როგორც თურქული გამოცემა Hurriyet-ი იტყობინება, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 22 წლის ალტინტაში სხვადასხვა ღონისძიებებზე ერდოღანის დაცვას უზრუნველყოფდა. გამოცემის ცნობით, ალტინტაშის მიერ ერდოღანის დაცვის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთანავე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, როგორ ემზადება 22 წლის მევლუთი მკვლელობისთვის.
როგორც გაირკვა, მან ნომერი „თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან“ ახლოს მდებარე სასტუმროში დაჯავშნა. სწორედ ხელოვნების ცენტრში მოხდა მკვლელობა.
მეორე დღეს ცენტრში ტაქსით მივიდა, რთა შეემოწმებინა, ლითონის დეტექტორების გვერდის ავლით, შეძლებდა თუ არა მუზეუმის საგამოფენო დარბაზში შესვლას ისე, როგორც პოლიციელი.
ხელოვნების ცენტრში მეორედ მკვლელობის დღეს, 19 დეკემბერს ისევ ტაქსით მივიდა, თუმცა მუზეუმში მისვლამდე ახალი კოსტუმი შეიძინა, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა. გალერეაში კი პოლიციელის ცნობით მივიდა.
სასტუმროს ნომერი, რომელიც ალტანტიშს ჰქონდა დაქირავებული , ამჟამად დალუქულია. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა ისლამისტური ლიტერატურა, ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ქაიდაზე“ და ჯიჰადზე წიგნები აღმოაჩინეს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მევლუთ მერთ ალტინტაში, ცოტა ხნის წინ რუსეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა და რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას იცავდა მაშინ, როდესაც ალეპოს მოვლენების გამო საელჩოსთან ანტირუსული საპროტესტო აქციები იმართებოდა.
შეგახსენებთ, თავდასხმა ანკარაში, 19 დეკემბერს, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან 9-ჯერ ესროლეს. მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტაში აღმოჩნდა, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: "ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ."
თავდასხმა უკვე შეფასდა ტერორისტულ აქტად. მკვლელობის შემდეგ რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ ეს პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
ცოტა ხნის წინ თვითერზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიის „გამათავისუფლებელმა არმიამ“ (ჯაიშ ალ ფატჰ) აიღო, ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






