„როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში რუსეთს ფედერაციის ბევრი მოქალაქე, კერძოდ, ჩრდლოკავკასიელია. ასევე, ცნობილია, რომ სირიაში პანკისელებიც არიან. შესაბამისად, სირიაში ვითარების სტაბილიზაცია რომ დაიწყოს, ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნდება. აი, ჩვენმა სპეცსამსხურებმა სწორედ ეს რისკები უნდა გათვალონ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ერთი, ნაომარი ადამიანები სამშობლოში რას გაკეთებენ, კაცმა არ იცის. მეორეც, კრემლმა შეიძლება ისე მოაწყოს, რომ იგივე ჩრდილოკავკასიელებს საქართველოსკენ ერთგვარი დერეფანი გაუხსნას, რის შემდეგაც იტყვის, რომ პანკისში ტერორისტები არიან და ამ საბაბით ქვეყნის ხელახალი ოკუპაცია მოახდინოს,“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადამიანი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მუშაობის სტილში კარგად ერკვევა და რომელიც აქვე, ყურადღებას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს. კერძოდ, ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოში დესტაბილიზაციისთვის შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში მყოფი ირანის მოქალაქეებიც გამოიყენოს.
„საქართველოში ირანელების შემოსვლა 2000 წლიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში გახდა. ვერ ვიტყვი, რუსული და ირანული სპეცსამსახურები შეთანხმებულად მოქმედებენ-მეთქი, მაგრამ დასამალი არ არის, რომ ირანს საქართველოში თავისი ინტერესი აქვს - გარდა იმისა, რომ ძველი გავლენის აღდგენას ცდილობს, საქართველო ოფიციალური თეირანისთვის ევროპისკენ უმოკლესი გზაა. ეს ინტერესი გაზსადენსაც უკავშირდება - მართალია, გაზისმწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ ირანი თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, ანუ თავის გაზს ვერ ყიდის. ამიტომ, ირანისთვის საქართველოში ფეხისმოკიდება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, როგორც კი საქართველოში ირანული ბიზნესის შემოსვლა და რელიგიურ სექტორში მოღვაწეობა დაიწყო, ამერიკელები შეშფოთდნენ, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერ ამის უკან, შეიძლება, ირანული სპეცსამსახური იდგა,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც გარკვეულ ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ ირანელები თავის დროზე საქართველოში ინვესტიციების ენერგეტიკაში ჩადებას აპირებდნენ, რაზეც ამერიკელებმა ერთი ამბავი ატეხეს და აშშ-ის საელჩომ ოფიციალური თბილისი გააფრთხილა, რომ ამ თამაშისთვის თავი დაენებებინა.
„ირანის გარდა, საქართველო ისრაელის სპეცსამსახურების სამუშაო ველიცაა, ანუ საქართველოს თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ ირანთან კი არა, ისრაელთანაც აქვს. ირანელი ბიზნესმენები ირანიდან, რომელიც ჩაკეტილი სივრცეა, თავს საქართველოში იყრიან. მოკლედ, ისრაელის სპეცსამსახურები ირანელებთან ოპერატიულ კონტაქტებს ამყარებენ. ამიტომ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ კუთხით განსაკუთრებულ მეთვაყურეობას დავაწესებდი, რადგან საქართველოში ირანისა და ისრაელის სპეცსამსახურების ერთგვარი ჭიდაობა მიმდინარეობს,“ - უხსნის „ნიუპოსტს“ სპეცსამსახურების საქმიანობის მკვლევარი, რომელიც ვინაობის გამხელისგან, გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებს.
სხვათა შორის, „ნიუპოსტისთვის“ კიდევ ერთი საყურადღებო იფორმაცია გახდა ცნობილი, კერძოდ, 90-იანი წლების ბოლოს, ირანელებს საქართველოში „კავკასიურ-ირანული ინსტიტუტი“ დაუარსებიათ, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობდა და რომლის ხელმძღვანელიც მოგვიანებით საქართველოს ხელსუფლების მაღალჩინოსანი გამხდარა. ამ ჩინოვნიკს ირანის საელჩოს თანამშრომელ ჩაჰაბორდთან განსაკუთრებით კარგი ურთირთობა ჰქონია, რომელიც ქართველი სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში არაერთხელ მოხვედრილა. ამასთან, თავის დროზე ქართული სპეცსამსახურები, როგორც „ნიუპოსტმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, ერთ გასაიდუმლოებულ საქმესაც იძიებდნენ, რომლის პირობითი სახელიც „შაკალი“ ყოფილა.
