღიარებაა.

გავლენის სფეროებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ აშშ-ს მედია და პოლიტიკური სივრცე , დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები წალეკილია ინფორმაციით, რომ აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ რუსეთი აქტიურად ჩაერია.

- ფაქტია, რომ რუსეთიც ძალიან მწვავე გამოწვევებით ხვდება ახალ წელს, სირია პუტინისთვის კვლავ გადაუჭრელი "პრობლემაა"...

- რუსეთის კამპანია სირიაში თავად რუსებისთვის იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, ავღანეთის ოპერაციაც თავიდან ნაკლები დანახარჯით იწყებოდა, მაგრამ როგორ ჩაეფლო რუსეთი ამ პროცესში ყველამ დაინახა. რუსი ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სირიის კამპანია ხომ არ არის ერთგვარი, ხაფანგი რომელშიც პუტინი სრულიად შეგნებულად შეითრიეს და ხომ არ გახდება სირია რუსეთისთვის მორიგი ავღანეთი. ეს არის ერთადერთი რაც რუსეთში აშფოთებთ. სხვა მხრივ 2016 წელი რუსეთისთვის ტრიუმფის წელი იყო მსოფლიო არენაზე. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რამდენად მძიმე, გამოწვევებით სავსე წელი ელოდება ჩვენ ქვეყანას. ჩვენი ტაქტიკა, კი როგორც ავღნიშნე მუდმივად ტონუსში ყოფნა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პულსზე დაკვირვება უნდა იყოს. ამასთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. მსოფლიოში არ მეგულება ადამიანი, ვინც ტრამპის ნაბიჯებს გათვლის. შეიძლება ის რეიგანის შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდი ტკივილი გახდეს ან პირიქით აღიაროს პუტინის რუსეთის გავლენები და უთხრას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ახლოაღმოსავლეთის ნაწილი წაიღოს. საქართველო ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ემზადოს. გულხელდაკრეფილი ჯდომა ყველაზე დიდი დანაშაულია.

- საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, აქვს თუ არა ოცნების ხელისუფლებას ქვეყანაში დაგროვილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წელს მაინც გამოასწოროს?

- ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, რთული სათქმელია, როგორი იქნება მომავალი წელი, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზისით. ხელისუფლების ფორტუნაზე მეტყველებს ის მოსუფთავებული სივრცე, რომელზეც ვისუაბრეთ.

როგორი იქნება საგარეო ეკონომიკური გამოწვევები უცნობია. ტრამპს ბუნდოვანი გეგმები აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით. აქიდან გამომდინარე მარტო საქართველოს ხელისუფლებაზე არ იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარება. ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაახალწლოდ ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ კარგი რომ არ იქნება 2017 წელი ეს ფაქტია. მინიმუმ ზაფხულამდე მძიმე მდგომარეობა გველის, მერე წინასაარჩევნო პერიოდია და გარკვეული სოციალური ფონი გაუმჯობესდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მერე ალბათ იგივე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს წავაწყდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42