„ნიუპოსტს“ სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა აცნობეს, სამინისტროებში მასიური შემცირებები იწყება და ის ძირითადად, ქვედა რგოლს შეეხება.
რატომ უშვებენ ადამიანებს სახლებში არჩევნების შემდეგ? - საკადრო წმენდა პრემიერის 4 პუნქტიან ეკონომიკურ გეგმას უკავშირდება.
ჩვენი ინფორმაციით, თავდაცვისა და შს სამინისტროში 1600 ადამიანი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. თანამშრომლების 10%-მდე შემცირებას გეგმავს თბილისის მერიაც.
ერთ-ერთი პირველი ვინც ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იყო.
მეტიც, ჯეჯელავას თქმით, „ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი“.
„საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის "ბექ ოფისის" მხარდამჭერი ფუნციები, იქ "მოვუჭიროთ". დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
გიგლა აგულაშვილი კი აცხადებს, რომ რეორგანიზაციის გეგმა ხარჯების შემცირებასთან ერთად, ადამიანური რესურსების შემცირებას ითვალიწინებს.
„ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე", - განაცხადა აგულაშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ კვირიკაშვილის გეგმა სერიოზულ გარღვევას ვერ მოახდენს. ენმ ბიუროკრატიის შემცირებას ითხოვს.
"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა, ნათლად აჩვენებს, რომ ივანიშვილის მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს და შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული ბიუროკრატიული ხარჯის მნიშვნელოვანი კლება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკა შემოტრიალდეს. ის კოსმეტიკური ცვლილებები, რომელსაც პრემიერადწოდებული კვირიკაშვილი აპირებს, ნამდვილად ვერ იქნება გარღვევა ამ მიმართულებით და პრობლემები იგივე დარჩება რაც დღემდე იყო"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ნიუპოსტთან“ კომენტარში ოპტიმიზაციას “აბსოლუტური აბსურდი“ უწოდა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმაც. მისი თქმით „ქამრების შემოჭერის პოპულისტურ“ განცხადებებს არცერთი ხელისუფლებისთვის სიკეთე არ მოუტანია.
"თანამშრომლებს შემცირება და ამ უნივერსალური ციფრის დასახელება ღრმად არასერიოზულია. ეს წინადადება კამპანიურ ხასიათს ატარებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ ქვეყნის ისტორიაში. შევარდნაძით დაწყებული ყველა ხელისუფალი, რომელსაც პრობლემები უჩნდებოდა საზოგადოებასთან, ხალხში თანამონაწილეობის განცდა რომ გაჩენილიყო ვითომ ქამრების შემოჭერის იმიტაციას იწყენდნენ.
რაც შეეხება კვირიკაშვილის ინიციატივას და 10 % - იან შემცირებას აქ ძალიან მარტივად არის საქმე: თუ ეს თანამშრომლები სჭირდებათ, და მათი გაშვებით სისტემა ზიანდება, დირექტივის გამო რატომ უშვებენ? ხოლო თუ ეს ადამიანები არ სჭირდებოდათ, მაშინ დღემდე რატომ მუშაობდნენ ასეთი უსაქმურები. ერთსა და მეორე შემთხვევაში ჩინოვნიკების მიმართ კითხვები ჩნდება. ოპტიმალური საკადრო ცვლილებები უნდა ტარდებოდეს ყოველთვის და არა მაშინ, როცა დირექტივას მიიღებ ზემოდან. ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი: თანამშრომლებს ამცირებენ ეფექტურობის ხარჯზე თუ ამცირებენ იმიტომ, რომ ეს ხალხი ისედაც არ სჭირდებოდათ და დირექტივას ელოდებოდნენ"- უთხრა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
ექსპერტის აზრით, საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა 10%-ით შემცირება შედეგს არ მოიტანს.
"პროცესს ძალიან სკეპტიკურად უყურებ, შედეგი არ იქნება, სამაგიეროდ გაჩნდება სოციალური რისკის შემცველი ჯგუფი. და ეს პროცესი რთულად სამართავი იქნება. წარმოიდგინეთ, 10 კაციდან 1 სახლში უნდა წავიდეს, თან დღევანდელ სოციალურ პირობებში. მე მოლოდინი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო ტალღაც მოჰყვება, რადგან რა კრიტერიუმით ათავისუფლებენ ამ ხალხს ცოტა ბუნდოვანია. საბოლოო ჯამში ეკონომიასაც ვერ გააკეთებენ. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, წინასწარ პროცენტის დასახელება არასწორია, რადგან ზოგიერთ უწყებაში ერთი კაცის წასვლა შეიძლება სამინისტროს ძვირად დაუჯდეს, ან იყვნენ ისეთები უწყებები სადაც 50 - ზე მეტი კაცი გასაშვებია. ჩვენ უნდა გავცეთ დირექტივა, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს, პროფესიონალიზმის კრიტერიუმით, ისე რომ სისტემამ ეფექტურობა არ დაკარგოს"- თქვა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ ადამიანების გათავისუფლება მთავარი პარამეტრი არ არის.
"იქ არის მიმოქცევის ხარჯები, მაგალითად რატომ არ შეიძლება ჯიპებიდან ეკონომიურ მანქანებზე გადაჯდნენ? - ეს ხომ სერიოზული ეკონომია იქნება. დამერწმუნეთ იმაზე ნაკლები არ იქნება ვიდრე კადრების შემცირებაა. გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ხარჯებზეც შეიძლება მსჯელობა. თითქმის ყველა უწყებას აქვს გადახარჯვა, სამივლინებო ხარჯების შემცირებაც შესაძლებელია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ,,პაეზტკას" ემსგავსება. იქნებ იქ ვეძებოთ რეზერვი და არა ისედაც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის სამსახურიდან გაშვებაში"- განმარტა "ნიუპოსტთან" გია ხუხასვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






