რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ამასთან დაკავშირებით ნავალნიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით მან გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო:
„რუსეთი უნდა იყოს მდიდარი, თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს: ნიჭიერი ხალხი, ბუნებრივი რესურსები. მე არჩევნებში მივდივარ პროგრამით თუ როგორ უნდა გახდეს რუსეთი სამართლიანი და თანამედროვე, როგორ დავამარცხოთ კორუფცია, როგორ ვაქციოთ რუსეთის სიმდიდრე თითოეული ოჯახის კეთილდღეობად“- განაცხადა ნავალნიმ.
თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ნავალნიმ გადასახადების შემცირების და მინიმალური პენსიის გაზრდაზეც ისაუბრა.
ნავალნის თქმით რუსეთის ხელისუფლება კონფლიქტებში და ომებში ერთვება და ამაში იმ მილიარდებს ხარჯავს, რომელიც ქვეყნის შიგნით ძალიან საჭიროა.
„არჩევნებში ჩვენ არჩევანი ადამიანებს შორის კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ უძრაობასა და განვითარებას შორის. მე მზად ვარ გაჩვენოთ რომ ჩემი პროგრამა უკეთესია, ვიდრე ის რასაც ხელისუფლება გთავაზობთ. მე, ჩემი გუნდი და ჩემი მხარდამჭერები მზად ვართ ვიბრძოლოთ ხმებისთვის და ამ პროგრამით ჩვენ გავხდით რუსეთს მდიდარს, ძლიერს, თავისუფალს. ამ არჩევნებზე მე მინდა ვიყო თქვენი ხმა, ხმა იმ ათეულობით მილიონი ადამიანისა, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, ზრდიან შვილებს, უყვართ თავისი ქვეყანა, მაგრამ მათი ხმა ხელისუფლებას არ ესმის და იგნორირებას უკეთებს, მათ ხელისუფლება ძარცვავს და ართმევს იმ ღირსეული ცხოვრების საშუალებას, რომელსაც იმსახურებენ“- აღნიშნა ნავალნიმ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2018 წლის აპრილ-მაისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






