არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკურ რეალობა უკვე სახეზეა.
თუ 2012 წელის არჩევნებისას ქართველმა ამომრჩეველმა ზუსტად იცოდა, რომ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა უნდა დასრულებულიყო, 4 წლის თავზე მოსახლეობის დიდნა მაწილმა ივანიშვილის გუნდს უარი უთხრა, თუმცა არც „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. (2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 60% მიიღო რაც 2197243 ამომრჩეველი შეადგინა. 2016 წელს კი არჩევნებზე 1 814 276 ადამიანი მივიდა რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 51.63%-ია)
„ნიუპოსტი“ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ამინდზე ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
რუბრიკა „პოზიციის“ სტუმარი განმარტავს, რატომ აწყობს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ინაშვილის და თარხან-მოურავის პარტა.
ლაგაზიძე მოცემულ პერიოდში მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან ექსპერტის აზრით „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი უკვე ჩამოერთვა...
"ნიუპოსტი": როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ რეალობას?
- პარლამენტში ძალიან საინტერესო პოლიტიკური სამკუთხედი მივიღეთ, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ კი პოლიტიკური სიცოცხლე აღარ არსებობს. რაც შეეხება საპარლამენტო სამკუთხედს, (ცენტრში განლაგებულია "ქართული ოცნება" ფლანგებზე კი "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი") ამ მოცემულობაში სამივე მათგანს ერთმანეთი ძალიან აწყობს. დავიწყოთ "პატრიოტთა ალიანსით", რომელიც ხელსაყრელი, მყარი პარტნიორია როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის" ასევე "ქართული ოცნებისთვის", იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მარგინალიზაცია ძალიან იოლია. თუ ამას როგორც ერთი, ასევე მეორე პოლიტიკური პარტია მოისურვებს. მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის "პატრიოტთა ალიანსი" კარგი იარაღი შეიძლება იყოს ენმ-სთან საბრძოლველად, ხოლო ნაც.მოძრაობისთვის ხელსაყრელია იმდენად, რამდენადაც როგორც გითხარით, ერთის მხრივ მისი მარგინალიზაცია იოლია და ამასთან ის ამ ეტაპზე ავსებს იმ ფლანგს, რომელიც აქტუალურია დასავლეთში - ანუ ის ტრენდი, რომელსაც დღეს დასავლეთში მოჰყავს ახალი ტიპის პოპულისტი თუ ულტრანაციონალისტი პრეზიდენტები (დაწყებული ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებით დამთავრებული). ეს ტრენდი რომელიც უკავშირდება სწორედ კონსრერვატიზმისა და მემარჯვენეობის, ტრადიციული ღირებულებების აღორძინებას ამ ტრენდს საქართველოში სწორედ "პატრიოტთა ალიანსი" აზის, რაც ამ ტიპის ამომრჩევლის ზრდის პერსპექტივებს თავისთავად აკონსერვებს. ეს არის ის ძირითადი მაჩვენებელი, რის გამოც ეს პარტია ორივე პოლიტიკურ ძალას სჭირდება.
- "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არ არის სიმშვიდე, პარტიაში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, ერთი ნაწილი ყოფილ პრეზიდენტისგან გამიჯვნის მომხრეა... საუბრობენ იმაზეც რომ ბოკერიას ფრთამ შესაძლოა პარტია უახლოეს პერიოდში დატოვოს...
- დღეს "ქართული ოცნება" რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი. ეს საზოგადოების პრობლემაა, თუმცა ოპოზიციის არყოლა ყველაზე დიდ პრობლემას ხელისუფლებას უქმნის.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ის პროცესები რაც ხდება ენმ-ში მაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ცენტრის ადგილი არის თავისუფალი. თუ ამ წლების განმავლობაში მოსახლეობა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე საუბრობდა და ელოდა, დღეს შეიქმნა რეალობა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება მარტივ მამრავლებად დაიშალოს, ყოველ შემთხვევაში შიგნით ძალიან მძიმე პროცესები მიდის.
