წყაროს ცნობით, პროდასავლურ მოძრაობას საქართველოში დასავლეთის ახალი დასაყრდენი იქნება, ეს თავისი სტილითა და შინარსით ახალი ერთობა იქნება, სადაც საზოგადოება იხილავს დიპლომატებს, მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. აღნიშნული მოძრაობისთვის პრორუსული გზა ეს ერთ-ერთი მთავარი ,,წითელი ხაზია“, საქართველოს მომავალი განვითარება მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გადის. ეს ახალი პროდასავლური ერთობაც თავისი შინაარსით ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალი მოვლენა იქნება. თავდაპირველად, ამ ერთობას მოძრაობის სახე ექნება და ამ ეტაპზე მისი პოლიტიკურ გაერთიანებად ტრანსფორმაცია დღის წესრიგში არ დგას, თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული.
,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ამ მოძრაობას ექნება პოლიტიკურ მხარდაჭერა როგორც ევროპის ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეებიდან. მათ შორის ფინანსური კაპიტალიც, დასავლური არხებით იქნება უზრუნველყოფილი.
ზოგადად, 8 ოქტობრის არჩევნების შემდეგ, დამკვიდრდა აზრი, რომ ქართული პოლიტიკა პროდასავლური სეგმენტისგან გაიწმინდა. ამ შეხედულების პედალირებას შეიძლება, ვინმე მიზანმიმართულადაც ახდენს, მაგრამ ე.წ. „დასავლურობის კრიზისისთვის“ ობიექტური მიზეზებიც არსებობს - იგივე ირაკლი ალასანია მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კი არა, არამედ, პოლიტიკიდან დროებით წავიდა. ასევე, გარკვეული რყევები დაიწყო „რესპუბლიკურ პარტიაშიც“. ვითარების დრამატიზება იმანაც გამოიწვია, რომ პარლამენტში, სადაც „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, პროდასავლური იდეების ლობისტად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვევლინა, რომელიც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის თვალში, გასაგები მიზეზების გამო, დისკრედიტირებული ძალაა, ანუ ზოგს ჰგონია, რომ ჭეშმარიტი დასავლური დემოკრატია და ლიბერალიზმი, ესე იგი, ცხოვრების დასავლური წესი ისეთია, როგორ პოლიტიკასაც „ნაციონალები“ მათი ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე ატარებდნენ.
ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა მნიშვნელოვანი ამ კუთხითაც იქნება, კერძოდ, არსებობს ტაბუ, რომ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე „პოლიტიკური პრივატიზაცია“ „ნაციონალებს“ აქვთ გამოცხადებული, ანუ რომ ყველა, ვინც დასავლეთისკენ იყურება, მიშისტია. შესაბამისად, ადამიანების გარკვეული ნაწილი საკუთარი პროდასავლური შეხედულებების აფიშირებას მხოლოდ ამიტომ ერიდება, თუმცა მას შემდეგ, რაც დასაველთი საქართველოში ახალ დასაყრდეს შექმნის, ეს ტაბუ თავისთავად მოიხსნება და „ნაცმოძრაობაც“ „დასავლეთის ფლაგმანის“ მისიას დაკარგავს, რაც დარტყმა მხოლოდ ყოფილი მმართველი გუნდისთვის კი არა, პრორუსული ძალებისთვსიაც იქნება, რომლებიც მუდამ იმით აპელირებენ, რომ დასავლური იდეები და „ნაცმოძრაობა“ ერთი მედლის ორი მხარეა.
მოკლედ, ახალი წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება, რაც დასაბამს, უეჭველი, ბევრ სიახლეს დაუდებს. ყოველ შემთხვევაში, ახალი პროდასავლური მოძრაობის შექმნა, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, დიპლომატები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეები გაერთიანდებიან, იმის მყარი გარანტია იქნება, რომ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს საკუთარი შეხედულებებისამებრ ვერ შეცვლის, რადგან თუ ასე მოიქცევა, პასუხის გაცემა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის კი არა, არამედ, ხალხისთვის მოუწევს. ხალხთან დაპირისპირება კი კარგად არც ერთ ხელისუფლებას არ დაუმთავრებია.
მასალის გამოყენების პირობები






