ერთ დღეში - რუსეთის ელჩის მკველობა ანკარაში, თავდახმა ციურიხსა და ბერლინში.
რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მსოფლიო ლიდერებისგან და რა პოლიტიკას გაატარებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია. ,,ნიუპოსტი" თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
„მომხდარი ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს ევროპაში ჯერჯერობით სპეცსამსახურების მუშაობა ვერ დაალაგეს და ახალი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ გადაეწყვნენ. იმედი მაქვს, რომ შეძლებენ ამ საფრთხეებიკენ გადართვას და მოაგვარებენ ყველაფერს. ამ სიტუაციაში პრობლემა ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ დროისათვის გარდამავალ ეტაპზეა, ობამა მიდის, ტრამპი მოდის და შუაში ვართ გაჩხერილები, საბოლოო ჯამში ეს არ არის კარგი არავისთვის.
რუსეთმა კარგად იცის, რომ თურქეთში ეს ამბავი არავის აწყობდა, ასევე იციან, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, მარტოხელა ტერორისტი, ერთადერთი რაც მოხდეს, შესაძლოა რუსეთმა უფრო მეტი თავისუფლება მოითხოვოს რეგიონში“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
19 დეკემბერს საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა რუსეთის ფედერაციის ელჩზე თურქეთში. 1994 წელს დაბადებულმა, პოლიციის მოქმედმა ოფიცერმა მევლუტ მერტ ალტინტასისმა დიპლომატის მისამართით რამდენიმეჯერ გაისროლა,რის შედეგადაც ანდრეი კარლოვი გარდაიცვალა.
ალტინტასი ანკარის ერთ-ერთ გალერეაში ელჩის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა. მას შემდეგ რაც კარლოვმა საკუთარი სიტყვა დაასრულა, თავდამსხმელმა მას ზურგში ესროლა, სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მევლუტ მერტ ალტინტასიმ კი წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:
"დიდება ალაჰს, ჩვენ ვართ მათი შთამომავლები, ვისაც სწამს წინასწარმეტყველი მუჰამედის, წმინდა ომისთვის არ დაივიწყოთ ალეპო! არ დაივიწყოთ სირია! მხოლოდ სიკვდილს შეუძლია გამიყვანოს აქედან. ყველა ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ჩაგვრაში, ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცება! ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ!"
თავდამსხმელის ლიკვიდაცია სამართალდამცავებმა ადგილზევე მოახერხეს, რის შემდეგაც დასავლეთ თურქეთში, ქალაქ აიდინში მისი და და დედა დააკავეს. რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. დაკავებულთა ვინაობა და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან მათი კავშირის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღნიშნულ მკვლელობას დაუყოვნებლივ გამოემხაურნენ რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტი. მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მომხდარი მიმართულია იმისთვის, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ჩიხში შევიდეს, მათი განცხადებით ეს მკვლელობა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ბატონ პუტინს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებთ, ჩვენ ვიცით რომ ეს პროვოკაცია მიმართული იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების ჩასაშლელად, თუმცა ჩვენ არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. დღევანდელი საუბრისას ჩვენ შევთანხმდით უფრო მეტი ძალისხმევით ვებრძოლოთ ტერორიზმს, რუსეთთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ერდოღანმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ჩადენილი დანაშაული გამიზნული პროვოკაციაა:
"ჩადენილი დანაშაული - რა თქმა უნდა გამიზნული პროვოკაციაა , რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიცაზიისა და სირიის სამშვიდო პროცესის ჩაშლისკენ არის მიმართული, რომლის მოგვარებით რუსეთი, თურქეთი, ირანი და სხვა ქვეყნები აქტიურად არიან დაინტერესებულები" - განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსთან ალექსანდრე ბორტნიკოვთან შევხედრისას.
დღეს მოსკოვში სირიის საკითხთან მიმართებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები იკრიბებიან, დიპლომატის მკვლელობის მიუხედავად, შეხვედრა არ გადაიდო.
"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს დღეს ანკარაში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ რუსეთსა და თურქეთს ამ შემზარავი მკვლელობის გამოძიების პროცესში დახმარება, მკვლელობისა, რომელმაც ასევე შელახა დიპლომატების უფლება მშვიდად და დაცულად ემსახურონ საკუთარ ქვეყნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - აღნიშნა ჯონ კერიმ.
მომხდარს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მისი თქმით ცივილიზებულმა მსოფლიომ ფიქრები უნდა შეიცვალოს, რათა არ მოხდეს სიტუაციის უფრო მეტად გამწვავება.
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას ტერაქტი უწოდა. „უშიშროების საბჭომ დაგმო 19 დეკემბერს ანკარაში მომხდარი ტერაქი, რომლის შედეგად თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიღუპა“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტული აქტების შემსრულებლები, ორგანიზატორები და სპონსორები უნდა დაისაჯონ. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ ამ ტერორისტული აქტით შოკირებულია.
თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩზე თავდასხმის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც, რის გამოც, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ამასთაშ, აშშ თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში კი ისლამურ ცენტრთან მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Blick-ი იტყობინებოდა.
ტერორისტულ თავდასხმად შეფასდა გერმანიაში, ბერლინში სატვირთო ავტომობილის შეჭრა საშობაო ბაზრობაზე, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა, 48 კი დაშავდა. როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილი ერთ-ერთ პოლონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა კომპანიის უფროსის განცხადებით, იგი თავდამსხმელმა გაიტაცა, თავად მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს, ასევე გავრცელებული ცნობის თანახმად, თავდამსხმელი გერმანიაში 2016 წლის თებერვალში ჩავიდა ავღანეთიდან, ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავტომობილში ასევე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, თუ რა კავშირი ჰქონდათ დაკავებულსა და გარდაცვლილს უცნობია.
გერმანიასა და თურქეთში მომხდარ თავდასხმებს საქართველოშიც ეხმაურებიან.
ბერლინში მომხდარ ტერაქტს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:
"მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ქალაქ ბერლინში საშობაო ბაზარზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუთანაგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. "- აღნიშნულია პრეზიდენტიდ მიმართვაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია და ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება.
"დღეს ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში."- აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