პარტიაში მიმდინარე პროცესები ერთგვარ რინგს დაემსგავსა. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება და თუ სააკაშვილი საბოლოოდ გავა ქართული პოლიტიკიდან, მეორე პოლიტიკური ძალის ადგილი ვაკანტური იქნება. ეს ერთგვარად დადებითი მოლოდინებს გააჩენს, თუმცა ,,ქართულ ოცნებას" ხელიდან ეცლება ის მთავარი პოლიტიკური მანიპულაციის ბერკეტი რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში მისთვის "ნაციონალური მოძრაობა იყო". ნებისმიერი რეალური მწვავე თემა სოციალური თუ ეკონომიკური, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აიწეოდა მმართველ ძალას საშუალებას აძლევდა, ეთქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება წარმოადგინოს საზოგადოება, შესაბამისად, ეს თემა კვდებოდა. მაგრამ "ნაციონალები" მყარად იკავებდნენ მეორე პოლიტიკური ცენტრის ადგილს. მართველობის 4 წლის მანძილზე ყველა არჩევნებზე სასურველი შედეგები, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოოძრაობის" წყალობით მიიღო. კერძოდ, "ოცნება" გამუდმებით ქმნიდა, ისეთ განწყობას რომ "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხე იყო და ამით იღებდა სასურველ შედეგს.
თუ "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოიშლება, ეს მეორე პოლიტიკურ ძალის ფლანგს გამოათავისუფლებს და ოცნებას მანიპულაციის შესაძლებლობაც გამოეცლება ხელიდან. თავის შეცდომებს ის წინა ხელისუფლებას ვეღარ შეახოცავს და ვერც საფრთხობელას როლს შეასრულებინებს ვერავის.
ზოგადად საფრთხობელის ძიება, პოლიტიკური სივრცისთვის, განსაკუთრებულად წინასაარჩევნოდ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს საფრთხობელა ქართული რეალობიდან გამომდინარე ხან რუსეთია, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი ამ როლს ნაციონალური მოძრაობა ასრულებდა. გახსოვთ გამონათქვამები "მიშა მოდის - მგელი მოდის და სხვა".
"ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშლა იმიტომ არის ცუდი, რომ მმართველი პარტია რჩება შეცდომების შემაკავებელი ოპოზიციური სეგმენტის გარეშე. ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპოზიციურ სეგმენტს სხვა ყველაფერთან ერთად ხელისუფლებისგან შეცდომის დაშვების დამზღვევის ფუნქციაც აქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში "ქართულ ოცნებას" შემომლაწუნებელი აღარ ეყოლება. რაც აჩენს ძალიან დიდ საცდურს, რომ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვას, და შესაბამისად საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი აიკრიფოს.
- 11 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, როგორია თქვენი პროგნოზი?
- მიუხედავად უმძიმესი სოციალური ფონისა, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტზე ფასების ზრდისა, საქართველოში ამ ფონის გამომყენებელი პოლიტიკური ძალა არ არსებობს. პოლიტიკური ძალები ფაქტობრივად არ არსებობენ.
იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტი სწორ სადინარში მიუშვა, მარტო საზოგადოების პროტესტი არ კმარა, საჭიროა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პროტესტს კვალიფიციურად გამოიყენებს, საზოგადოების მხრიდან ნდობა ჰქონდეს. ამომრჩეველმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის საკმარისად კვალიფიციური, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით დაგროვილი პრობლემები გადაჭრას. ეს ძალა საკმარისად ენერგიული უნდა იყოს, რომ ამ საპროტესტო მუხტს შედეგამდე მიიყვანოს. ასეთი ძალა კი სამწუხაროდ ქვეყანაში არ ჩანს.
- "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ივანიშვილი ახალი პარტიის შექმნას აპირებს, ყოფილ პრემიერთან დაახლოებული პირი გვიყვება იმასაც რომ „ოცნება“ თბილისის მერად ლაშა აბაშიძისა და ბექა ოდიშარიას კანდიდატურებს განიხილავს...
- ცალკე თემაა ნარმანიას ალტერნატივები მერის პოსტზე - ოპოზიციის კანდიდატი რომ არჩევნებზე მერად ვერ მოგვევლინება, ეს ცხადზე ცხადია. ის, რომ ნარმანიას შემცვლელს ხელისუფლება ეძებს ეს ლოგიკურია.
რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნას, ამ წლების მანძილზე არაერთი პოლიტიკოსი, პარტია თუ დაჯგუფება სთავაზობდა ბიძინა ივანიშვილს ალტერნატიული ძალის შექმნას, რაზეც ყოფილი პრემიერი არ წავიდა. ის რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს ოპოზიცია შეუქმნას, ამის საჭიროება არ დგას. თუმცა, ის, რომ რეალური ოპოზიცია უნდა შეიქმნას და დარწმუნებული ვარ შეიქმნება, ცხადია. არ შეიძლება ცარიელი ადგილი არ შეივსოს. არ არსებობს საპროტესტო განწყობა უპატრონოდ დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






