19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც 538 წევრისგან შედგება, უკვე ოფიციალურად აირჩევს აშშ-ს პრეზიდენტს. ქვეყნის 50-ივე შტატის დედაქალაქში შეიკრიბება კოლეგიის ადგილობრივი წევრები და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. თითოეულ შტატს იმდენივე ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი ჰყავს, რამდენიც სენატორი და კონგრესმენი ერთად აღებული.
მიღებული წესის თანახმად, თითოეულმა წევრმა მისი ამომრჩევლის ნება უნდა აღასრულოს - დემოკრატებმა ხმა უნდა მისცენ საკუთარი პარტიის კანდიდატს, რესპუბლიკელებმა - საკუთარს. ამ წესს, ჩვეულებისამებრ ყველა იცავს, თუმცა, აშშ-ს ისტორიაში არსებობენ ამომრჩეველთა კოლეგიის ე.წ. "მოღალატე წევრებიც". მაგალითად, 1808 წელს საკუთარი ამომრჩევლის ნებას 6 მათგანმა უღალატა.
ეს პროცედურა აშშ-ში, ძირითადად მშვიდობიანი ფორმით და ფართო საზოგადოებისათვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა, წელს ტრამპის არჩევით უკმაყოფილო ამერიკელები იმ შენობებთან, სადაც კოლეგიის წევრები შეიკრიბებიან, საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ, რომელთა მოწოდებაც ტრამპის არარჩევა იქნება. ისინი აცხადებენ, რომ მართალია კოლეგიაში ტრამპის მხარდამჭერები უმრავლესობას წარმოადგენენ, საერთო არჩევნებში ჰილარი კლინტონმა თითქმის სამი მილიონი ხმით მოუგო ტრამპს და კოლეგიის წევრებმა არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სრულიად ამერიკელთა ნება უნდა დააფიქსირონ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კონსტიტუციის ავტორები, მათ შორის ტომას ჯეფერსონი, აცხადებდნენ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის შექმნის მიზანია არ დაუშვას, რომ დიდმა შტატებმა, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს, დაჩაგრონ პატარა შტატები.
მასალის გამოყენების პირობები






