სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ასეთი განაჩენი გამოტანილი იქნა იმის გამო, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში სამხედროების უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიკრი იიშიკმა საბერძნეთს შეახსენა, რომ საბერძნეთი თურქეთის მსგავსად ნატოს წევრია, ამიტომ ანკარა იმედოვნებს, რომ საბერძნეთის ხელისუფლება მათ გაქცეულ სამხედროებს გადასცემს.
დღეს საბერძნეთის სასამართლო კიდევ 5 სამხედროს ექსტრადირების საკითხს განიხილავს.
ივლისში საბერძნეთის ხელისუფლებამ 8 თურქ სამხედროს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდო ბრალი. თურქეთიდან გაქცეულმა სამხედროებმა საბერძნეთში ვერტმფრენით ჩააღწიეს. თურქი სამხედროების ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არ მონაწილეობდნენ და საბერძნეთში მხოლოდ მას შემდეგ გაიქცნენ რაც თურქულმა პოლიციამ მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას თურქეთში 15-16 ივლისს ქონდა ადგილი, რის შემდეგაც ქვეყანაში 50 ათასამდე ადამიანი იქნა დაკავებული და სამსახურებიდან გათავისუფლებული. სამხედროებისა და პოლიციელების გარდა, ამ ადამიანებს შორის აღმოჩნდნენ მასწავლებლები, უნივერსიტეტის ლექტორები და ჟურნალისტები. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ისინი სხვადასხვა სახით ჩართულნი იყვნენ გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.
მასალის გამოყენების პირობები