„ირანელები ქვემო ქართლში, მუსულმანებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში, ისეთ ახალგაზრდებს არჩევდნენ, რომლებიც ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და ირანში, ქალაქ ყუმში მიჰყავდათ, სადაც ისლამური ფუნდამენტალიზმის მთავარი სასწავლებელია და სადაც სასულიერო ლიდერებს ამზადებენ. ამ ახალგაზრდებიდან ბევრი მარნეულსა და ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონში, როგორც სასულიერო ლიდერი, დღესაც მოღვაწეობს. ეს 16-17 წლის ბავშვები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რასაკვირევლია, შიიზმის ქადაგებას დაიწყებდნენ და ეს მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები მუსულმანების აბსოლუტური უმეტესობა სუნიტია. შიიზმის ქადაგება კი აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს გაღიზიანებას გამოიწვევდა. სხვათა შორის, აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანური ქვეყანაა, ისეთი მიმდევრობის ლიდერებს, როგორიც, მაგალითად, ვაჰაბიზმი და შიიზმია, სასულიერო მოღვაწეობა კანონით ეკრძალებათ. ქვემო ქართლიდან მოსახლეობის მიგრაცია აზერბაიჯანში, ცხადია ხდება. ქვემო ქართლი კი, ირანული სპეცსამსახურების პლაცდარმია... საერთოდ, ირანის სპეცსამსახური ძალიან ძლიერია და მისი ერთ-ერთი მიმართულება რელიგიის საფარქვეშ სადაზვერვო საქმიანობაა,“ - ამბობს „ნიუპსტის“ ფარული რესპონდენტი.
რაც შეეხება ვაჰაბიზმს, „ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციების თანახმად, საქართველოში ვაჰაბიტები პირველად ე.წ. პირველი ჩეჩნური ომის დაწყებისას, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში გამოჩნდნენ. ამავე პერიოდში, შუაგულ თბილისში, კერძოდ, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში იხსნება „აზიის მუსულმანთა კომიტეტი“, რომლის სათაო ოფისიც კუვეიტშია. ზოგადად, საუდის არაბეთი ვაჰაბიზმის სამშობლოდ არის მიჩნეული. საუდის არაბეთი თავის მხრივ აშშ-ის მეკავშირეა. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამერიკული სპეცსამსახურები საუდის არაბეთის სასულიერო მოღვაწეებს შესაძლოა, ჩეჩნეთში შეესაღწევად იყენებდნენ. ამ გზაზე კი საქართველო შუამავალი რგოლი იყო.
საარქივო მასალების თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ტარდება და ერთ-ერთი სალოცავი სახლიდან დიდი რაოდენობით ვაჰაბიტურ ლიტერატურას იღებენ.
რაც შეეხება „აზიის მუსულმანთა კომიტეტს“, იქ, თურმე, სუნიტური მიმდინარეობის სულიერი მოღვაწეებიც დადიოდნენ. აქვე, აღსანიშნავია, რომ ვაჰაბიზმის ფუნტამენტალისტურ მიმდინარეობამ თავის დროზე ბინ ლადენი, როგორც ლიდერი, შვა.
სხვადასხვა არაოფიცილური ინფორმაციის თანახმად, წლების წინ, კერძოდ, 90-იან წლებში, საქართველოში ვაჰაბიტების მომზადებას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ჯგუფი ედგა სათავეში. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი კი რუსულ სპეცსამსახურებთან ყოფილა გარკვეულ კავშირში.
სხვათა შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჰაბისტი, რომელსაც „ისლამურ სახელმწიფოში“ გავლენიანი თანამდებობა ეკავა, საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტიც, ქართველი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიღუპა და რომელიც დედით ქისტი გახლდათ. ბათირიშვილი თავის დროზე საქართველოს არმიის სადაზვერვო დანაყოფის მებრძოლი იყო და 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა. შემდეგ კი, იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავეს. ითქვა ისიც, რომ იარაღს პანკისის ხეობიდან თითქოს „ბოევიკებსა“ და ჩეჩნურ დაჯგუფებებს აძლევდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ მომავალი ლიდერი პატიმრობაში 16 თვეს გაატარებს და ციხეს 2012 წელს დატოვებს, თუმცა საქართველოში სამსახურს ვეღარ იშოვის. ამასობაში, შუამავლები სირიაში წასვლასა და ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიმდინარე „საღვთო ომში“ ჩართვას შესთავაზებენ, რაზეც დასთანხმდება. ბათირაშვილი, პრინციპში, საქართველოს პირველი მოქალაქე იყო, რომელიც სირიაში საბრძოველად წავიდა. მოგვანებით, მის კვალს არაერთი პანკისელი ახალგაზრდა დაადგა. სირიაში ათეულზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანის დაღუპვის შესახებ კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი - რამზან ბაღაკაშვილი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არასრულწლოვანათან ერთად გასულ წელს გადაკევეთა, სირიის ქალაქ რაქაში, საჰაერო ოპერაციას ემსხვერპლა.
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






