თუ „უფასო ჯანდაცვის“ სეკვესტრს იმასაც დავუმატებთ, რომ საბუჯეტო ორგანიზაციებში ჯამაგირი არათუ ათი პროცენტით შემცირდება, არამედ, სახელმწიფო სტრუქტურების, ძირითადად, ქვედა რგოლებში დასაქმებულებს, „ქამრების შემოჭერის“ საბაბით, სამსახურებიდან გაყრიან, ნათელი გახდება, რომ „მეოთხე საუკეთესო წელი“ კი არა, არამედ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მეორე „კრუგზე“ წასვლის შემდეგ, საქართველოში ცხოვრება თანდათან „ოთუზბირი“ ხდება. ამის მიუხედავად, მმართელი გუნდი ჯიუტად ამტკიცებს, ყველაფერი კარგადაა და ლარის დავარდნა თუ სხვა სოციალური პრობლემები, უბრალოდ, „შოკუნიებია“, რასაც მედიისგან შექმნილი აჟიოტაჟი იწვევსო.
კარგი, ბატონებო, დავუშვათ, ყველაფერში დამნაშავეები მართლაც, ჩვენ, ჟურნალისტები ვართ, მაგრამ თქვე მამაცხონებულებო, ქართული ანდაზა მაინც არ გაგიგიათ? - ბრმამ არ დაიჯერა, ცოლი რომ მოუკვდა და უთხრეს, ღამე, გვერდით, რომ აღარ დაგიწვება, მაშინ მაინც ხომ დაიჯერებო. ჰოდა, თვალები დავიბრმავეთ და ყურებიც დავივსეთ, მაგრამ აი, მაგალითად, მაღაზიაში რომ შევალთ და პირველადი მოხმარების გაძირებულ პროდუქტებს ვიყიდით, ან ჯვარი გვწერია და, მინიმუმ, აპენდიციტის ოპერაცია დაგვჭირდება და ეს თქვენი სანაქებო „უფასო დაზღვევა“ რომ აღარ შეგვეხება, რა ვქნათ, „დეზინფორმატორ“ „რუსთავი 2“-ს ვაგინოთ თუ თქვენ, პატივცემულო „ოცნებელო“ ჩინოვნიკებო?
ისე, ძვირფასო „ოცნებავ“, ეს „შავი პარასკევი“ არ გაგითენდებოდა, თავის დროზე ცხონებული კახა ბედუქიძესთვის რომ დაგეჯერებინა, რომელიც გიხსნიდა, „საყოველთაო ჯანდაცვა“ ჩვეულებრივი პოპულიზმია და არ შეიძლება, სახელმწიფო სხვასაც უფასოდ მკურნალობდეს და მეცო. ჰოდა, თქვე კაიდედმამიშვილებო, ახლა მაინც გამოდით და ზრდილობისთვის თქვით, ოთხი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში პირველად მოვედით, სიხარულისგან რეტი დაგვესხა და ბევრი შეცდომა დავუშვითო. იცით, ეს რატომ უნდა გააკეთოთ? - იმიტომ, რომ ხალხი შეცდომებს უფრო ადვილად პატიობს, ვიდრე - ტყუილსა და ზღაპრებს!
ახლა, დიდაქტიკას თავი დავანებოთ და კონკრეტიკაზე გადავიდეთ. კონკრეტიკა კი ისაა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვას“, რეალურად, ბევრი ხარვეზი აქვს. ავიღოთ, მაგალითად, ის, რომ ძალიან ხშირად კლინიკები ამა თუ იმ დაავადებას ქრონიკულად „ასაღებდნენ“, არადა, სინამდვილეში, ეს კონკრეტული დაავადება ქრონიკული კი არა, გადაუდებელია და შესაბამისად, სახელმწიფოსგან დეკლარირებული საყოველთაო დაზღვევით უნდა დაფინანსდეს. ამას გარდა, ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როცა პაციენტს მხოლოდ ერთ დაავდებაზე სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ჰიპოკრატეს მიმდევრები „აბოლებდენ“, გინდა თუ არა, მეორე დავადებაზეც უნდა იმკურნალოო. ეს ყველაფერი კი, როგორც „ნიუპოსტს“ უთხრეს, შეიძლება, კორუფციის ერთგვარი წყარო იყოს.
„კონკრეტკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ კლინიკა, სადაც დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ გადაუდებელი ოპერაცია გავიკეთე, პრესტიჟულად და წარმატებულად ითვლება. ექიმთან ჩვეულებრივი კონსულტაციისთვის მივედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ოპერაციას მაშინვე არ გავიკეთებდი, ჩემი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყეოდა. პირველი, რაც ვიკითხე, ის იყო, თუ რა დამიჯდებოდა ოპერაცია, მაგრამ დამამშვიდეს, ბევრი-ბევრი 200 ლარის გადახდა მოგიწიოს, რადგან დანარჩენ თანხას, „უფასო დაზღვევის“ ფარგლებში, სახელმწიფო დაფარავსო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „უფასო დაზღვევაში“ ვერ მოვხვდი, რადგან კლინიკაში „სასწრაფომ“ კი არ მიმიყვანა, არამედ, ჩემი ფეხით მივედი. ასე რომ, დაახლოებით 1500 ლარი ვალად დამედო. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა - ოპერაციის მეორე თუ მესამე დღეს, პალატაში ჩემი მკურნალი ექიმი შემოვიდა, რომელსც თან სამი უცნობი მამაკაცი ახლდა. ჯერ ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობდნენ, მერე კი მითხრეს, შენი თირკმელი გათიშულია, კრეატინინი აწეული გაქვს და სასწრაფოდ ინტენსიურ განყოფიელბაში უნდა გადაგიყვანოთ, სადაც ე.წ. დროებით დიალიზსს გაგიკეთებთო. მაშინვე ვიკითხე, ანალიზები არ აგიღიათ და როგორ მიხვდით, რომ თირკმელი გათიშული მაქვს, ან კრეატინინი მომატებული-მეთქი? ჩემმა მკურნალმა ექიმმა თავი ჩაღუნა, მისმა სამი თანმხლებიდან ერთ-ერთმა კი მითხრა, შენ პაციენტი ხარ და რასაც გეტყვით, ისე უნდა მოიქცეო. მოკლედ, დიდი ომი გავმართეთ და, ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ინტენსიურში არ გადავედი, თუმცა დავინტერესდი, ასე უცებ რატომ „დამამძიმეს“ და აი, რა გავარკვიე: მე კი მითხრეს, „საყოველთაო“ არ გეხებაო, მაგრამ ჩემი ოპერაციის ხარჯები, თურმე, მაინც სახელმწიფოს წაართვეს. „ინტენსიურში“ კი იმიტომ გადავყავდი, რომ ეს პროცედურაც, თურმე, „უფასო ჯანდაცვით“ ფინანსდებოდა და უნდოდათ, სახელმწიფსგან ფული დამატებით მიეღოთ,“ - უყვება „ნიუპოსტს“ ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებდა, მაგრამ ვინაიდან კლინიკამ მოლაპარაკება შესთავაზა, ანუ სთხოვა, ოღონდ ეს ამბავი არ გაახმაურო და თეთრსაც არ გადაგახდევინებო, სასამართლოს აღარ მიმართა.
„ვიჩივლებდი, მაგრამ ჩემი მკურნალი ექიმი შემეცოდა - მართლაც, კარგი ადამიანია და კლინიკის ხელმძღვანელობა, შევატყვე, ყველფერს მას დააბრალებდა,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ რესპოდენტი.
რაც შეეხება ე.წ. „გადაუდებელ“ მკურნალობას, როგორც აღვნიშნეთ, „საყოვლეთაო ჯანდაცვა“ მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვისაც კლინიკაში „სასწრაფო“ მიიყვანს, მაგრამ როგორც „ნიუპოსტს“ ამ ბიზნესში გარკვეული ადამიანები უხსნიან, სასწრაფოები ცალკეულ კლინიკებთან არიან შეკრულები და პაციენტს, ვთქვათ, კუჭის რომ სტკიოდეს, პროფილურ საავადმყოფოში კი არა, მაინცდამაინც ჩვეულებრივ „ემერჯენსში“ გადაიყვანს, სადაც ავადმყოფს 24 საათი გააჩერებენ და მერე, პროფილურ დაწესებულებაში ამისამართებენ.
„ეს მავნე პრაქტიკა ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროს დაინერგა. ამას გარდა, ისიც მაშინდელი პრაქტიკა, რომ „ემერჯენსი“ ერთ ჩვეულებრივ ოთახში გაიხსნას, არადა, პროფესიული „მიმღების“ ფუნქციონირებისთვის ძალიან სოლიდური თანხაა საჭირო. მოკლედ, ხელისუფლებაში „ოცნება“ რომ მოვიდა, სამედიცინო ბიზნესით დასაქმებულმა ადამიანებმა სერგეენკოს სთხოვეს, რომ ამ კუთხით ცვლილებები გაეტარებინა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ - ის, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა, ამათაც გააგრძელეს. უბრალოდ, ის შეცვალეს, რომ ერთ ოთახში გახსნილი კუსტარული „ემერჯენსები“ კი არ გააქუმეს, არამედ, მათ მეორე კატეგორიის სტატუსი მიანიჭეს. „უფასო დაზღვევის“ ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული - სახელმწიფოს კლინიკების მიმართ სერიოზული დავალიანება აქვს, მაგრამ თვეობით ვერ უხდის. შესაბამისად, ხელფასს ვერც მედპერსონალი იღებს,“ - უყვება „ნიუპოსტს“ ერთ-ერთი წყარო, რომელიც, სხვათა შორის, მომხრეა, რომ „უფასო ჯანდაცვა“ ყველას კი არა ეხებოდეს, არმედ, ამ სერვისით მარტო ისინი სარგებლობდნე, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, შიმშილის ზღვარზე არიან, თუმცა ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე, ალბათ, მალე მთელი ქვეყანა შიმშილობას დაიწყებს. რამდენიმე ათეული ოჯახი კი ქართულ კლინიკებში მისვლას, როგორც ამბობენ, არც აქამდე კადრულობდა და არც ამის მერე იკადრებს!
მოკლედ, არსებული ინფორმაციით, მილიონნახევრამდე ადამიანი, ანუ ისინი, ვისაც კერძო დაზღვევა აქვთ, „უფასო ჯანდაცვით“ ვეღარ ისარგებლებს, მაგრამ აქამდე „სახელმწიფო დაზღვევაზე“ ყველაზე ვრცელდებოდა. ესე იგი, კერძო სადაზღვევო კომპანიების კლიენტებსაც მაინც სახელმწიფო აფინანსებდა. მაშინ, უბრალოდ, საინტერესოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ადამიანებისგან დაზღვევის ფულს რატომღა იღებდნენ? ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს შორის ჩრდილოვანი ფინანსური გარიგება არსებობდა, ანუ იმ თანხას რომელსაც სახელმწიფო კერძო კომპანიასი დაზღვეულის მკურნალობაში იხდიდა, კერძო მზღვეველებსა და ამა თუ იმ თანამდებობის პირს შორის ნაწილდებოდა? „ნიუპოსტი“ არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, კითხვას სვამს და კარგი იქნება, თუ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან...
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






