"ბოლო შვიდი-რვა თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ცილისწამება ვრცელდება ჩვენს წინააღმდეგ, კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამება აისახება ჩვენი ოჯახის ქვეშ დაქვემდებარებულ წარმოებებზე, უკვე აღნიშნეს, რომ არავითარ უცხოურ კომპანიებს აღარ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი იმ ბრალდებების გამო, რომელიც ჩვენს მიმართ ისმის. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, განვახორციელეთ დაახლოებით ექვსი მილიონი ევროს ინვესტიცია, ახლა ვაპირებდით გაფართოებას, ახალი წარმოებების შექმნას, მაგრამ რატომღაც, აღარც ადგილობრივი ბანკები და აღარც უცხოელი პარტნიორები აღარ არიან დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვართ ხალხი ვინც დაანგრია საქართველოს ეკონომიკა. ამ დროს არავინ არ უწევს ანგარიშს და არავინ არ ფიქრობს იმას, თუ ამ ჯგუფმა რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა საქართველოში, დღესაც რამდენი ადამიანია დასაქმებული, რა თანხები შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, როდესაც თავს იწონებენ შემოსავლებით და ბიუჯეტის შესრულებით, მაინტერესებს რა წილი უკავია ჩვენს კომპანიებს ამ ბიუჯეტის შევსებაში და მე ვიცი, რომ ეს საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 100 ჩვენნაირი კომპანია რომ იყოს, ის ბიუჯეტია დღეს შესრულებული. ამ დროს არანაირი ბიზნეს ფორუმები, არანაირი ბიზნეს შეხვედრები, არაფერი ჩვენთვის არ არის, განვიცდით ყოველდღიურ, მასირებულ შეტევას", - განაცხადა ჩოჩელმა.
ბიზნესმენმა დასძინა, რომ გია ხუხაშვილი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად შედიოდა სხვადასხვა თაღლითურ და კანონგარეშე გარიგებებში და დღეისათვის ხუხაშვილის მხრიდან არსებული ბრალდებები მის წინააღმდეგ უსაფუძვლოა:
"ბოლო, ხუხაშვილის განცხადება რა იყო? ვინ არის ხუხაშვილი, როდესაც ჯერ ძიება მიმდინარეობს შპალებთან დაკავშირებით და უკვე აცხადებს, რომ მე შევსულვარ თაღლითურ სქემაში? მე მგონი, მას ეშლება! მან ეტყობა თავისი თავი წარმოიდგინა ჩემს ადგილზე, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად შედიოდა თაღლითურ გარიგებებში, ეწეოდა გამუდმებულ კანონგარეშე ქმედებებს და დღეს ეს საუბარი სურს, რომ ჩემზე გადმოიტანოს, არასდროს, არავისთან, არანაირ სქემაში, ჩვენი ჯგუფი არ შესულა გარიგებაში", - დასძინა ბიზნესმენმა.
ჩოჩელმა შპალების ქარხანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის საჭირო იქნება, იგი მზად არის მისი წარმოებები შეჩერდეს:
"თქვენ ქარხნის დირექტორმა კარგად აგიხსნათ შპალების თემა, ეს ქარხანა მუდმივად იყო წამგებიანი და არსებობს დოკუმენტაცია, არსებობს დოკუმენტაცია 2004 წლიდან მოყოლებული, როდესაც თხოულობდნენ სახელმწიფოსთვის გადაცემას, ვალებთან დაკავშირებით, საიდან წარმოიშვა ეს ვალები, წერილები და მიწერ-მოწერები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ეს ქარხანა დადგა ფეხზე, როდესაც მან მიიღო წარმოების სახე, გაჩნდა პრობლემებიც. არ არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წარმოება და ყველა ერთად, გაჩერდეს! თუ ამით ქვეყნის ეკონომიკას ეშველება, თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ამითი ამუშავდება, ჩვენ მზად ვართ დაიხუროს ყველა და ყველაფერი" - განმარტა ჩოჩელმა.
მასალის გამოყენების პირობები






