"სირიის არმიის მეთაურობა აცხადებს ალეპოში მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების აღდგენის შესახებ" - ნათქვამია სამთავრობო არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედროების მტკიცებით, ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ყველა ამბოხებულმა და მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ასე რომ ქალაქზე კონტროლი მთლიანად აღდგენილია.
განცხადებაში სირიის არმია, ალეპოზე კონტროლის აღდგენას "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ გარდატეხას" უწოდებს.
აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო და პირველივე დღეს, ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.
თუმცა, ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.
ამბოხებულები კი სამთავრობო არმიის მხარდამჭერ შიიტურ დაჯგუფებას იმ ავტობუსების დაცხრილვაში ადანაშაულებდენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა.
18 დეკემბერს ევაკუაციის პროცესი კვლავ განახლდა.
19 დეკემბერს კი გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ალეპოში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ალეპოში დამკვირვებელთა 20-კაციან ჯგუფს გაგზავნის.
მასალის გამოყენების პირობები






